თუ ზიანს აანაზღაურებენ, ბრალს აღიარებენ, პატიმრობას შევუცვლით – კეკელიძის საქმის პროკურორი

აღსრულების ბიუროს მანქანის დაზიანებისთვის კეკელიძეზე დაკავებული აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას საქმის პროკურორის, როინ ხინთიბიძის თქმით, თუ ბრალდებულები მიყენებულ ზიანს აანაზღაურებენ და ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ, პროკურატურა მზადაა, რომ მათ პატიმრობა სხვა უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეუცვალოს.
“მოცემულ შემთხვევაში, ყველა ის გარემოება, რაც ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნას საფუძვლად დაედო, კვლავ ძალაშია. გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მიმართ ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა სხვა არაერთ გარემოებასთან ერთად, იმის გამო მოითხოვა, რომ მათ ზიანი ანაზღაურებული არ ჰქონდათ და ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებენ. ასევე, არ აცნობიერებენ ქმედების ხასიათს.
იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულები მიყენებულ ზიანს აანაზღაურებენ და ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ, ბრალდების მხარე მზადაა, რომ მათ მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა სხვა უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეიცვალოს”. – თქვა პროკურორმა რუსთავი 2-თან საუბარში.
23 იანვარს ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პარალელურად, კეკელიძის ქუჩაზე მოქალაქეები შეიკრიბნენ და აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ. ადგილზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იყო. -ს ცნობით, 20 პირი დააკავეს, 18 ადმინისტრაციული წესით, 2 კი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას 25 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
დაკავებულების ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართეს.