მედია: 33-წლიანი ურთიერთობის აშენება “ნულიდან”? რა გზავნილები ჩამოაქვს დეპუტატების დელეგაციას ვაშინგტონიდან

ქართველი დეპუტატების დელეგაციას ვაშინგტონიდან თბილისში -ის სახელმწიფო დეპარტამენტის უცვლელმა მესიჯმა ჩამოასწრო – მოელის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კონკრეტულ ნაბიჯებს ურთიერთობებში „სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად”.

დელეგაცია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის – ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, აშშ-ში „სუვერენულ ერთა ალიანსის“ დამფუძნებელ კონფერენციაზე – მემარჯვენე ძალების – შეკრებაზე იყო მიწვეული. კონფერენციამდე მათ შეხვედრები გამართეს სახელმწიფო დეპარტამენტის, თეთრი სახლის და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებთან.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ “ქართული ოცნებისა” და მისი განაყოფის – „ხალხის ძალის“ დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი, ლიკა შარტავა, ეკა სეფაშვილი.

ანტიდასავლური კრიტიკით გამორჩეულმა „ხალხის ძალამ“ დაფუძნებისას, 2022 წლის 26 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ ქვეყნის მთავარი პარტნიორის – აშშ-ის საელჩო საქართველოს „ხელისუფლების გადასატრიალებლად ყველაფერს იკადრებს“.

„ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა“ – თბილისიდან ჩასული დელეგაციის ერთ-ერთი მთავარი მესიჯი იყო.

ვაშინგტონმა საქართველოსთან 2009 წელს ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მოქმედება საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2024 წლის ნოემბრის ბოლოს შეაჩერა: “„ქართული ოცნების სხვადასხვა ანტიდემოკრატიული” ქმედებების გამო, რამაც დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები“- ეწერა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

“ძალიან პრაგმატულია ჩვენი შეხვედრები, რომლებიც ეხება უშუალოდ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის არათუ აღდგენას, არამედ თვისებრივ გაუმჯობესებას. სრულიად ახალი ფურცლიდან დაწყებას, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტულ შედეგებზე”, – განაცხადა მარიამ ლაშხმა, 5 მარტს, ამერიკელ კანონმდებლებთან შეხვედრის შემდეგ.

დელეგაციის წევრები ძირითადად ყურადღებას ამახვილებენ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე – ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, რომ “მომავალი ეკონომიკური ერთობლივი პროექტების განვითარება” საფუძველს ჩაუყრის “უფრო მტკიცე პოლიტიკურ ურთიერთობებს”.

ვრცლად