: 1953 წლის 5 მარტს მოკვდა სტალინი და მოკვდა პროკოფიევიც. სტალინის დაკრძალვაზე ასობით ადამიანი დაიღუპა გაგუდვისა და ჭეჭყვისგან…

მწერალი :
1953 წლის 5 მარტს მოკვდა სტალინი და მოკვდა პროკოფიევიც. სტალინის დაკრძალვაზე ასობით ადამიანი დაიღუპა გაგუდვისა და ჭეჭყვისგან, გვამებს პირდაპირ პირველი სართულების ფანჯრებში ყრიდნენ ჯარისკაცები. პროკოფიევისთვის არც სამგლოვიარო გვირგვინები დარჩა, არც მის დაკრძალვაზე მიმსვლელი და არც ქუჩა, რომ სასაფლაომდე წაეღოთ. დაუჯერებელია: რამდენიმე სტუდენტმა, თითქოს ბულგაკოვის ვოლანდის ამალის მისტიკური უნარით, სახურავებით გადაიტანა მისი ცხედარი. თბილისიდან სტალინის გახევებულ ფეხებთან მისაწყობი ყვავილებითა და გვირგვინებით დატვირთული თვითმფრინავი აფრინდა, სადაც ერთადერთი მგზავრი ეჯდათ – პიანისტი რიხტერი, რომელსაც მიხაკების სუნისა და სტალინის სიძულვილი უნდა გადაეძლია და სამგლოვიარო მუსიკა დაეკრა აუტანელი გვამის პანაშვიდზე. რიხტერმა ნახევრად აკრძალული პროკოფიევი დაუკრა, რადგან ბოროტი გვამი ვეღარავის დასჯიდა ამისთვის. ყველგან ბღაოდნენ და ქვითინებდნენ, როგორც წესი და რიგია, მაგრამ მაშინ სკოლის მოსწავლე პოეტ ბროდსკის, რომელიც ასევე ტირილით მისულა სახლში, მამამ თვალი ჩაუკრა და ამით მიახვედრა, რომ ამ ხალხის ცრემლების სერიოზულობის დაჯერება არ ღირდა. ტიროდნენ საკუთარ თავებს და არა იმდენად ტირანს. ბაბუაჩემი მიყვებოდა, როგორ ნახა მავზოლეუმში სტალინისა და ლენინის გვამი 1957 წელს, და – სტალინის მუმია ლენინისაზე ბევრად დიდი იყოო, თქვა, მაგრამ 1961 წელს ეს მუმიაც გამოიტანეს მავზოლეუმიდან და უკან, კრემლის კედელთან დაფლეს, გამოტანის ოპერაცია კი გენერალ ვასილ მჟავანაძეს დაავალეს სხვებთან ერთად, ვისაც თურმე არაფრით შეეძლო ამის გაკეთება და მთელი ღამე აივანზე გაუტარებია, რათა ფილტვების ანთებას აეცილებინა ამ მკრეხელობისგან. გარუსებული ქართველი იდიოტი იმ ღამეს მართლაც გრიპს გადაურჩენია – სტალინი რუსებმავე დაფლეს შუაღამისას. მე მომწონს ისტორიკოს ავტორხანოვის ვერსია, რომ სტალინის ორეულებიც 5 მარტს დახოცეს, მაგრამ მისი ისტორიული ორეულები – აღარ. ახლა მას ისევ მიწიდან იღებენ. ჩაკლული ისევ ამოძრავებს ტარაკნის ულვაშებს (ჩაკლული სულიო – რობაქიძემ, დემონად რომ ჰყავს სტალინი თავის რომანში… მანდელშტამს კი სიცოცხლედ რომ დაუჯდა ტარაკნისა და მისი შედარება), “ტარაკანა” რუსულ-მართლმადიდებლურ ნიმბს იდგამს კეფაზე და “რუსული სამყაროს” შხამს უშვებს იმ ძალად გაციებული ქართველი იდიოტის მსგავსთა მისაზინად – აი, თუ სტალინი დიდი ქართველი იყო, არც რუსეთია უცხოო.
თვითმფრინავის ყვავილებით აქოთებულმა რიხტერმა კი როგორი იმედით, ჩაქუჩივით ურტყა მის კუბოს პროკოფიევის მე-7 სონატით…
ჩვენ როდის მოვკლავთ სტალინს?