ნიუ-იორკში რეგისტრირებული იურიდიული ფირმა IK Law Office-ის თანადამფუძნებელს, იურისტ ეკატერინე ეგუტიას დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელების გეგმა – შექმნან საკუთარი „იმედის ბანკი“ არასერიოზულად მიაჩნია.
“თავიდან მეგონა, რაღაცა არასწორი ინფორმაცია, “ტროლინგი” ან ხუმრობა იყო“, – განაცხადა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ეკატერინე ეგუტიამ, რომელიც 2015-2018 წლებში ის “თიბისი ბანკში” მთავარი იურისტის პოზიციას იკავებდა.
იურისტის ვარაუდით, საქართველოს ეროვნული ბანკი „იმედის ბანკზე“ ლიცენზიას არ გასცემს, რადგან ეს იქნება სანქცირებული პირის მიერ დიდი ბრიტანეთის სანქციებისთვის გვერდის ავლაში დახმარება, რაც მარეგულირებლის დასანქცირების რისკსაც ქმნის და ქართულ საფინანსო სექტორსაც დიდ რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს.
„ოთარ ფარცხალაძისთვის ე.წ. საგამონაკლისო ბრძანება კი გაუტარეს, მაგრამ სანქცირებულ პირს მისცე უფლება, საფინანსო ინსტიტუცია შექმნას და აწარმოოს საბანკო გადარიცხვები [თუნდაც] რუბლსა და ლარში, წარმოუდგენელია და უდიდესი რისკია ქვეყნისთვის“, – განაცხადა ეკატერინე ეგუტიამ.
არის თუ არა შესაძლებელი, კომპანიები ბრიტანულ სანქციებს საკუთარი ბანკის შექმნით გაექცნენ? რა რისკები შეექმნება ქართულ საფინანსო სისტემას თუ ეროვნული ბანკი “იმედის” ბანკზე საბანკო ლიცენზიას გასცემს და აღმოჩნდებიან თუ არა “იმედის” ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში ქართული ბანკები და ასევე კომპანიები მეორადი სანქციების რისკის ქვეშ? – ამ და სხვა კითხვებს IK Law Office-ის დამფუძნებელმა „წერტილთან“ ინტერვიუში უპასუხა.
ინტერვიუ ეკატერინე ეგუტიასთან
– რამდენად რთულია ან შეუძლებელი, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული კომპანიები, ამ შემთხვევაში კი ტელეკომპანია „იმედი“, სანქცირებით გამოწვეულ პრობლემებს საკუთარი ბანკის შექმნით „დაემალოს“?
– ბრიტანული სანქციები ძალიან სერიოზულია. ეს ნიშნავს არა მხოლოდ ბრიტანულ ფუნტში ტრანზაქციების აკრძალვას, არამედ ამ სანქცირებულ პირთან ნებისმიერი ისეთი გარიგების დადებას, რომელიც სანქციებისთვის თავის არიდებას ითვალისწინებს. მათ შორის, თუ რაიმე აქტივი გააჩნიათ ბრიტანეთში ან ბრიტანეთის შემადგენლობაში შემავალ კუნძულებზე (მოგეხსენებათ, არსებობს უამრავი კუნძული, ე.წ. ოფშორები, სადაც ამ კომპანიას, მის მფლობელებს ან დაკავშირებულ პირებს შეიძლება ჰქონდეთ აქტივები), ეს ყველას შეეხება. ანუ მათ ეკრძალებათ ყოველგვარი ტრანზაქცია ფუნტ სტერლინგში, თუმცა პრაქტიკაში ყველა ბანკი ამ სანქციებს ფართო მასშტაბით აღასრულებს – ეს არ ეხება მხოლოდ ფუნტ სტერლინგს, არამედ ყველა სხვა საერთაშორისო ვალუტას, ძირითადად ევროსა და დოლარს. ამ სანქცირებული პირისთვის გადარიცხვები წარმოუდგენელი იქნება.
რაც შეეხება ბანკის დაფუძნებას, სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ ეს იყო რაღაც სიცრუე ან „ტროლინგი“ – თითქოს სანქცირებული პირი აფუძნებს ბანკს. ჯერ ერთი, გააჩნია, ვინ დააფუძნებს ამ ბანკს. ეროვნული ბანკის განმარტებაშიც წერია, რომ „განვიხილავთ“. კი, წერია, რომ განიხილავენ – მეც რომ შევიტანო განაცხადი, ეროვნული ბანკი ვალდებულია განიხილოს, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად დააკმაყოფილებს მას. იმიტომ, რომ გარდა იმისა, რაც თქვენ შესავალში თქვით (თუ რა მოთხოვნები აქვს ლიცენზირების განმცხადებელს), იქ არის მოთხოვნა მფლობელებისა და, განსაკუთრებით, ბენეფიციარი მფლობელების შესახებ სრული ინფორმაციის წარდგენაზე. ეს პირები არ უნდა იყვნენ სანქცირებულნი ან რაიმე კუთხით დაკავშირებულნი დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის ან ევროპული სტრუქტურების სანქციების სიებთან. ასეთ პირზე, არა მგონია, ეროვნულმა ბანკმა ლიცენზია გასცეს.
– დავუშვათ, მოძებნეს შედარებით „სუფთა“, მაგრამ როგორც ფინანსისტმა ნიკა შურღაიამ თქვა წინა „წერტილში“, ვერცხლისმოყვარე ადამიანები, რომლებიც წავიდნენ ამ რისკზე…
– ანუ ის პირი უნდა იყოს ვინმე ისეთი, ვინც არ არის დასანქცირებული ან დაკავშირებული სანქირებულ პირთან… „იმედის“ ჰოლდინგი და ა.შ. ვერ იქნება დამფუძნებელი, რადგან სანქცირებული პირია და, რაკი ამ სიაშია, მით უმეტეს, საფინანსო დაწესებულებას ვერ დააფუძნებს. ან მიიღებს მხოლოდ რაღაც ვიწრო შესაძლებლობას ლარში გადარიცხვებისთვის. აი, რუსეთში ყველა ბანკი სანქცირებულია, „სვიფტი“ (SWIFT) გათიშული აქვთ და დოლარში ვერანაირ საერთაშორისო ტრანზაქციას ვერ ახორციელებენ, მაგრამ ქვეყნის შიგნით აქვთ თავისი „სვიფტი“, ასე ვთქვათ – რუბლებში გადარიცხვა, იქ ნაღდი ფულითაც მოძრაობს თანხები და შიდა გადარიცხვის სისტემაც არსებობს. აქაც შესაძლებელია მსგავსი რამ, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა დავსანქცირდებით და სხვა ბანკებსაც არ ექნებათ სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ შიგნით, ლარში, ურთიერთგარიგებების საფუძველზე მოახდინონ კონვერტაციები. ეს არ არის ნორმალური პერსპექტივა საქართველოში მოქმედი არცერთი ბანკისთვის, მათ შორის ლონდონის ბირჟაზე დალისტული ბანკებისთვის – მათთვის ეს რისკი უმაღლესი დონისაა და საერთოდ არც ანგარიშებს გაუხსნიან…
– ფაქტობრივად, კომერციულ ბანკებს არაფერი უთქვამთ, მაგრამ რადგან „იმედი” საკუთარი ბანკის შექმნას აპირებს, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არცერთმა ქართულმა ბანკმა, მათ შორის არც „ლიბერთი ბანკმა“ და არც „ქართუმ“, არ ისურვა სანქცირებულ კომპანიასთან თანამშრომლობა…
– საქმე ის კი არ არის, რომ მაგალითად, „თიბისიმ“ ან „საქართველოს ბანკმა“ არ ისურვეს, არამედ არსებობს კონკრეტული რეგულაციები, რომლებსაც უნდა დაემორჩილო. ერთ სანქცირებულ კომპანიასთან გარიგებით ან მასთან ტრანზაქციების განხორციელებით, უდიდესი რისკის ქვეშ დგება ბანკის რეპუტაცია და საერთაშორისო დონეზე გადარიცხვების უფლებამოსილება. ჩვენ გვაქვს ორი შუამავალი ბანკი დოლარსა და ევროში – „დოიჩე ბანკი“ და „სიტი ბანკი“, სადაც გადარიცხვებს ვაწარმოებთ. ერთ-ერთმა მათგანმაც რომ ჩახსნას გადარიცხვა და ეს აეკრძალოს ბანკს (მათ შორის „ქართუს“, „ლიბერთის“ ან სხვა მცირე ბანკებს), რისკი იმდენად დიდია ამ ერთ კლიენტზე მომსახურების გამო, რომ არცერთ ბანკს, თუნდაც მცირე ზომისას, არ უღირს სრული დასანქცირება.
– მაშინ რას ნიშნავს ტელეკომპანია „იმედის“ განცხადება? თქვენ თქვით, რომ თავიდან ხუმრობა ან ცრუ ინფორმაცია გეგონათ. რატომ – ვერ დაიჯერეთ, რომ სანქცირებული კომპანია აპირებს საკუთარი ბანკის შექმნით “დაემალოს” პრობლემებს?
– თავიდან ეს არასწორი ინფორმაცია ან ხუმრობა მეგონა. არასერიოზულია, როცა სანქცირებული პირი ამბობს: „მოდი, მე თვითონ დავაფუძნებ ბანკს“ – დაახლოებით ამას აკეთებენ. და მერე რა? თვითონ რომ დააფუძნებს, ამით მოექცევა საერთაშორისო გადარიცხვების სისტემაში? ვინ გაუხსნის წვდომას, მათ შორის „სვიფტზე“ და ა.შ.? სავარაუდოდ, თუ ამას მართლა აპირებენ და ეს არ არის ხუმრობა… თუმცა, შეიძლება მართლა ხუმრობაა და ისე გაჟღერდა ეს ამბავი.
– განაცხადეს, უახლოეს რამდენიმე თვეში შევქმნით ბანკსო.
– მაინც ხუმრობა მგონია, მაგრამ თუ მართლა აიღეს ბანკის ლიცენზია, ალბათ იმის იმედი აქვთ, რომ ლარის ტრანზაქციებს განახორციელებენ ანუ საკუთარ ბარათებს დაამზადებენ თანამშრომლებისთვის და ხელფასებს ლარში გასცემენ, რადგან ლარში კონტრაქტები არ ეზღუდებათ.
– ანუ ხელფასებს დაურიცხავენ, მაგრამ…
– ხელფასებს დაურიცხავენ, მაგრამ სხვა ბანკებთან გადარიცხვებსა და გარიგებებს მაინც ვერ აწარმოებენ.
– მაგალითად, ვარ „იმედის ბანკის“ ბარათის მფლობელი. შემიძლია ლარში თანხა გადავურიცხო სხვა ბანკის ბარათის მფლობელს?
– თეორიულად შეიძლება ანუ ლარში, თეორიულად, არაფერი ეკრძალებათ, მაგრამ ბანკებს აქვთ ე.წ. „რისკის აპეტიტი“, რის გამოც ის შენგან არც ლარში მიიღებს ტრანზაქციას და არც – იენში, რადგან შენთან ურთიერთობა არ აწყობს იმის გამო, რომ სანქცირებულთა სიაში ხარ. ბანკს „წითელი აენთო“ და შენთან არანაირი ტრანზაქცია არ უნდა. თეორიულად, ლარში ან რუბლში გარიგებები ამ სანქცირებით აკრძალული არ არის. შეუძლია, რაღაც რუსულ სისტემებსაც მიმართოს…
– ანუ ქართული ბანკები ამ რისკზე არ წავლენ?
– არცერთი ნორმალური ბანკი არ წავა, რადგან რისკი ძალიან დიდია. ახლაც ხედავთ, რომ მათ ყველას ანგარიშები დაეხურათ. ასეთ სანქცირებულ პირებს კი არა, ე.წ. „ნაცრისფერ ზონაში“ მყოფ პირებსაც კი უხურავენ ანგარიშებს – მათ, ვინც არასაიმედო კლიენტია, ან ჯერ არ არის სანქცირებული, მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ დაასანქცირებენ, ან უბრალოდ მათი აქტივობები არ მოსწონთ. ასეთ პირებსაც კი ეხურებათ ანგარიში, არა თუ მათ, ვინც პირდაპირ ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოხვდა.
– ყველას აქვს მოლოდინი, რომ ქართული ბანკები არ წავლენ ამ რისკზე.,მაგრამ მოუწევს თუ არა რისკზე წასვლა ეროვნულ ბანკს? მან კანონის ენით გვიპასუხა, რომ „განვიხილავთ განაცხადს და შევხედავთო“, მაგრამ საერთოდ უნდა განიხილოს თუ არა ასეთი ჰოლდინგის მფლობელების ან მათი მხარდამჭერების განაცხადი, რაც უნდა „გაწიკწიკებული“ იყოს დოკუმენტაცია, როცა საჯაროდ ცნობილია, რომ ეს ბანკი ბრიტანული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად იქმნება?
– წესით, უნდა განიხილოს და უარყოს ასეთი განცხადება; თანაც თუ კანონის ენით გვესაუბრება, მაშინ წესიერად ისწავლოს ეს ენა და ისე უპასუხოს ხალხს. [როცა ამბობენ] „კონსტიტუცია ყველაზე მაღალი და ზემდგომი საკანონმდებლო აქტია“, დიახ, ასეა მაგრამ იქ არ წერია, რომ სანქცირებულ პირებს უნდა დაეხმარო და სანქციებს გვერდი აუარო. პირიქით, „კანონი კომერციული ბანკების შესახებ“ არეგულირებს ამას და კანონის მიხედვით, ბანკებს აქვთ უარის თქმის უფლება. საერთოდ, ახსნა-განმარტების გარეშეც შეუძლიათ დაგიხურონ ანგარიში, რადგან ისინი საერთაშორისო სისტემაში არიან ჩართულნი და ეს სისტემაა მათთვის „გაიდლაინი“, თუ როგორ იმოქმედონ კლიენტებთან მიმართებით. უნდა იცოდე, ვინ არის შენი კლიენტი – ამას KYC (Know Your Customer) ჰქვია – როდესაც შენი კლიენტი სანქცირებული პირია ან მასთან დაკავშირებული, მასთან ტრანზაქცია არ გინდა. გარდა ამისა, ეროვნულ ბანკს აქვს კორპორაციული მართვის მოთხოვნები და სტრუქტურა, სადაც გაწერილია, რა დოკუმენტაციები უნდა ჰქონდეს განმცხადებელს. მაგალითად: ბენეფიციარი მფლობელი უნდა იყოს „სუფთა“, გამჭვირვალე და არ უნდა იყოს სანქცირებული ან სანქციების არიდებასთან დაკავშირებული. ასევე, უნდა გამოიკვლიოს საწესდებო კაპიტალის (50 მილიონი ლარის) წარმომავლობა. მარეგულირებელმა არ უნდა დაუშვას, რომ სანქცირებულმა ან მასთან დაკავშირებულმა პირმა, ვინც სანქციების არიდებას ხელს უწყობს, დააფუძნოს [ბანკი]. ადრე ყოფილა შემთხვევები, როცა ბევრს ეთქვა უარი ლიცენზიაზე (მაგალითად, ერთ-ერთ ჩინურ ბანკს), უბრალოდ იმიტომ, რომ გამჭვირვალობა აკლდათ.
– ვიცით რა, საქართველოში ინსტიტუციების დამოუკიდებელობის ხარისხი და ასევე, გვახსოვს ნათია თურნავას ე.წ. „საგამონაკლისო ბრძანება“, რომელიც ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ გამოსცა… ახლაც რომ იხელმძღვანელოს სებ-ის პრეზიდენტმა კანონის ძალიან ვიწრო ინტერპრეტაციით და მისცეს ლიცენზია „იმედის ბანკს“, რა რისკების წინაშე დააყენებს ეს მთლიანად ქართულ საფინანსო სისტემას და რამდენად არსებობს თავად ეროვნული ბანკის სანქცირების რისკი?
– დიახ, ეროვნული ბანკის [სანქცირების] რისკი არსებობს. მე მგონია, რომ ეროვნული ბანკი ასეთ რამეს არ იზამს, რადგან საფინანსო სისტემა არ არის მხოლოდ ლოკალური გარიგებების სისტემა. ეს არ არის „ჯიხური“; ეს არის საერთაშორისო ტრანზაქციებში ჩართული ინსტიტუტების ერთობლიობა, სადაც ოპერირება საერთაშორისო ვალუტაში უმნიშვნელოვანესია. თუ ეროვნული ბანკი გასცემს ლიცენზიას, პრაქტიკაში ამ ბანკს მაინც „ჯიხურული“ მდგომარეობა ექნება და მხოლოდ ეროვნული ვალუტით შემოიფარგლება, თუმცა თუ სანქცირებულ პირზე გასცემს ლიცენზიას, არსებობს თავად მარეგულირებლის დასანქცირების რისკიც. მაგალითად, ბელარუსის ყველა სტრუქტურა დასანქცირებულია – არა მხოლოდ კერძო პირები, არამედ თავად სახელმწიფო. სახელმწიფო დასანქცირების საფრთხე რეალურია, თუ ასეთ თვითნებობაში გადავა. ეტყობა, ოთარ ფარცხალაძის შემთხვევა ერთჯერადად „გაუტარეს“, რადგან მან მალევე დახურა ანგარიშები, გადააფორმა აქტივები და დაასრულა ტრანზაქციები საქართველოში… მაგრამ სანქცირებულ პირს მისცე უფლება, ჰქონდეს საფინანსო ინსტიტუტის სტატუსი და აწარმოოს საბანკო გადარიცხვები (თუნდაც მხოლოდ ლარში ან რუბლში), წარმოუდგენელია და ეს ქვეყნისთვის უდიდესი ზიანის მომტანი რისკია.
– ქართული ბანკებისთვისაც, მიუხედავად იმისა, ითანამშრომლებენ თუ არა „იმედის“ ბანკთან?
– დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ითანამშრომლებენ. ისინი საქართველოში ოპერირებადი ბანკები არიან და ინვესტორი ყოველთვის უყურებს ქვეყნის სტაბილურობას, „ფიჩის“ (Fitch) და სხვა სარეიტინგო სააგენტოების შეფასებებს… და თუ უცებ სანქცირებული რეგულატორი გყავს, ეს სავალალოა. ეს არცერთ ბანკს არ სურს და არც მთავრობას უნდა სურდეს, რადგან ეს გამოიწვევს საფინანსო კატასტროფას.
– ყველაზე ცუდი ვარიანტი რომ წარმოვიდგინოთ: „იმედის“ ჰოლდინგისა და სანქცირებული „პოსტვ“-ის თანამშრომლებსაც აინტერესებთ (რადგან მათ დაჰპირდნენ, რომ საკუთარი ბანკი შეიქმნება და პრობლემა არ იქნება)… დავუშვათ, შეიქმნა „იმედის ბანკი“, დამზადდა ბარათები და დამერიცხა ხელფასი. რა ოპერაციების გაკეთება შემიძლია? ქართული ბანკები თუ არ ითანამშრომლებენ, Visa ან Mastercard-ის ბარათები მით უმეტეს ექნებათ?
– არცერთი არ ითანამშრომლებს. ექნებათ თავისი ბარათი – აი, რუსეთში რომ არის, „მირი“ თუ რაღაც მსგავსი – „იმედი ბარათი“, პირობითად. ამ ბარათს დასჭირდება თავისივე ბანკომატი, რადგან, მაგალითად, „თიბისის“ ბანკომატი მას ვერც კი იცნობს. ე.ი. ამ „ჯიხურ ბანკს“ უნდა ჰქონდეს საკუთარი ქეში, საკუთარი ბარათები და საკუთარი ბანკომატების ქსელი, რომ ხალხმა ნაღდი ფულის გამოტანა შეძლოს.
– უნაღდო ანგარიშსწორება რომ მინდოდეს? – მაგალითად, კინოთეატრში ან სავაჭრო მოლში გადახდა…
– უნაღდო ანგარიშსწორებაზეც ძალიან დიდი პრობლემა იქნება. ვისთან ექნება კავშირი?! მოლში ტერმინალი მიერთებულია საერთაშორისო საგადამხდელო სისტემებთან. აღიარებს თუ არა ის „იმედი ბარათს“, ეს საგადამხდელო სისტემის გადასაწყვეტია და, ალბათ, პასუხი იქნება – არა. გააჩნია, ვინ იქნებიან პარტნიორები. რუსეთში შეიძლება გაანაღდონ. შეიძლება რუსულ საგადამხდელო სისტემებთან ააწყონ რაღაც, რომ უნაღდო ანგარიშსწორება შესაძლებელი იყოს, მათ შორის რუბლში. მაგალითად, მოსკოვში რომ წახვიდეთ, იქ შეიძლება გაგატარებინონ…
– კიდევ ერთი პრაქტიკული მაგალითი: ვარ „იმედის“ თანამშრომელი, მაქვს „თიბისის“ ან „ლიბერთის“ ბარათიც და მაქვს „იმედის“ ბანკის ანგარიშიც. შემეძლება თუ არა საკუთარ ანგარიშებს შორის ლარში ტრანზაქციის განხორციელება?
– ისევ ბანკის რისკის აპეტიტზეა დამოკიდებული. სავარაუდოდ, ადამიანი „იმედის“ ბანკიდან გამოიტანს ნაღდ ფულს და მერე ხელზე შეიტანს „თიბისიში“. მეეჭვება, რომელიმე სერიოზულმა საფინანსო ინსტიტუციამ კავშირი დაამყაროს ასეთ „ჯიხურ ბანკთან“.
– რადგან სანქცირებული „იმედი“ და „პოსტივი“ ტელევიზიებია, მათი შემოსავლის ერთ-ერთი წყარო რეკლამაა. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მოუწოდა სახელმწიფო და კერძო კომპანიებს, რომ ჩვეულებრივ გააგრძელონ თანამშრომლობა. რამდენად არსებობს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იქ რეკლამას მიიტანენ, ე.წ. მეორადი სანქციების რისკი თუ უფრო რეპუტაციული ზიანის რისკი არსებობს?
– უფრო რეპუტაციული… თუმცა სანქცირება თავისი არსით გულისხმობს, რომ სანქცირებულ პირთან არ უნდა დაამყარო ბიზნესურთიერთობა და არ გქონდეს გარიგება, რომელიც მას სანქციების არიდებაში დაეხმარება. მთავარი რეკომენდაციაა: მაქსიმალურად ერიდეთ სანქცირებულ პირთან ტრანზაქციებს. რაც შეეხება კონკრეტულ კომპანიებს ანუ ვინ გააფორმებს კონტრაქტს სანქცირებულ ტელევიზიებთან? ვისაც არ აქვს საერთაშორისო ამბიცია, არ გადის ქვეყნის გარეთ, არ აქვს სავაჭრო ინტერესები უცხოეთში და ლოკალურად, მხოლოდ ლარში ოპერირებს, მათთვის თეორიულად შესაძლებელია თანამშრომლობა. მაგალითად, რომელიმე თონე ან სახაჭაპურე, რომელსაც არ აინტერესებს ლონდონი, თუმცა აი, ბულანჟერია „ანტრე“ გავიდა ლონდონში – ის მსგავს ბანკთან კონტაქტს ვერ დაამყარებს, რადგან უკვე საერთაშორისო დონის რისკები აქვს. ზოგიერთმა სამშენებლო კომპანიამ შეიძლება გარისკოს.
– ამ კომპანიებსაც „იმედის ბანკის“ ანგარიში უნდა ჰქონდეთ ანგარიშსწორებისთვის?
– დიახ. ან „იმედის“ ბანკში შეიტანონ ფული ნაღდი სახით. არსებობს მრავალნაირი მეთოდი… ან გახსნიან ლარში ანგარიშს და თავადაც ჩაერთვებიან ამ სანქციების სისტემაში.
– სახელმწიფო კომპანიებსა და სამინისტროებსაც ხშირად აქვთ გამოწერილი ტელევიზიის მომსახურება. მათაც შეუძლიათ ასე, ნაღდი ფულით გადახდა?
– როგორც წესი, სანქციების თავიდან არიდება სხვა პირებთან (დაკავშირებულ პირებთან) გარიგებებით ხდება. მაგალითად, შეიძლება სხვა კომპანიას, ვთქვათ „რუსთავი 2“-ს ან რომელიმე შუამავალ სარეკლამო შპს-ს გადაურიცხონ თანხა. არსებობს სანქციების თავიდან აცილების ასეთი მეთოდები.
– თუ ეს მეთოდი მუშაობს, გამოდის, ყველაფერი მარტივადაა, რადგან საქართველოში არსებობს „გაყიდვების სახლები“, რომლებიც სანქცირებულ ტელევიზიებში სარეკლამო დროს ყიდიან. თუ თანხას გაყიდვების სახლში ვრიცხავ, ეს არ ჩამეთვლება დარღვევად?
– ბევრმა ირანელმა და რუსმა აარიდა თავი სანქციებს მსგავსი გარიგებებით, როცა ფორმალურად წინ ქართველი დგას, რომელსაც აქვს ანგარიში და ის ატარებს ტრანზაქციებს.
– თუმცა ტელევიზიაში ყველაფერი ჩანს – პროდუქტი ხომ გამოჩნდება ტელევიზიაში, რისთვისაც X კომპანიამ თანხა გადაიხადა…
– დიახ… ასეთ შემთხვევაში არსებობს მეორე საფრთხე – ბრიტანეთიდან გამოვა ახალი სანქციების სია, სადაც იტყვიან, რომ „შენ თავს არიდებ სანქციებს და ესა და ეს კომპანია, რომელიც ხელს უწყობს ნაღდი ფულით მოძრაობას, ასევე უნდა დასანქცირდეს“… რა თქმა უნდა, ესეც რისკია მათთვის, ვისაც ასეთი „რისკის აპეტიტი“ აქვს.
– მოკლედ, მართალი იყო „იმედის“ უკვე ყოფილი მფლობელი ირაკლი რუხაძე, როცა ერთი წლის წინ ამბობდა, ძალიან საშიშია ბრიტანული სანქციებიო…
– მართლაც ძალიან საშიშია. როგორც ჩანს, ეს ყველაზე დამაზიანებელია ჩვენი ბიზნესებისთვის, რადგან ბევრს აქვს აქტივები ბრიტანულ იურისდიქციაში.




