სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე მთავრობისთვის 2026 წლის მარტის საწვავის შესყიდვების კონტრაქტები გამოქვეყნდა. დოკუმენტაციის თანახმად, მარტში 1 ლიტრი საწვავის შესყიდვის ფასი წინა თვესთან შედარებით რეგულარის შემთხვევაში 9 თეთრით, სუპერის შემთხვევაში კი 10 თეთრით გაიზარდა.
კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, მთავრობა რეგულარის მარკის საწვავს “სოკარისგან” ყიდულობს, პრემიუმს “რომპეტროლისგან”, ხოლო ევრო დიზელსა და სუპერს “ვისოლისგან”.
საწვავის კატეგორიების მიხედვით ფასები ასე ნაწილდება:
- რეგულარი – მარტის ფასი 2.26 ლარი, თებერვლის ფასი 2.17 ლარი;
- პრემიუმი – მარტის ფასი 2.28 ლარი, თებერვლის ფასი 2.18 ლარი;
- სუპერი – მარტის ფასი 2.56 ლარი, თებერვლის ფასი 2.47 ლარი.
საქართველოს მთავრობა – სამინისტროები და საჯარო უწყებები საწვავს კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე ქვეყანაში მოქმედი ძირითადი ნავთობკომპანიებიდან ყიდულობენ. მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესასყიდი ფასი, ყოველთვიურად, სპეციალური ფორმულის საფუძველზე ახლდება.
კონტრაქტის მიხედვით, ფასი განისაზღვრება თვის დასაწყისში, წინა თვეში არსებული საშუალო ფასებიდან გამომდინარე. კერძოდ, ხელშეკრულება ეფუძნება თვის განმავლობაში PLATTS EUROPEAN MARKET-ზე დაფიქსირებულ ტონა ბენზინის საშუალო ფასს, ასევე ლარის გაცვლით კურსს, აქციზის და დღგ-ს გადასახადებს. ამ მდგენელებიდან ყოველთვიურად მხოლოდ ორი იცვლება, ესაა Platts-ის ფასი და ლარის კურსი.
ამასთან, კონტრაქტის თანახმად, ფასის გადაანგარიშება ყოველთვიურად ხდება და თუკი ფასის სხვაობა წინა თვესთან შედარებით 3%-ს გადააჭარბებს ის ახალი ფასით იცვლება, 3%-ზე ნაკლები სხვაობის შემთხვევაში კი ავტომატურად წინა თვის ფასი ნარჩუნდება.
თებერვალში Platts-ის ფასი 686 დოლარამდე გაიზარდა, რამაც ფასის მატება განაპირობა.
რაც შეეხება ფასებს საცალო ბაზარზე, აქ რეგულარის ფასი ლიტრზე 2.83-2.97 ლარის ფარგლებშია, პრემიუმის ღირებულება 3.15-3.19 ლარის ფარგლებშია, ხოლო სუპერის ფასი კი 3.52-3.57 ლარის ფარგლებში მერყეობს.




