“ჰილსაიდს”, რომლის მეწილეც ლაშა ტალახაძეა, მთავრობამ საინვესტიციო ვალდებულება შეუცვალა

მთავრობამ კომპანია „ჰილსაიდს“, რომლის მეწილეც “ოცნების” დეპუტატი ლაშა ტალახაძეა, 2022 წელს ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის შესახებ 27 სექტემბრის განკარგულებაში საინვესტიციო პირობები შეუცვალა.

კონკრეტულად რა ცვლილებებია ეს – ვალდებულებების შესრულების გადავადება თუ ჩასადები ინვესტიციის მოცულობა დოკუმენტში დაკონკრეტებული არ არის, თავდაპირველი განკარგულება კი მთავრობის ვებგვერდზე მიუწვდომელია, რადგან იმ პერიოდში მთავრობის ვებგვერდზე განკარგულებები არ ქვეყნდებოდა.

საჯარო რეესტრის მიხედვით, კომპანია ჰილსაიდის“ 26%-იანი წილის მფლობელი „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლაშა ტალახაძეა, ხოლო დანარჩენ 74%-ს კომპანია “ლა ბელა ჯორჯია” ფლობს, რომლის 100%-ს გიორგი ყაფლანიშვილი მართავს. ამასთან, ლაშა ტალახაძემ საჯარო რეესტრს წილის მართვის უფლების გიორგი ტალახაძისთვის გადაცემის მოთხოვნით 2 მარტს მიმართა. ცვლილება რეესტრს ჯერ არ გაუფორმებია. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წილის მმართველად გიორგი ტალახაძე 4 მარტს დაარეგისტრირა.

რაც შეეხება მთავრობის განკარგულებით, „ოცნების“ დეპუტატის კომპანიისთვის შეცვლილ პირობებს, „ჰილსაიდმა“ პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, ვარკეთილში არსებულ 11 979 კვ.მ.-ის მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულ ქონებაზე ან მის ნაკვეთზე ღია ტიპის სპორტული მოედანი 2029 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მოაწყოს, რისთვისაც 6 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

აღნიშნული მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრის მიხედვით კომპანია „მარდიელი ვარკეთილს“ ეკუთვნის, რომლის წილებსაც „მარდიელი ინვესთმენთი“, „მენეჯმენტ ფროფერთი“, ციალა დარჩიაშვილი, ნოდარ ფირცხელავა და ივეტა გიორგაძე ფლობენ.

მთავრობის 441-ე განკარგულებაში ვკითხულობთ, რომ „მარდიელი ვარკეთილი“ ვალდებულია შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე მინიმუმ 300 000 ლარის გამოუხმობი ახალი/ვადაგაზრდილი საბანკო გარანტია წარადგინოს, რომლის ვადაც 2030 წლის 1 მაისის ჩათვლით განისაზღვრება და რომელიც მისი მოქმედების განმავლობაში „ჰილსაიდისთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ მთავრობის 2022 წლის განკარგულების საპრივატიზაციო პირობების შესრულებას უზრუნველყოფს.

წყარო