პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც ხელისუფლებაში და ხელისუფლების შემდგომ წლებში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობას ეხება, ინგლისურ ენაზეც გამოსცა. დასკვნის ინგლისურენოვანი ვარიანტი დეპუტატებს პლენარულ სხდომათა დარბაზში დახვდათ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, დოკუმენტი ყველა საელჩომდე, ყველა რელევანტურ ადამიანამდე და კვლევით ორგანიზაციამდე მივა, „რათა მტკიცებულებებით იცოდნენ, როგორი დიქტატორული რეჟიმი იყო 2012 წლამდე საქართველოში, რომლის რეინკარნაციას ახლა ამ რეჟიმის შემქმნელი ადამიანები ცდილობენ“.
პაპუაშვილმა საგამოძიებო კომისიის წევრებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
„საგამოძიებო კომისიის დასკვნის თარგმანიც 300-ს გვერდზე მეტია, სადაც აღწერილია „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაული, თუ როგორ შეიქმნა და როგორ მუშაობდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი წამების სისტემა, როგორ ხორციელდებოდა სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან მკვლელობები „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პერიოდში, როგორ ხდებოდა ბიზნესის რეკეტი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პირობებში, როგორ ხდებოდა მედიის მიტაცება „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პირობებში და როგორ ჩადიოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ დანაშაულს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პირობებში.
თითოეული ეს პოლიტიკური თუ სისხლის სამართლის დანაშაული დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი, რომლის ინგლისური თარგმანიც მომზადდა და გამოიცა.
რა თქმა უნდა, დოკუმენტი გადაეცემა ყველა საელჩოს. გადაეცემა საგარეო საქმეთა სამინისტროს იმისთვის, რომ საელჩოების მეშვეობით ყველა რელევანტურ აქტორთან და – მათთან მივიდეს, ვინც დღემდე იმ პერიოდის „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მხარდამჭერი არიან. დღემდე „ევროპის სახალხო პარტია“ და სხვა გაერთიანებები საკუთარი რიგებიდან „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აძევებს. დღემდე ამ დანაშაულის მთავარ შემოქმედს, ორგანიზატორს და იდეოლოგს მიხეილ სააკაშვილს ზოგიერთი უცხოელი აქტორი ტაშს უკრავს, რითაც უპირველეს ყოვლისა, ჩრდილს აყენებენ ევროპულ ღირებულებებს, დასავლეთს როგორ ღირებულებების წარმომადგენელს.
ამიტომ ეს დოკუმენტი ყველა რელევანტურ ადამიანამდე და კვლევით ორგანიზაციამდე მივა, რათა თითოეული მტკიცებულებით იცოდნენ როგორი დიქტატორული რეჟიმი იყო 2012 წლამდე საქართველოში, რომლის რეინკარნაციას ახლა ამ რეჟიმის შემქმნელი ადამიანები ცდილობენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.




