“სასაცილოა” – ასე პასუხობს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე “პირველების” შეკითხვას, მფარველობენ თუ არა პოლიციელებს, რომლებიც 16 წლის მოზარდმა ძალადობაში ამხილა.
საუბარია ფაქტზე, როცა სკოლის მოსწავლეს “თითების დამტვრევით”, დაკავებით და პატიმარი მამის გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.
ალექსანდრე დარახველიძე ამტკიცებს, რომ არავინ არავის მფარველობს და როდესაც იყო კონკრეტული მტკიცებულებები, მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილებაც.
სასაცილოა, თქვენ კარგად ნახეთ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც გამოვლინდა კონკრეტული გადაცდომა შესაბამისად მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყეტილება. სადაც იყო შესაბამისი მტკიცებულებები მიღებული იქნა გადაწყვეტილება.
არავინ არავის არ მფარველობს. როცა არის კონკრეტული გადაცდომა და მტკიცებულებები შესაბამისად ხდება პასუხისგებაში მიცემა,” – ამბობს ალექსანდრე დარახველიძე.
საპირისპიროს ფიქრობს ოჯახის ადვოკატი, რომლის განცხადებითაც, საგამოძიებო უწყება საქმის “ჩაფარცხვას” ცდილობს და პოლიციელებს მფარველობს.
უფლებადამცველის თქმით, საქმის მუხლები უნდა გადაკვალიფიცირდეს, ვინაიდან არასრულწლოვნის მიმართ იყო როგორც ძალადობა, ისე მუქარა.
5 პოლიციელიდან 2 მასზე ძალადობდა ფიზიკურად, ხოლო დანარჩენი უყურებდა. აქ უნდა შეფასდეს არა მხოლოდ აქტიური მოქმედება პოლიციელების, არამედ უმოქმედობაც, რომლეიც უყურებდნენ როგორ ძალადობდნენ დანარჩენი პოლიციელები პატარა ბავშვზე. თითქოსდა იძულებით ახსნევინებდნენ ტელეფონს, იძულებით კი არა ძალადობით ახსნევინებდნენ ტელეფონს ბავშვს. ბავშვს აქვს ძალადობის კვალი, ეს უნდა გადაკვალიფიცირდეს აუცილებლად, ისინი ცდილობენ ამით გამოძვრნენ სიტუაციიდან, ამით ჩაფარცხონ ეს საქმე. დარწმუნებული ვარ მფარველობენ იმიტომ, რომ იმის შემდეგ 2 კვირაზე მეტი გავიდა, როცა ფაქტი სახეზეა, უბრალოდ გამოძიება მიდის, დაარქვეს და ამით ცდილობენ გააჭიანურონ, თუმცა ამის უფლებას ნამდვილად არ მივცემთ.
მე გამოთხოვილი მაქვს დოკუმენტები, მტკიცებულებები, თუ რა მოიპოვა გამოძიებამ. დაზარალებულად ცნობის დადგენილება გადმოგვეცა. დაზარალებულად ცნობის დადგენილებაში ისე ლამაზად უწერიათ, თითქოს ემუქრებოდა პოლიციელი ბავშვს არა მამის გაუპატიურებით, არამედ თითქოს უბრალოდ დაკავებით ემუქრებოდა, რაც არის… ისეთ მძიმე დანაშაულს ისე “ალაითებს” პროკურატურა, რომ წარმოუდგენელია. ბავშვის მიმართ იყო როგორც ძალადობა, ისე მუქარა მამის მიმართ, რომ მამას გააუპატიურებენ ციხეში,” – განმარტავს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ 16 წლის მოზარდა პოლიციელები ძალადობრივ ქმედებაში ამხილა და მომხდარის ვიდეო-აუდიოჩაწერაც მოახერხა.
“შაბათის ეთერის” მიერ მოპოვებულ ჩანაწერში ისმის, როგორ ემუქრება ერთ-ერთი პოლიციელი არასრუწლოვანს “თითების დამტვრევით” და დაკავებით. უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ამ დროისათვის ერთი პოლიციელი, ლუკა ხურცილავაა დაკავებული.
აღნიშნული ფაქტიდან მალევე პოლიციის მხრიდან ძალადობაზე არაერთი მოქალაქე ალაპარაკდა. მათ შორისაა 24 წლის კაციც, რომელიც ამბობს, რომ პოლიციამ ტელეფონის გახსნა მოსთხოვა, უარის შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა და დაკავებით დაემუქრა.




