“პოსტსაბჭოთა ალ კაპონე” – მოსკოვში ჩეჩენი ბიზნესმენი და ყოფილი სენატორი უმარ ჯაბრაილოვი გარდაცვლილი იპოვეს

მოსკოვის ცენტრში, საცხოვრებელ კომპლექს Vesper Tverskaya-ში, 67 წლის ჩეჩენი ბიზნესმენი და რუსეთის ფედერაციის საბჭოს ყოფილი წევრი უმარ ჯაბრაილოვი გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, სიკვდილის მიზეზი, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა გახდა – მას თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.

გამოცემა „კომერსანტის“ ინფორმაციით, ბიზნესმენი ორშაბათს, ადგილობრივი დროით ღამის 3 საათზე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. პოლიციამ მომხდარზე წინასწარი გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა. აღსანიშნავია, რომ ჯაბრაილოვმა თვითმკვლელობა 2020 წელსაც სცადა.

უმარ ჯაბრაილოვი 1958 წელს გროზნოში დაიბადა და მისი კარიერა საბჭოთა არმიის სტრატეგიულ სარაკეტო ძალებში მსახურით დაიწყო, სადაც კაპიტნის წოდებას ფლობდა. 1985 წელს მან წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი МГИМО, 90-იანი წლების შუა პერიოდში კი მოსკოვში მდებარე სასტუმრო Radisson Slavyanskaya-ს მფლობელი გახდა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მოვლენა – მისი ამერიკელი ბიზნესპარტნიორის, პოლ ტატუმის მკვლელობა 1996 წელს. საუბარია ადამიანზე, რომელიც ჯაბრაილოვს სასტუმროსთან დაკავშირებული უთანხმოების გამო შანტაჟში ადანაშაულებდა.

2000 წელს ჯაბრაილოვმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც ხმების 0.1%-ზე ნაკლები მიიღო და ბოლო ადგილი დაიკავა. ამის მიუხედავად, მისი პოლიტიკური გავლენა გაიზარდა და 2004-დან 2009 წლამდე იგი ფედერაციის საბჭოში ჩეჩნეთის რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენდა. პოლიტიკური მოღვაწეობის პარალელურად, იგი იკავებდა რუსეთის მხატვართა კავშირის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს, იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის წევრი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, სერგეი პრიხოდკოს მრჩეველი.

ბიზნესმენი ცნობილი იყო ხელოვნებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით და მჭიდრო კავშირი ჰქონდა ისეთ დიზაინერებთან და ხელოვანებთან, როგორიცაა რობერტო კავალი და ზურაბ წერეთელი. მან კავალისთან ერთად მოსკოვში რესტორანი Just Cavalli გახსნა და წლების განმავლობაში რუსი მხატვრების ნამუშევრების დიდ კოლექციას ფლობდა. ჯაბრაილოვი ფლობდა ინგლისურ, გერმანულ და იტალიურ ენებს, ესმოდა ფრანგული, ესპანური და ჩეხური. მას პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი დარჩა.

“პოსტსაბჭოთა ალ კაპონე” – ასე უწოდებს მას ჟურნალისტი ევგენი კისელიოვი.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზო კიკნაძე: ხუჭუჭთმიან ბიჭს რომ ფეხბურთელებივით ურტყეს ფეხები არაკაცებმა, ამის გამო გასამართლდა ვინმე? ეს არ არის დანაშაული და ჩვენი ჰაერში აგდებული ქაღალდი და ბოთლია დანაშაული? ამას ეძახით სამართალს?