რატომ ტოვებენ გახარიას პარტიას წევრები – პარტია “საქართველოსთვის” ამ თვეში უკვე მეორე წევრმა დატოვა

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, პარტია “საქართველოსთვის” ბათუმში უკვე ორმა წევრმა დატოვა. მიზეზი იგივეა – ყოფილი პრემიერის თანამშრომლობა “ნაციონალურ მოძრაობასთან”, თანაპარტიელების უპატივცემულობა და პრინციპების ღალატი. სწორედ ეს მიზეზები ჩამოთვალა ლევან ლორთქიფანიძემ პარტიის დატოვების შემდეგ. გიორგი გახარიას თანაგუნდელების ღალატში პარტიის სხვა ყოფილი წევრებიც ადანაშაულებენ და იმასაც ამბობენ, რომ ახლა ყველაზე სწორი “ქართული ოცნების” მხარდაჭერაა.
ვინ არის ლევან ლორთქიფანიძე? – ასე პასუხობს მედიის კითხვებს გახარიას პარტია კითხვაზე, თუ რით ახსნიან გუნდიდან წევრების გადინებას. როგორც აღმოჩნდა, ყოფილი პრემიერის პარტიაში არც კი ახსოვთ, რომ ლორთქიფანიძე 2021 წელის თვითმმართველობის არჩევნებზე მათ შტაბს ხელვაჩაურის რაიონში ხელმძღვანელობდა. პარტია “საქართველოსთვის” დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდის მხრიდან მათი წევრების გადაბირება ხდება. “ქართულ ოცნებას” კი სხვა არგუმენტები და ინფორმაცია აქვს. მათი სიტყვებით, გიორგი გახარიამ საკუთარი თანაპარტიელები არა მხოლოდ პოლიტიკაში,
არამედ ფულშიც “გადააგდო”.
პრინციპების ღალატი, არაფრისმომცემი კავშირები, “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაიგივება – მიზეზები, რის გამოც გახარიას გუნდი დატოვა, ლევან ლორთქიფანიძემ საჯაროდ დაწერა. პარტია “საქართველოსთვის” ს ორგანიზაციის წევრი ამბობს, რომ პარტიაში მმართველი რგოლი არ მუშაობს, მენეჯმენტი კი იმ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობს, რომელიც მისთვის მიუღებელია.
ლევან ლორთქიფანიძე, რომელიც 2021 წელს ხელვაჩაურში პარტიის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა, ყოფილმა თანაგუნდელებმა დღეს რიგით აქტივისტად მოიხსენიეს. პარტიის მიმართ ყველა ბრალდება უარყვეს და ლორთქიფანიძე “ქართულ ოცნებასთან” გარიგებაში დაადანაშაულეს.
“ნაცმოძრაობასთან” თანამშრომლობის გამო გახარიას გუნდი უკვე არაერთმა წევრმა დატოვა. მათ შორის იყო ირაკლი თავდგირიძე, პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც ამბობს, რომ გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მაშინვე მიიღო, როდესაც პარტიამ “ნაციონალურ მოძრაობასთან” კონსულტაციები დაიწყო. მოგვიანებით, თუმცა იმავე მიზეზით დატოვა გუნდი ნატალია ძიძიგურმაც. ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ამბობს, რომ პარტიიდან მხოლოდ იმის გამო გარიცხეს, რომ “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ლელოსთან” ალიანსის შექმნას შეეწინააღმდეგა, ამის გამო კი მას პირადი ცხოვრებითაც აშანტაჟებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ