ირანის უკანასკნელი შაჰის შვილი, რეზა ფეჰლავი ირანის არმიისა და პოლიციის მეთაურებს მიმართავს

ირანის უკანასკნელი შაჰის შვილი, რეზა ფეჰლავი ირანის არმიისა და პოლიციის მეთაურებს მიმართავს – განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
💬 “ძვირფასო თანამემამულენო, ირანი დიდი და ისტორიული გარდაქმნის ზღურბლზე დგას და მის განმსაზღვრელ ფაქტორად კვლავ რჩება ირანის ხალხის ნება და გააზრებული მოქმედება. სწორედ ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი გადამწყვეტი როლი შესაბამის დროს და არ დავუშვათ, რომ ერის სურვილის საწინააღმდეგო სცენარები ქვეყანას თავს მოეხვიოს.
ამ პროცესში გადამწყვეტია სამხედრო, სამართალდამცავი, უსაფრთხოების სტრუქტურებისა და სახელმწიფო აპარატის თანამშრომლების როლი. ირანის ეროვნული „ლომისა და მზის“ რევოლუციის დროს, ბევრმა პატიოსანმა ძალოვანმა უარი თქვა რეპრესიული ბრძანებების შესრულებაზე და ხალხის გვერდით დადგა. სანდო ცნობებით ირკვევა, რომ განსაკუთრებით პოლიციისა და არმიის ძალებმა თავი შეიკავეს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებისგან, ხოლო რეჟიმმა ხალხის დასარბევად გამოიყენა სამოქალაქო ტანსაცმელში მოქმედი ძალები, ბასიჯი, რევოლუციური გვარდია და არაირანელი დაქირავებული პირები.
მასობრივი მკვლელობების ამსახველი დოკუმენტებისა და ფოტოების გამჟღავნება, დამნაშავეთა ვინაობის დასახელება, დაღუპულთა ცხედრების გადაცემა, დაკავებულთა დახმარება, სამედიცინო პერსონალის გადარჩენა და მიწისქვეშა კლინიკების ჩამოყალიბება – ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა იმ თანამშრომელთა დახმარებით, რომლებიც ხელისუფლების სტრუქტურებში რჩებოდნენ, თუმცა ხალხის მხარეს იდგნენ. მიუხედავად ამისა, ნათელია, რომ მათი რაოდენობა და რესურსები შეზღუდულია რეჟიმის რეპრესიულ აპარატთან შედარებით, და ძალთა ბალანსის შესაქმნელად აუცილებელია საერთაშორისო ჰუმანიტარული ჩარევა.
ახლა, როდესაც ასეთი ჩარევის ალბათობა უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე, სამხედრო და სამართალდამცავი სტრუქტურების მეთაურებს – განსაკუთრებით არმიის სარდლებსა და იმ ოფიციალურ პირებს, რომელთა ხელებიც ხალხის სისხლით არ არის დასვრილი – შეზღუდული დრო რჩებათ, რომ გაემიჯნონ კრიმინალურ რეჟიმს. არჩევანი თქვენზეა: შეუერთდით ხალხს, დაიცავით საკუთარი და თქვენი ოჯახის სიცოცხლე და გახდით ერის გამარჯვების ნაწილი; ან თქვენი ბედი დაუკავშირეთ ისლამური რესპუბლიკის ჩაძირულ ხომალდს და ჩაიძირეთ ხამენეისა და მის რეჟიმთან ერთად.
ირანის მომავალი დამოკიდებულია ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებებზე. პასუხისმგებლობითა და სიმამაცით შეგვიძლია ირანის ხალხისთვის ახალი ისტორია შევქმნათ. გაუმარჯოს ირანს!” [ჯემნიუსის თარგმანი] | წერს ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში