“ფონდი „სიცილის თერაპია“ – რა ბედნიერებაა, რომ ჩვენს ქვეყანაში, დღეს, კიდევ არსებობს ადამიანის სულის ასეთი მშვენიერი გამოვლინება: სიცილის თერაპია, რომელიც ეხმარება მძიმედ დაავადებულ ბავშვებს – და იმ ბავშვებსაც, რომელთაც აღარაფერი ეშველებათ, იგრძნონ სიხარული, თუნდაც ერთი წუთით – სიცოცხლის გემო!
ბავშვი, რომელიც უბრალოდ იტანჯებოდა და აღარაფრის სურვილი აღარ ჰქონდა, ახლა იღიმება, და იცინის კიდეც! და ეს მოიმოქმედეს მათ, ფონდი „სიცილის თერაპიის“ წითელცხვირიანმა ჯამბაზებმა!
არსებობს რაიმე ამ ქვეყნად ამაზე უკეთესი, რაც შეიძლება გააკეთო შენ, ერთმა ადამიანმა! თან ძალების სრული დაძაბვით და ამავე დროს სრულიად უანგაროდ!
ავლაბრის კოპალას სასტუმროს პატარა ჰოლი. გვერდით – პატარა დარბაზი, ასეთივე სცენით. სცენაზე ერთმანეთს ცვლიან ფონდის დამფუძნებლები – ჟურნალისტი ნათელა ფოცხვერია, იურისტი ნინო ბოლქვაძე… და სცენაზე ვერ ადის კიდევ ერთი დამაარსებელი… ვინ? და რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ ის დღეს სინდისის პატიმარია? ნათელა და ნინო კი გვიამბობენ მათი საოცარი ჩანაფიქრის შესახებ, მათი სიტყვებიც და კილოც შესაფერისია: სადა და მართალი. მერე სცენას იკავებენ წითელცხვირიანი ექიმი ჯამბაზები… რა უცნაური სიტყვათაშეთანხმებაა, არა? ექიმი და ჯამბაზი! აი ეს ერთიანობაა სწორედ ამ მოვლენის საფუძველი: ეს მშვენიერი გოგონები – ჯამბაზები – თან ეთამაშებიან ბავშვებს, თან ართობენ, უმღერიან, ესაუბრებიან და ამგვარად უბრუნებენ სიცოცხლის სურვილს, ანუ ეხმარებიან განკურნებაში! და მათ, ვისაც განკურნება არ უწერიათ, უადვილებენ წასვლას…
ეს პალიატიურ განყოფილებაში ხდება.
პატარა პაციენტს უჩნდება იმედი. როგორც ამბობენ ეს „ჯამბაზები“ – ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვის იმედიანი თვალები!
მათ უხარიათ, რომ კიდევ მივალთ!
მერე იწყება აუქციონი. სულ რამდენიმე ნივთი. გროვდება თანხა – 6000 ლარამდე. აქ ყველაფერი ასეთი მოკრძალებულია. მაგრამ ამ მოკრძალებულობაზე დამყარებული კეთილშობილების მასშტაბი – სრულიად უსასრულო!
და ბოლოს, ყველაფერი, რაც იმ საღამოს კოპალას დარბაზში განვიცადე, უშუალოდ დაუკავშირდა ფიქრს ანდროზე.
ეს ნათელთვალება ღიმილიანი ბიჭი! თითქოს ის არ ეყოფოდა, რომ ასეთი ტალანტის მსახიობია და განსაცდელში ასეთი მედგარი, მის ბიოგრაფიაში სამუდამოდ ჩაიწერა ეს ფურცელიც: სიცილით თერაპიის ერთ-ერთი დამაარსებელი! რაც ნიშნავს, რომ ოთხი წლის წინ, იმ დროს სულ ახალგაზრდას, როცა ჩვეულებრივ ადამიანი უფრო თავისი თავით არის მოცული, მას უკვე სხვისი დარდი ედარდებოდა…
სნეული ბავშვების დარდი. და რაც მთავარია, ამ დარდს აქტიურ ქმედებაში განასახიერებდა.
ბედნიერებაა, რომ ანდროს, ნათელას და ნინოს ჩანაფიქრი დღესაც ცოცხალია. და ეს იმიტომ, რომ სიკეთეზე და კეთილშობილებაზე დაფუძნებული აქტიური ქმედება ყოველთვის იმარჯვებს. ეს ბუნების კანონია” – წერს რეჟისორი ლანა ღოღობერიძე სოციალურ ქსელში




