გიორგი შარაშიძემ ლიკვიდაციამდე, პარლამენტში განვითარების ფონდის ანგარიშის წარდგენა მოითხოვა – შოთა ბერეკაშვილის პასუხი

„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ საქართველოს განვითარების ფონდის ლიკვიდაციამდე, მისი ხელმძღვანელი პირების პარლამენტში ანგარიშით გამოსვლა მოითხოვა, თუმცა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ მას უპასუხა, რომ რეფორმის პროცესში ანგარიშს ვერ მოუსმენდნენ.

დღეს, პარლამენტში „სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების კანონის პროექტის განხილვა დაიწყო, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ წარადგინა. განხილვამ კითხვების გარეშე ჩაიარა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის მოთხოვნაზე, კომენტარი ვახტანგ ცინცაძემაც გააკეთე და განაცხადა, რომ საქართველოს განვითარების ფონდის 2025 წლის ანგარიში, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ანგარიშის აუდიტორული დასკვნა მომზადდება. თუმცა გიორგი შარაშიძემ აღნიშნა, რომ ის ფონდის 2011 წლიდან დღემდე არსებული პროექტების შეფასებას და საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოისმენდა.

„ვფიქრობ, ამ ხალხმა, ანუ ვგულისხმობ, [ფონდს] სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჰყავს, აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს, ჩემი მოსაზრებაა და გთხოვთ დააფიქსიროთ ოქმში, რომ საქართველოს პარლამენტს ლიკვიდაციის წინ ანგარიში უნდა ჩააბაროს. ლიკვიდაცია კარგია, ეს შესაბამისი ფორმალური პროცედურაა, მაგრამ ამ ხალხს ხელფასს ვუხდიდით. როგორც მახსოვს ამ თანამდებობის მაღალანაზღაურებადობის შესახებ პერიპეტიები იყო და ჩემი მოსაზრებაა, წესით, თქვენც უნდა დამეთანხმოთ, ამის საწინააღმდეგო, უბრალოდ, ვერ ვხვდები, რა შეიძლება ჰქონდეთ, მოვიდეს ეს ხალხი, რა ვიცი, ბატონი [დავით] საგანელიძეა იქ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ეს ბატონი გვარი აღარ მახსოვს [ბესიკ ბუგიანიშვილი], აღმასრულებელი დირექტორი… ელემენტარული ანგარიში ჩაგვაბარონ – რაში იღებდნენ ხელფასს, რას აკეთებდნენ, განსაკუთრებით საინტერესო იქნება ის პროექტები, რა პროექტებშიც შევიდა ეს ფონდი, ხო? იცით თქვენ, იქ ზოგი მცირე და საშუალო ბიზნესი იყო, ზოგი დიდი ბიზნესი იყო, რამდენად გაამართლა, რამდენად არ გაამართლა, მივიღეთ მოგება, არ მივიღეთ მოგება, წავაგეთ, დავკარგეთ თუ პირიქით? ახლა, მე რასაც ვუყურებ აქ, Facebook სოციალურ მედიას თუ შევხედავთ, ბოლო აქტივობა 2025 წლის ახალი წლის მილოცვაა და იმის მერე აბსოლუტურად არაფერი არ გაკეთებულა, როგორც ჩანს, თორემ სხვა შემთხვევაში Facebook გვერდზე მაინც იქნებოდა“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს განვითარების ფონდის ლიკვიდაცია მარტივი პროცესი არ არის და როდესაც საბოლოოდ, საქართველოს განვითარების ბანკის ფორმირება მოხდება ეკონომიკის სამინისტრო ამის შედეგებს გაასაჯაროებს. ის ამბობს, რომ ფონდის ლიკვიდაციის პროცესში, მოხდება პროექტების ნაწილი ახალ სტრუქტურაში გადავა, ნაწილი კი სავარაუდოდ გაიყიდება.

„საპარტნიორო ფონდით ბევრი რამე გაკეთდა და ბევრი რამე წარმატებით გაკეთდა, ხო, მაგრამ სწორედ… აღნიშნული რეფორმის მიზანია, შეიქმნას უფრო ეფექტური, დახვეწილი ინსტრუმენტი, რომელიც იქნება საქართველოს ეკონომიკური განვითარების ბანკი, რომელსაც საშუალება ექნება, ჩვენ ეკონომიკაში სექტორულად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, რომ სექტორულად ეკონომიკა… კონკრეტული სექტორის უფრო სწრაფად განვითარდეს, ბიზნესს და წარმოებას და, ზოგადად, ეკონომიკას ეფექტურად მიეხმაროს იქ, სადაც სჭირდება, იქნება ეს დიდი, საშუალო თუ მცირე ბიზნესი. ამ რეფორმის ფარგლებში ჩვენ გვექნება საშუალება, რომ მთლიანი ანგარიში მოვისმინოთ. ფონდის ლიკვიდაცია ადვილი პროცესი არ არის, არის აქტივები, რომელიც ახალ სტრუქტურაში გადავა, ალბათ, იქნება აქტივები, რომლის წარმატებით რეალიზაცია მოხდება. დღეს ანგარიშის წარდგენა წარმოუდგენელია, რადგან სანამ ეს პროცესი არ დასრულდება და მივალთ რეფორმის ბოლო წერტილში, რომელიც ძალიან წარმატებული იქნება, საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკის შექმნა, და დღეს ამაზე საუბარი, ვფიქრობ, რომ ნაადრევია და თავის დროზე, დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც ეს პროცესი დასრულდება ეკონომიკის სამინისტრო სრულად წარმოგვიდგენს თავისი მნიშვნელოვანი რეფორმის შედეგს“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ კი განაცხადა, რომ გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, საქართველოს განვითარების ფონდი ანგარიშგებებს ყოველწლიურად აქვეყნებს.

„ფაქტობრივად, ასახულია სრული ინფორმაცია ფონდის ფინანსებთან. პროექტებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, 2025 წლის საქმიანობის ანგარიშიც გამოქვეყნდება 2026 წლის განმავლობაში, როდესაც აუდიტორული დასკვნა იქნება უკვე წარმოდგენილი. გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების ბანკი, დარწმუნებული ვარ, გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, ანგარიშს მის მიერ განხორციელებული პროექტების, დაგეგმილი პროექტების და ზოგადად, მისი ეფექტურობის შესახებ ყოველწლიურად წარადგენს. ეს ანგარიში წარედგინება არა მხოლოდ საქართველოს პარლამენტს, არამედ მთელ საზოგადოებას, რათა გამჭვირვალე იყოს ყველა იმ პროექტზე თუ საქმიანობაზე თუ მიღწეულ შედეგებზე ინფორმაცია, რომელიც მათი მოღვაწეობის პერიოდში განხორციელდება“, – განაცხადა ცინცაძემ.

მთავრობამ “საქართველოს განვითარების ფონდის” (ყოფილი “საპარტნიორო ფონდი”) ლიკვიდაციის კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ფონდის საკრედიტო პორტფელი და ოპერაციები ეკონომიკის სსიპ-ს “აწარმოე საქართველოში” შეერწყმება. ამ შერწყმის შემდეგ კი მთავრობა ახალი ფინანსური ინსტიტუტის – “ეკონომიკის განვითარების ბანკის” დაფუძნებას გეგმავს, რისთვისაც პარლამენტს ცალკე კანონპროექტი წარედგინება, შესაბამისად უშუალოდ ახალი ფინანსური ინსტიტუტის ფუნქციონირების შესახებ მეტი დეტალი ჯერჯერობით უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ ალავიძე: გადაწყვეტილება პოპულიზმის ნაწილია, იმ კატეგორიის ადამიანების გულის მოსაგებად, ვისთვისაც გამაღიზიანებელია უცხოელების დასაქმება – აუცილებლად შექმნის დეფიციტს და მყისიერად გამოიწვევს ფასების მცირე ზრდას

ნიკა გვარამია – ყველა წამყვანი პოლიტიკური ლიდერი განსასჯელის სკამზეა, არავინ ვიცით რაში გვედება ბრალი – დავაყენებთ შუამდგომლობას სხდომის გახსნაზე, იმედია, მოსამართლეს ირაციონალური ბრაზი გადაუვლის