აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა ორშაბათს პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები მიიღებს “ყველა საჭირო ზომას” თავისი ჯარების დასაცავად მას შემდეგ, რაც ირანის მიერ მხარდაჭერილი მერბძოლების თავდასხმამ დრონით სამი ამერიკელი სამხედროს სიცოცხლე იმსხვერპლა და ათობით დაიჭრა.
კვირას მომხდარი თავდასხმა იყო პირველი სასიკვდილო დარტყმა აშშ-ს ჯარებზე ოქტომბერში ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ და წარმოადგენს დაძაბულობის ესკალაციას.
„ნება მომეცით დავიწყო ჩემი აღშფოთების და მწუხარების გამოთქმით (იორდანიაში აშშ-ის სამი ჯარისკაცის) გარდაცვალების გამო და სხვა ჯარისკაცებისთვის, რომლებიც დაიჭრნენ“, – თქვა ოსტინმა პენტაგონში.
„პრეზიდენტი და მე არ მოვითმენთ აშშ-ის ძალებზე თავდასხმებს და ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას აშშ-სა და ჩვენი ჯარების დასაცავად“, – დასძინა ოსტინმა პენტაგონში ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის წინ.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბაიდენი რეაგირების ვარიანტებს განიხილავს. ”ჩვენ არ ვცდილობთ ირანთან ომს,” – თქვა მან.
შეერთებული შტატები ცდილობს ზუსტად დაადგინოს, რატომ ვერ შეძლო იორდანიის ბაზაზე მყოფმა 350-მდე ჯარისკაცმა დრონი შეეჩერებინა.