2025 წელს რუსეთში ღვინის იმპორტი შემცირდა – ექსპერტების პროგნოზით, კლება 2026 წელსაც გაგრძელდება|RBC

2025 წლის შედეგებით, რუსეთში მეღვინეობის პროდუქციის — წყნარი, ცქრიალა და ლიქიორული ღვინოების, ასევე კონიაკის იმპორტი წინა წელთან შედარებით 15–16%-ით შემცირდა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია. წერს RBC სააგენტო „ეროვნული საკრედიტო რეიტინგების“ (НКР) კვლევაზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთში ღვინის იმპორტის კლება და პროდუქციის გაძვირება რუსეთის არამეგობრული ქვეყნებიდან იმპორტირებულ ღვინოზე დაწესებული ბაჟი და აქციზები, რომლებიც ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა.

ანალიტიკოსების პროგნოზით, უკვე 2026 წელს რუსი მომხმარებელი მაღაზიებში ღვინოს 600 რუბლზე იაფად ვეღარ შეიძენენ. „ეროვნული საკრედიტო რეიტინგების“ პროგნოზით, 2026 წელს რუსეთში ღვინის იმპორტის კლება გაგრძელდება, თუმცა მისი ტემპები შენელდება, მოთხოვნის ცვლილებისა და მეგობრულ ქვეყნებში ღვინის ალტერნატიული მომწოდებლების ძიების გამო.

RBC ღვინით მოვაჭრე კომპანიების მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყნების ხუთეულში, საიდანაც ყურძნის ნატურალური ღვინოებიც 2025 წელს რუსეთში ყველაზე მეტად იყიდებოდა საქართველო (ბაზრის 9,5%), იტალია (5,5%), ესპანეთი (4,4%), ჩილე (4%) და სამხრეთ აფრიკა (3%) შევიდნენ. მათივე ინფორმაციით, ცქრიალა ღვინოების უმსხვილესი იმპორტიორების ხუთეული განსხვავებულია: ლიდერები იტალია (ბაზრის 22,9%), საფრანგეთი (2,9%), ესპანეთი (1,7%), პორტუგალია (0,4%) და სომხეთი (0,3%) იყვნენ. SPAR-ის სამ უმსხვილეს მომწოდებელს შორის არიან საქართველო, იტალია (პროსეკოსა და სხვა ცქრიალა ღვინოების ხარჯზე) და ჩილე.

რუსული მედია წერს, რომ რუსეთში 2023 წლამდე მეღვინეობის პროდუქციის იმპორტი წლიდან წლამდე იზრდებოდა. კლება პირველად 2024 წლის შედეგებით დაფიქსირდა, 2025 წელს კი ეს ტენდენცია გაძლიერდა. კლება საბაჟო-სატარიფო რეგულირების ღონისძიებებმა განაპირობა. 2023 წლის აგვისტოში რუსეთის ხელისუფლებამ არამეგობრული ქვეყნებიდან შეტანილ ღვინოებზე ბაჟი 12,5%-დან 20%-მდე გაზარდა, ხოლო შემდეგ, 2024 წლის ზაფხულში — 25%-მდე (მაგრამ არანაკლებ 2 დოლარისა 1 ლიტრ სასმელზე). ბაჟის ეს განაკვეთი 2027 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.

RBC-ს ინფორმაციით, იმპორტზე დაწესებული გადასახადების პირობებში მომხმარებელი სულ უფრო მეტად ირჩევს რუსულ ღვინოს, რომლის ცნობადობა, კონკურენტუნარიანობა და ხელმისაწვდომობა ბოლო წლებში გაიზარდა.

აღსანიშნია, რომ საქართველოსთვის ღვინის ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო ქვეყანაა. 2025 წელს საქართველოს ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 3%-ით 267 მილიონ 910 ათას დოლარამდე შეუმცირდა. ღვინის გაყიდვები კლება ძირითადად რუსეთში გადაზიდვების შემცირებამ განაპირობა, რომელიც ქართული ღვინისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარია. წელს კლების გათვალისწინებით ღვინის მთლიან გაყიდვებში რუსეთის წილი მცირედით 63.7%-მდე შემცირდა. 2024 წელს რუსეთის წილი 66.1% იყო.