2030 წლისთვის ევროპულ ქვეყნებთან ჩამორჩენის მინიმუმამდე შემცირება, სიღარიბის სრულად დაძლევა და მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მიღება – “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ყველა რესურსი აქვს, გეგმა რეალობად აქციოს. ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის უმთავრესი საზომი ეკონომიკაა, საქართველოს ეკონომიკა კი, პარტიის თავმჯდომარის ინფორმაციით, სხვა ქვეყნებთან შეფარდებით, შესამჩნევად იზრდება.
მმართველი გუნდის შეფასებით, საქართველოს პროგრესი ეკონომიკაში, მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია. “ქართულ ოცნებაში” დარწმუნებულები არიან, რომ სწრაფი და სტაბილური ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე დადებითად აისახება.
მმართველი გუნდის ოპონენტების განცხადებით, არსებული ეკონომიკური ტემპით, საქართველო ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ვერ მიუახლოვდება. ამბობენ, რომ ეკონომიკურ პროგრესს რამდენიმე წელზე მეტი დრო ჭირდება.
მმართველი გუნდის განცხადებით, ოპოზიცია საქართველოს ვერც პოლიტიკურ და ვერც ეკონომიკურ წარმატებას ეგუება და მუდმივად ცდილობს პროგრესის დისკრედიტაციას.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ხელისუფლების მიერ გატარებული სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება, სწრაფი ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორია. ირაკლი კობახიძე საქართველოში ეკონომიკურ ზრდას ევროკავშირში გაწევრიანებული ქვეყნების მაჩვენებელს ადარებს და მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2003-23 წლებში ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ნომინალური ეკონომიკა 4-ჯერ, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის – 3-ჯერ, სლოვენიისა და უნგრეთის – 2-ჯერ გაიზარდა მაშინ, როდესაც იმავე პერიოდში, საქართველოს ეკონომიკა 7,5-ჯერაა გაზრდილი.
ეს ციფრები და ფაქტები, ექსპერტების შეფასებით, საქართველოში მდგრად ეკონომიკურ განვითარებას ადასტურებს. ეკონომისტები განმარტავენ, რომ პოზიტიური მაჩვენებლები სტაბილურ მაკრო-ეკონომიკურ გარემოს, მყარ ეროვნულ ვალუტას და მოსახლეობისთვის შემოსავლების ზრდას ნიშნავს.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ განცხადება დღეს, სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოსა და მოწინავე ქვეყნებს შორის, ცხოვრების დონის თვალსაზრისით, სხვაობა თანდათანობით მცირდება.