ლანდერჰოლმი: თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, ვშიშობ, მათი მადა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება

თითქმის 20 თვიანი ყოყმანის შემდეგ, თურქეთი შვედეთის ევროკავშირში გაწევრიანებას დათანხმდა. სტოკჰოლმისთვის ალიანსში გაწევრიანების გზაზე ახლა ერთადერთი ქვეყანა, უნგრეთი რჩება.
შვედეთი 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ნეიტრალური ქვეყანა იყო. სტოკჰოლმმა თავდაცვით ალიანსში გაწევრიანება 2022 წელს, ში შეჭრის შემდეგ ფინეთთან ერთად გადაწყვიტა. ფინეთი ნატოს ვილნიუსის სამიტზე შეუერთდა, რითაც ნატო-რუსეთის საზღვარი თითქმის გაორმაგდა.
შვედეთის ნატოში გაწევრიანების შემდეგ ალიანსს მძლავრი ტექნოლოგიური შესაძლებლობების შეიარაღებული ძალები და რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო წყალქვეშა გემების ფლოტი შეუერთდება.
რას ნიშნავს შვედეთის გაწევრიანება ნატოში ევროპის სტაბილობისთვის და რას ნიშნავს ის რუსეთისთვის? ამ თემებზე “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ია მეურმიშვილი შვედეთის ეროვნული უშიშროების მრჩეველ ჰენრიკ ლანდერჰოლმს მისი ვაშინგტონში ვიზიტის დროს ესაუბრა.
ინტერვიუ დარედაქტირებულია შემოკლებისა და სიცხადის მიზნით.
თურქეთის პარლამენტმა დაამტკიცა შვედეთის გაწევრიანება ნატოში. როგორი შეგრძნებაა ეს და რას ნიშნავს ეს სიახლე შვედეთისთვის?
ნამდვილად კარგი შეგრძნებაა. ეს იმის დასტურია, რომ ჩვენ სწორ გზაზე მივდივართ და თურქეთი ასრულებს თავის ვალდებულებებს, რაზეც პრეზიდენტი ერდოღანი და პრემიერ-მინისტრი კრისტენსონი გასულ წელს ვილნიუსში შეთანხმდნენ. ჩვენ ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ის დღე კარგი დღეა, როდესაც ეს მოხდა.
შემდეგი ნაბიჯი პრეზიდენტ ერდოღანის მიერ გადაწყვეტილების ხელმოწერა არის. ელოდებით რაიმე გართულებას?
გართულებების მოლოდინი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ეს ფორმალობაა. ის უნდა გამოქვეყნდეს თურქეთის პარლმენტის ოფიციალურ საკანონმდებლო მაცნეში და შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა, რომელმაც თავად შესთავაზა ეს პარლამენტს, უნდა გადადგას ერთი ნაბიჯი წინ და შემდეგ გადასცეს ინსტრუმენტები სახელმწიფო დეპარტამენტს, როგორც ეს ვაშინგტონის შეთანხმებაშია ნათქვამი. და შემდეგ, რა თქმა უნდა, მომდევნო ნაბიჯი არის უნგრეთის მიერ რატიფიკაცია.
პრემიერ-მინისტრი ორბანი შვედეთის პრემიერ კრისტენსონს მოლაპარაკებაზე ეპატიჟება, სანამ პარლამენტი შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს. იცით, რაზე სურს მას მოლაპარაკება?
ჩემი საგარეო საქმეთა მინისტრის ციტირება რომ მოვახდინო, მოსალაპარაკებელი ბევრი არ არის. ძალიან კეთილ და ღია წერილში, რომელიც მან ჩემს პრემიერს გაუგზავნა, ორბანი ბუდაპეშტში ვიზიტს გვთავაზობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდება. უნდა გვახსოვდეს, რომ უნგრეთმა შვედეთი ნატოს წევრად ყოველგვარი წინაპირობების გარეშე მოიწვია, რაც სრულიად განსხვავებული სიტუაციაა თურქეთისგან, რომლის უსაფრთხოების შეშფოთებაც ძირითადად უკავშირდებოდა ტერორიზმის მიმართ შვედურ და ფინურ მიდგომას.
საქართველოს ევროკავშირისა და ნატოს გაწევრიანების გასაღები, უმეტესწილად, ბრიუსელში არ არის. ეს გასაღები თბილისშია. ვიტყოდი, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის გახსნა აბსოლუტურად აუცილებელი იყო.
თურქეთის მთავრობასთან ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. თურქეთის ხელისუფლებასთან, დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში, მადრიდისა და ვილნიუსის [ნატოს სამიტებს] შორის შევქმენით პროცესი შვედეთს, ფინეთსა და თურქეთს შორის მუდმივი ერთობლივი მექანიზმის ასამუშავებლად. უნგრეთთან დაკავშირებით, მჯერა, რომ უნგრელების მხრიდან დიალოგის საჭიროებაა და ჩვენ ღია ვართ ასეთი დიალოგისთვის, მაგრამ მოთხოვნებზე დაფუძნებული მოლაპარაკებისთვის, რაიმე წინაპირობა არ არის.
ამ პროცესის განმავლობაში შეერთებული შტატები აქტიურად უჭერდა მხარს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას. როგორ მიიღეს აქ ეს სიახლე?
ძალიან პოზიტიურად. ვიტყოდი, იყო ერთგვარი შვებაც. ამერიკის მხრიდან შვედეთს თავიდანვე ჰქონდა ძლიერი მხარდაჭერა. ერთი რამ რაც უნდა აღვნიშნო, არის ის, რომ ჩვენ ორივეს შვედეთს და ფინეთს, ნატოს წევრებად იმაზე მეტად მოგვესალმებიან, ვიდრე ვფიქრობდით. შვედეთის სახელით ვიტყვი, ჩვენ გვესმოდა, რომ როდესაც რუსეთმა აჩვენა თავისი რეალური სახე, როდესაც [რუსეთმა] უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით აჩვენა, რომ იყო ლიმიტის არ მქონე მტაცებელი, ჩვენ გვჭირდებოდა საკუთარი უსაფრთხოების დაცვა. გაჩნდა ზოგადი განცდა, რომ ჩვენ უსაფრთხოების მომთხოვნ მხარეს ვიყავით და გვჭირდებოდა ნატოს მხარდაჭერა. ამას გრძნობდა შვედეთის მოსახლეობა.
ამის გამო, ჩვენ 230 წლიანი სამხედრო მიუმხრობლობა და დროდადრო ნეიტრალიტეტი შევცვალეთ, რაც პოზიციის უზარმაზარი ცვლილებაა. ეს არ იყო გადაწყვეტილება, რომელიც შვედეთში ადვილად მივიღეთ. სამი უმსხვილესი პარტიიდან ორმა, აზრი 2022 წლის გაზაფხულზე ათი კვირის განმავლობაში შეიცვალა. შეერთებული შტატები ყოველთვის გვერდში გვიდგას.
მათ ძალიან მკაფიოდ იცოდნენ, რომ ჩვენ არა მხოლოდ ზოგადი ღია კარის პოლიტიკის გამო შეგვეძლო ნატოში განაცხადის შეტანა, არამედ ჩვენ ნატოსთვის მნიშვნელოვანი დამატება ვიქნებოდით. გასული წლის განმავლობაში მივხვდით, რომ ჩვენი წვლილი დაფასებულია.
ჩვენ გვაქვს აქტივები, რომლებიც საკმაოდ უნიკალურია ბალტიისპირეთში. ჩვენ გვაქვს სამხედრო აქტივები, როგორიც ბევრს არ აქვს. ჩვენი სამხედრო ძალა შეიძლება ზომით დიდი არ იყოს, მაგრამ ხარისხით ის რამდენიმეს თუ ჩამორჩება. ჩვენ გვაქვს შთამბეჭდავი თავდაცვის ინდუსტრია. ჩვენ გვაქვს კოსმოსური აქტივები და ჩვენს ტერიტორიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფინეთისა და ბალტიის ქვეყნების დასაცავად. ჩვენ გვაქვს ყველაზე გრძელი სანაპირო ზოლი ბალტიის ზღვაზე და მისი დაცვის ეროვნული პასუხისმგებლობა. ამასთან, გვყავს ერთ-ერთი უძლიერესი საზღვაო ფლოტი, განსაკუთრებით ბალტიის ზღვაში, სადაც ბუნებრივი როლი გვაქვს.
თურქეთს სურს შეერთებულმა შტატებმა მას F-16-ების ყიდვის ნებართვა მისცეს, შვედეთის ნატოს წევრის თანხმობის სანაცვლოდ. რა შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ამ დებატების შესახებ?
ჩვენ ამ კუთხით არცერთ დისკუსიაში მონაწილეობა არ მიგვიღია. ჩვენი გადმოსახედიდან, შევასრულეთ ჩვენი საშინაო დავალება თურქეთთან მიმართებაში. გვესმოდა, რომ არის სხვა საკითხებიც შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის, რომლებიც განიხილებოდა, მაგრამ ჩვენ ამაში ჩართული არ ვიყავით და არ გვაქვს არანაირი როლი ამ საკითხში. კარგად გვესმის, რომ გავაკეთეთ ის, რაც თურქეთმა გვთხოვა. ჩვენ სერიოზულად ვაფასებთ თურქეთის უსაფრთხოების შეშფოთებებს.
ახლა გვაქვს კარგი თანამშრომლობა შვედეთისა და თურქეთის პოლიციას, შვედურ და თურქულ დაზვერვას, შვედურ და თურქულ უსაფრთხოების სამსახურებს შორის, რაც მიესადაგება იმ მოლოდინებს, რომლებიც თურქეთს ქურთისტანის მუშათა პარტიის მიმართ ნატოში ჩვენი გაწევრიანების საკითხის დაყენებამდე ჰქონდა. ჩვენმა თურქმა კოლეგებმა თვალები აგვიხილეს ზოგიერთ საკითხზე, რომელიც შვედეთისთვის დიდი შეშფოთების საგანი არ იყო. ეს ახლა უკვე საერთო საზრუნავია.
თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, ვშიშობ, მათი მადა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და არ გამოვრიცხავთ, რომ მათ იღბალი სხვაგანაც სცადონ. თავდაპირველად, ალბათ არა სამხედრო მეთოდებით, არამედ სხვა ყველაფრის იარაღად გამოყენებით, რაც რუსული პოლიტიკის მახასიათებელია.
თქვენი აზრით, რას ცვლის რუსეთისთვის შვედეთისა და ფინეთის წევრობა ნატოში?
თუ მოვუსმენთ რუს თანამოსაუბრეებს ზოგადად და კონკრეტულად პრეზიდენტ პუტინის საჯარო გამოსვლებს, დიდად არაფერი იცვლება. ვფიქრობ, ეს არის ის, რაც მან უნდა თქვას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის მოსახლეობისთვის აშკარა იქნებოდა, რომ 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრა არასწორი გათვლა იყო, რომელმაც რეალურად გამოიწვია სიტუაცია, რომელიც რუსეთის მდგომარეობას ართულებს.
მეორეს მხრივ, ვფიქრობ, რომ ამაში არის სიმართლის ნაწილი, რომ რუსეთი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში აღიქვამდა შვედეთს და ფინეთს, როგორც ნახევრად მოკავშირეებს და ღიად მტრული განწყობა არ ჰქონდა. ჩვენ არანაირად არ ვართ მტრულად განწყობილი რუსეთის მიმართ. გრძელვადიან პერსპექტივაში – შესაძლოა არა ჩემს სიცოცხლეში – მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში იმედი მაქვს, რომ რუსეთი განვითარდება დემოკრატიული მიმართულებით. ამაზე 1990-იან წლებში დიდ იმედებს ვამყარებდით. რუსეთმა აჩვენა და შვედეთმა იწვნია მათი აგრესიის შედეგები. ჩვენ აღარ შეგვიძლია ვენდოთ რუსეთის კეთილგანწყობას და ჩვენი უსაფრთხოება სხვებთან ერთად უფრო ფართო კონტექსტში უნდა ვეძებოთ.
თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, ვშიშობ, მათი მადა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და არ გამოვრიცხავთ, რომ მათ იღბალი სხვაგანაც სცადონ. თავდაპირველად, ალბათ არა სამხედრო მეთოდებით, არამედ სხვა ყველაფრის იარაღად გამოყენებით, რაც რუსული პოლიტიკის მახასიათებელია. ისინი ასევე შეეცდებიან ნატოს ერთიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას.
ამას ვერ გამოვრიცხავთ. ფრთხილად უნდა ვიყოთ. უნდა მოვემზადოთ. ჩვენ უნდა შევიარაღდეთ და მზად ვიყოთ ნაკლებად სავარაუდო, მაგრამ სრულიად შესაძლო მოვლენებისთვის. ეს აქტუალური დისკუსია არის შვედეთში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. ზოგიერთი ოპონენტი ამბობს, რომ ჩვენ განგაში ავტეხეთ. მე ასე არ ვიტყოდი. ჩვენ უბრალოდ უნდა მოვემზადოთ მეტ-ნაკლებად ისე, როგორც ცივი ომის დროს ვიყავით მომზადებული, როცა არაფერს გამოვრიცხავდით.
შვედეთი არის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც უკრაინას ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს. ამ ომში შვედების 90%-ზე მეტი უკრაინას უჭერს მხარს. რას აკეთებს თქვენი მთავრობა ამ მხარდაჭერის გასაგრძელებლად და ახლა ნატოში გაწევრიანების შემდეგ, რა პოზიციას დაიჭერდით უკრაინის მიმართ, განსაკუთრებით, ნატოს გაფართოების კონტექსტში?
უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ჩვენთვის განხილვის თემა არ არის, სანამ ნატოს წევრები არ ვართ. მე ვერ გეტყვით, როგორი იქნებოდა ჩვენი პოზიცია. აშკარაა, რომ ნატოს ქვეყნების უმრავლესობა, ამა თუ იმ ეტაპზე, მიესალმება უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას. ეს შეიძლება იყოს რთული გზა. ამჟამად ქვეყანა ომში იმყოფება, რაც თავისთავად პრობლემაა. მაგრამ უკრაინის ადგილი საბოლოოდ ევროატლანტიკური უსაფრთხოების სტრუქტურაშია. ასე რომ, საკითხი დგას არა ისე, მოხდება თუ არა ეს, არამედ, როდის და როგორ მოხდება ეს. Შვედეთი, ამ თვალსაზრისით, პროცესში აქტიურად იქნება ჩართული.
ეს ჩართულობა უფრო სწრაფი გაწევრიანების მიმართულებით იქნება, თუ უფრო საფრანგეთის პოზიციის მსგავსი, რომელიც ამბობს, რომ ამას ათწლეულები დასჭირდება?
როგორც ვთქვი, ამ მიმართულებით, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია. Მაგრამ ჩვენ უკრაინის ძლიერი მხარდამჭერები ვართ. ჩვენი მოსახლეობა უკრაინის ძლიერი მხარდამჭერია. ბოლო ორი წლის განმავლობაში, დიდწილად სამხედრო მხარდაჭერისთვის, უკრაინას 3 მილიარდი ევროს დახმარება აღმოვუჩინეთ/გავუწიეთ. თუ უკრაინა წააგებს ამ ომს, ეს დამღუპველი იქნება არა მხოლოდ ზოგადად ევროპისთვის, არამედ ასევე კონკრეტულად შვედეთისთვის და ჩვენი რეგიონისთვის. ეს რუსეთს ჩვენს საქმეებში ჩარევისა და ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების დაყოფის მცდელობის სურვილს გაუმძაფრებს. ასე რომ, სისუსტე რუსეთისთვის მოსაწვევია.
როგორც ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რუხი ზონები ან მწვანე შუქები რუსეთისთვის.
არის ასეთი ტენდენცია. მე ყოველთვის მაკვირვებდა და ტრაგიკულად მიმაჩნდა ერთი ასპექტი. მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას ურჩევნია ჰყავდეს მდიდარი, მშვიდობიანი და სტაბილური მეზობლები. ეს არის შვედეთის პოზიცია. ასეთია ქვეყნების უმეტესობის პოზიცია. Მაგრამ რაღაც უცნაური მიზეზის გამო, რუსეთს საპირისპირო აზრი აქვს. ის უპირატესობას ანიჭებს სუსტ და არასტაბილურ მეზობლებს, რომ მათზე გავლენის მოხდენა და დომინაცია შეძლოს. ვფიქრობ, ეს სრულიად უსარგებლო და არასწორი აღქმაა იმისა, თუ როგორ მუშაობს სამყარო. რუსეთი უფრო მდიდარი, აყვავებული და მშვიდობიანი იქნებოდა, თუ მას მეზობლების მიმართ უფრო დიდსულოვანი და ნაკლებად დომინანტური მიდგომა ექნებოდა. ეს კი, იმედი მაქვს, ჩემი ცხოვრების განმავლობაში.
ჩემი ბოლო კითხვა საქართველოს ეხება. საქართველომ მიიღო დიდი ხნის ნანატრი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. როგორ ხედავთ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ევროკავშირთან დაახლეობის გზაზე? ასევე, ნატოს წევრობაზე, რაც ამ მომენტში ერთგვარ უკანა პლანზეა გადაწეული, თუმცა საქართველოს კომსტიტუციაშია ჩაწერილი, რომ ქვეყანა ამ მიზნისკენ სვლას გააგრძელებს.
ვიტყოდი, რომ საქართველოს ევროკავშირისა და ნატოს გაწევრიანების გასაღები, უმეტესწილად, ბრიუსელში არ არის. ეს გასაღები თბილისშია. ვიტყოდი, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის გახსნა აბსოლუტურად აუცილებელი იყო. საბოლოო მიზნის მისაღწევად ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ეს ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ქართველების იმედისთვის ახალი ძალის მისაცემად, რომ იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც საქართველოა, ქვეყნისთვის არის სხვა შესაძლებლობებიც გარდა იმ მცდარი აზრისა, რომ საქართველოს მომავალი რუსეთთან ახლო თანამშრომლობაა. ევროკავშირის მხრიდან ეს იყო როგორც პოლიტიკურად, ისე რეალურად აუცილებელი ნაბიჯი .
ორივე გაერთიანებაში წევრობასთან დაკავშირებით, თბილისის გადასაწყვეტია საჭირო ნაბიჯების გადადგმა. ევროკავშირში გაწევრიანება ძალიან ბევრ პირობაზეა დაფუძნებული და საქართველოს მხრიდან ამ ძალისხმევაში წარმატების მიღწევა, უდიდესი წილით, საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული. საბოლოო მიზნის მისაღწევად, ქვეყანამ ეს პროცესი წარმატებით უნდა გაიაროს, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ძალიან არასასიამოვნო იყოს. საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხის დაწინაურებას კი ვერ ვხედავ, სანამ უკრაინის საკითხი არ გადაწყდება.
საკითხში ომის დასრულებას გულისხმობთ თუ ნატოში გაწევრიანებას?
ვიტყოდი, რომ ეს საკითხები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მაგრამ ეს ჩემი მოლოდინია.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი: მოთმინებით ეპყრობოდა აშშ “ქართული ოცნების” მანევრებს, კობახიძე მიწვეული იყო ვაშინგტონში და უარი განაცხადა, ახლა კი მასთან შეხვედრა აღარავის უნდა – არ გამოვრიცხავ, შემდეგი სანქციები არჩევნებამდეც გამოცხადდეს

პრემიერი “მომავლის სამიტზე” – ჩვენს წინაშე უპრეცედენტო გამოწვევებია – საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად