სამუშიას თქმით, გამოსახლების დროს დაკავებულ ლექტორს თსუ-მ შუამდგომლობა გამოუცხადა “შესაბამის უწყებებთან”

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას თქმით, თსუ-ს ლექტორს, აკაკი ჩიქობავას შუამდგომლობა გამოუცხადეს “შესაბამის უწყებებთან”. ჩიქობავა 23 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯეს.
ჟურნალისტებთან საუბრისას ჯაბა სამუშიამ განაცახდა, რომ მან, ასევე პირადად გადასცა ადვოკატს შუამდგომლობა სასამართლოსთან მიმართებით.
“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ერთადერთი უნივერსიტეტი, რომელმაც აკაკი ჩიქობავას აკადემიური საბჭოს დონეზე შუამდგომლობა გამოუცხადა შესაბამის უწყებებთან. ამავდროულად, გუშინწინ ხელი მოვაწერე და გადავეცი ადვოკატს პირადად ჩემი შუამდგომლობა სასამართლოსთან მიმართებაში, ეს არის ის, რაც უნივერსიტეტმა ამ მიმართულებით გააკეთა.
სამწუხაროდ, ის მოთხოვნები, რაც არის მევახშეობის მიმართულებით, ასევე, გამოცდების ჩაშლასთან მიმართებით, ეს არის აბსურდი, ეს შეუძლებელია. საგანმანათლებლო პროცესი არის ის მიმართულება, რაზეც უნივერსიტეტია შექმნილი და უნივერსიტეტისთვის პრობლემის შექმნა ცოტა უხერხულია”, – ამბობს სამუშია.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების წინააღმდეგ პროტესტისას დაკავებულ ლექტორს უჭერენ მხარს, მეოთხე დღეა, დაკავებული აქვთ უნივერსიტეტის კანცელარია და უნივერსიტეტის გაფიცვას ითხოვენ.
„მაისის სტუდენტური მოძრაობის“ წევრი, ტატო ჩანგელია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სტუდენტების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და პროფესურა შემოუერთდეს მისივე ლექტორის, დაკავებული აკაკი ჩიქობავას გათავისუფლების მოთხოვნას და უნივერსიტეტი გაიფიცოს მანამ, სანამ მას, თანამოაზრესთან, ილიაუნის დოქტორანტ გიორგი ხასაიასთან ერთად, არ გაათავისუფლებენ.
23 იანვარს, მოქალაქეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, აღსრულების პოლიციამ საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით, ძალის გამოყენებით გამოასახლა ხატიაშვილების ოჯახი კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან.
პოლიციამ გამოსახლების წინააღმდეგ გამოსული 20 ადამიანი დააკავა. 2 მათგანი – სისხლის სამართლის წესით.
სისხლის სამართლის წესით დაკავებულები არიან სოციალურ საკითხებზე აქტიური მოძრაობა „ხმის“ დამფუძნებელი წევრები: გიორგი ხასაია და აკაკი (კაკო) ჩიქობავა.
კაკო ჩიქობავა თსუ-ის პროფესორია.
გიორგი ხასაია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 იანვარს ორივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.
მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.