ყველაზე დიდი განძი ადამიანი და ადამიანური ურთიერთობებია. წუთისოფელში გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი გამოცდილებით დაგროვებულ ცოდნას არ იშურებენ და უხვად გვიზიარებენ. ეს იშვიათი კატეგორიაა, რომელსაც მასწავლებელი ჰქვია. მე წილად მხვდა ბედნიერება, ამ კაცისგან ბევრი რამ მესწავლა, ვსწავლობ და მომავალშიც ასე იქნება.
ირაკლის ადამიანური თვისებების შესახებ საჯაროდ არასოდეს მისაუბრია. ესენია: ღირსება, ერთგულება, ვაჟკაცობა, თავდადება და სხვისი გასაჭირის საკუთრად აღქმა. არაერთი შემთხვევის მომსწრე ვარ, თუ როგორ დახმარებია სრულიად ჩუმად ადამიანებს და ამის შესახებ არავის გაუგია და ვერც ვერასოდეს გაიგებს. სიკეთეს რომ მალვა უნდა, ამ ადამიანის ცხოვრებისეული დევიზია.
საქართველოსთვის რამდენი რამ გაუკეთებია, ამაზე მე არ ვისაუბრებ, ისტორია იტყვის თავის სათქმელს. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ იგივე კანდიდატის სტატუსი, რაც თანამედროვე საქართველოს უდიდესი ისტორიული მონაპოვარია, მისი უდიდესი ძალისხმევის შედეგია. ყველა კარგი საქმის უპრეცედენტოდ ძლიერი მხარდაჭერა ირაკლის ხელწერაა. პირდაპირ და შეულამაზებლად ვიტყვი, რომ ყველა დიდი საქმე, რაც იუსტიციის სამინისტროში დავიწყეთ, დავასრულეთ და გრძელდება, იმ გამხნევებისა და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, 24 საათის განმავლობაში ირაკლის ჩართულობისა და გვერდში დგომის შედეგია.
ყველაზე მთავარი, რაც ირაკლის ახასიათებს, სიყვარულის უნარია. სწორედ სიყვარულით ნაკეთები საქმე ისხამს ნაყოფს, რაც ასე მრავლად არის ირაკლის მოღვაწეობაში .გუნდის შეკვრა, საერთო მიზნის გარშემო გაერთიანება და ისეთი მოტივაცია, რომელსაც უშრეტი ენერგიის წარმოქმნა შეუძლია, ირაკლის ლიდერული უნარებია.
ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ღირსეული მეგობარი მყავს. მადლობა ყველაფრისთვის, ჩემო ირაკლი.
წერს Facebook-ზე იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე.