ირანელთა საპროტესტო აქციაზე მიუნხენში 250 ათასამდე ადამიანი მივიდა, იტყობინება ქალაქის პოლიცია. მათი თავყრილობა, რომელიც ქალაქის ტერეზიენვიზეზე გაიმართა საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის ფონზე, ირანის ხელისუფლების მოწინააღმდეგეების მიერ ევროპაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია იყო.
როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება მიუნხენიდან, ქალაქის მეტროს სადგურები ირანის დროშიანმა ხალხმა გაავსო, რომლებიც ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ.
მიუნხენის საპროტესტო აქცია გლობალური აქციის დღის ნაწილია, რომელიც ირანის უკანასკნელი შაჰის ვაჟის, რეზა ფეჰლევის, მოწოდებით იმართება. სხვა მასშტაბური შეკრებებიც იყო მოსალოდნელი ლოს-ანჯელესსა და ტორონტოში.
მიუნხენში მთელი ევროპიდან ჩავიდნენ ადამიანები, რომლებიც ბრაზს არ მალავენ არიან იანვარში ირანში დემონსტრანტების სისხლიანი დარბევის გამო, რომლის დროსაც უსაფრთხოების ძალებმა ათასობით ადამიანი მოკლეს.
იანვრის შემდეგ სპარსეთის ყურეში აშშ-ის საზღვაო ძალების უდიდესი თავმოყრაა წლების განმავლობაში.
რეზა ფეჰლევიმ მიუნხენიდან ტრამპს მიმართა: „პრეზიდენტ ტრამპს… ირანელმა ხალხმა გაიგო თქვენი ნათქვამი, რომ დახმარება გზაშია და მათ თქვენი სჯერათ. დაეხმარეთ მათ,“ მოუწოდა მან ტრამპს.
„დროა დავასრულოთ ისლამური რესპუბლიკა. ეს არის მოთხოვნა, რომელიც გაისმის ჩემი თანამემამულეების სისხლის ღვრიდან, რომლებიც რეჟიმის გამოსწორებას კი არ გვთხოვენ, არამედ მის დამარხვაში დახმარებას“, – დასძინა მან.
როდესაც ირანმა საპროტესტო აქციების დარბევა დაიწყო, ტრამპმა თავდაპირველად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „მოქმედებისთვის მზად იყო“ დემონსტრანტების დასახმარებლად.
მაგრამ ბოლო დროს მან თავისი სამხედრო ძალით მუქარა თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო შეთანხმების მიღწევას დაუკავშირა.
თუმცა, როგორც ჩანს, აშშ-სა და ირანის მომლაპარაკებლებს შორის მოლაპარაკებები უფრო სხვა საკითხებზეა ორიენტირებული, როგორიცაა ირანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამები და მისი მარიონეტული ძალების ქსელი ლიბანში, ერაყსა და იემენში.
წინა დღეს ფეჰლევი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რაც ყოფილი ტახტის მემკვიდრისთვის ასეთ დონეზე უკიდურესად იშვიათი შეხვედრა იყო.
უკრაინის საზოგადოებრივი ტელევიზიის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ართმევენ ხელს ორი კაცი ხით მოპირკეთებულ ოთახში და შემდეგ მაგიდასთან სხედან. ფეჰლევიმ მადლობა გადაუხადა ზელენსკის ირანელი დემონსტრანტების მხარდაჭერისთვის დავოსში, შვეიცარიაში, ბოლო დროს გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას.
13 თებერვალს მიუნხენში გაცილებით მცირე მასშტაბის საპროტესტო აქცია გამართა ირანის წინააღმდეგობის ეროვნულმა საბჭომ, რომელმაც დაგმო როგორც ირანის ამჟამინდელი ხელისუფლება, ასევე მონარქისტული მმართველობის იდეა.




