„ილუზიაა იმის დაჯერება, რომ ომის საიმედოდ დასრულება შესაძლებელია უკრაინის გაყოფით“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
უკრაინის პრეზიდენტმა გააფრთხილა ლიდერები, არ გაიმეორონ 1938 წლის მიუნხენის შეთანხმება, როდესაც ევროპის ნაწილი დათმეს ომის თავიდან ასაცილებლად და კატასტროფა მიიღეს.
ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა მზადაა გარიგებისთვის, რომელიც რეალურ მშვიდობას მოიტანს და არჩევნების ჩატარებაზეც, ორთვიანი ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში.
„ჩვენ შეგვიძლია, რუსების ცეცხლის შეწყვეტის შესახებაც გამოვაცხადოთ, თუ ისინი რუსეთში არჩევნებს ჩაატარებენ“, — დასძინა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლის დიდი ნაწილი დაეთმო უკრაინელი ხალხის გამძლეობის ქებას და საერთაშორისო საზოგადოების ეფექტური მოქმედებისკენ მოწოდებას.
„გულახდილად გეტყვით, ომის დროს ლიდერისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მოსასმენი საჰაერო ძალების სარდლის მოხსენებაა, როდესაც ის ამბობს, რომ საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფები ცარიელია. დაცლილია. მათ გამოიყენეს რაკეტები რუსული დარტყმების მოსაგერიებლად, მარაგი კი აღარ არის. ამ დროს დაზვერვა იტყობინება, რომ ერთ-ორ დღეში მოსალოდნელია ახალი მასირებული შეტევა“, — თქვა ზელენსკიმ.
მან კონფერენციის სტუმრებს აჩვენა, რუსეთის ერთ-ერთი თავდასხმის შედეგები, როდესაც მხოლოდ ერთ ღამეში, კიევის, დნიპროს, ოდესის წინააღმდეგ 24 ბალისტიკური რაკეტა, ერთი მართვადი საავიაციო რაკეტა და 219 მოიერიშე დრონი გაუშვეს.
„მიუხედავად ამისა, უკრაინამ გაუძლო სრულმასშტაბიანი ომის 1 451 დღეს — იმაზე დიდხანს, ვიდრე ვინმე პროგნოზირებდა. მინდა გესმოდეთ ამ თავდასხმების რეალური მასშტაბი“, — თქვა ზელენსკიმ და ვიზუალურ მასალასთან ერთად, სტატისტიკური მონაცემები მოიყვანა.
„ომში დროს თავად ომი ფლობს“
„ამ ომის დროს იარაღი უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე მათი შეჩერებისთვის საჭირო პოლიტიკური გადაწყვეტილებები. როდესაც ირანის რეჟიმმა რუსეთს პირველად მიაწოდა „შაჰიდები“, ისინი მარტივი იარაღი იყო — მათი ჩამოგდება ადვილი იყო. ახლა „შაჰიდი“ სხვაგვარია: აქვს რეაქტიული ძრავა, შეუძლია სხვადასხვა სიმაღლეზე ფრენა, იმართება ოპერატორის მიერ რეალურ დროში და სამიზნემდე მისაღწევად Starlink-საც კი იყენებს. ის შეიძლება სხვა დრონების გადამტანიც იყოს FPV-ებისთვის. ომი ავლენს ბოროტების ისეთ ფორმებს, რასაც არ ველოდით. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ომი და რაც მეტ რესურსს იღებს აგრესორი, მით უფრო სახიფათო ხდება იარაღის, თავად ომისა და პუტინის ევოლუცია“, — განაცხადა ზელენსკიმ.
მან გაიხსენა, როგორ აღიქმებოდა სრულმასშტაბიანი ომი პირველ წელს:
„გვეუბნებოდნენ, რომ მხარდაჭერა გაგრძელდებოდა, მაგრამ არა იმ მასშტაბითა და სიჩქარით, რაც უკრაინის გამარჯვებისთვის ან რუსეთის დამარცხებისთვის იყო საჭირო. რას ნიშნავდა ეს? ეს ნიშნავდა დროს. არსებობდა იდეა, რომ ამერიკას შეეძლო ომის ტემპისა და ესკალაციის რისკების მართვა ისე, რომ მიღწეულიყო წერტილი, სადაც რუსეთი ვეღარ შეძლებდა თავდასხმას, უკრაინა კი დათანხმდებოდა ოკუპირებული ტერიტორიების არდაბრუნებას. ბობ ვუდვორდი თავის წიგნში „ომი“ წერს აშშ-ის წინა ადმინისტრაციის ამ მიდგომაზე და იმაზე, თუ როგორ ამბობდა თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი: „საათი ჩვენს ხელშია“. რა თქმა უნდა, მადლიერნი ვართ ყოველი მოწოდებული აღჭურვილობისთვის, მაგრამ ნახეთ, რამდენი ძალისხმევა გვჭირდებოდა, რომ მიგვეღო ძლიერი იარაღი. თვეები დასჭირდა HIMARS-ებს, თვეები ტანკებს, წლები — თვითმფრინავებს. ყველაფერს დრო მიჰქონდა. ამას არავისთვის გაუადვილებია მდგომარეობა, რადგან ომში დროს თავად ომი ფლობს და მას ადამიანების წინააღმდეგ იყენებს. ამიტომ არცერთი დღე და შესაძლებლობა სიცოცხლის დასაცავად არ უნდა დაიკარგოს“.
ირანი
„უკრაინას ირანთან საზღვარი არ აქვს და არც ინტერესთა კონფლიქტი გვქონია ირანის რეჟიმთან, მაგრამ მათ მიერ რუსეთისთვის მიყიდული „შაჰიდები“ კლავენ ჩვენს ხალხს და ანგრევენ ჩვენს ინფრასტრუქტურას. ირანის რეჟიმმა უკვე მიაყენა და კიდევ შეუძლია მიაყენოს იმაზე მეტი ზიანი სამყაროს, ვიდრე ბევრ სხვა რეჟიმს ერთი საუკუნის განმავლობაში. თუმცა ეს რეჟიმი კვლავ არსებობს და გადარჩენის იმედი აქვს. დღეს ირანელი ხალხი მსოფლიოსგან იმასვე ელის, რაც ჩვენ დაგვჭირდა 24 თებერვალს: ერთიანობას, გამბედაობას და სისწრაფეს. ირანის მსგავს რეჟიმებს დრო არ უნდა მიეცეთ. როცა მათ დრო აქვთ, ისინი უფრო მეტს კლავენ. პუტინის შემთხვევაშიც ასე უნდა მომხდარიყო — საქართველოს ომის, სირიის, 2014 წლისა და ყირიმის ოკუპაციის შემდეგ“, — განაცხადა ზელენსკიმ.
სამხედრო წარმოება
ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას დღეს აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოცდილება დრონებისგან თავდაცვაში და პარტნიორებთან ერთად, სულ უფრო მეტ ინტერცეპტორს აწარმოებს. „მივაღწევთ იმ წერტილს, როცა იმდენი გვექნება, რომ „შაჰიდები“ რუსეთისთვის აზრს დაკარგავს“, — თქვა მან.
ზელენსკის თქმით, ევროპის გადაწყვეტილება 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ უკრაინის ფინანსური სტაბილურობის გარანტიაა.
„ახლა ჩვენ ვქმნით ახალ სისტემას, უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას ნებისმიერი ევროპული ქვეყნის დასაცავად. ჩვენი „დრონების კედელი“ თქვენი „დრონების კედელიცაა“. ჩვენი ექსპერტიზა თქვენი უსაფრთხოების ნაწილია. ევროპას სჭირდება რეალური საერთო თავდაცვის პოლიტიკა, ისევე როგორც მას უკვე აქვს საერთო ეკონომიკაში, კანონმდებლობასა და სოციალურ პოლიტიკაში. გთხოვთ, მიაქციეთ ყურადღება უკრაინას. ეს რომ ადრე მომხდარიყო, ომი არ დაიწყებოდა“, — განაცხადა ზელენსკიმ.
სანქციების გვერდის ავლა
„მაგრამ თვალი არ დავხუჭოთ პრობლემებზე. რუსეთს კვლავ ჰყავს თანამზრახველი რეჟიმები, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა და კომპანიები მთელ მსოფლიოში (ბევრი მათგანი ჩინეთიდან), რომლებიც გვერდს უვლიან სანქციებს. გარდა ამისა, პუტინს კვლავ აქვს ფინანსური სტაბილურობის გარანტიები, რომელთა დიდი ნაწილი აქ, ევროპაშია. რუსული ნავთობტანკერები კვლავ თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპის სანაპიროებთან — ბალტიის, ჩრდილოეთისა და ხმელთაშუა ზღვებში. საერთო ჯამში, რუსეთი 1000-ზე მეტ ტანკერს იყენებს. თითოეული მათგანი, ფაქტობრივად, კრემლის „მფრინავი ტყვიაა“. ეს საკითხი განვიხილე პრეზიდენტ მაკრონთან და ურსულა ფონ დერ ლაიენთან. საჭიროა ევროპული კანონმდებლობის განახლება, რომ ეს ტანკერები არა მხოლოდ შეჩერდეს, არამედ დაიბლოკოს და კონფისკაცია მოხდეს. ნავთობის ფულის გარეშე პუტინს ომისთვის სახსრები არ ექნება“, — განაცხადა ზელენსკიმ.
ომის ფასი
უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, ომის ერთი თვე პუტინისთვის 35 000 მოკლულ ან მძიმედ დაჭრილ ჯარისკაცს.
„არსებობს კონკრეტული ფასი, რომელსაც რუსეთი ყოველი ოკუპირებული კილომეტრისთვის იხდის — დონეცკის ფრონტზე ეს ერთი კილომეტრისთვის 156 ჯარისკაცია. პუტინს ეს ახლა არ ადარდებს, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომლის შემდეგაც დაფიქრდება. ყოველთვიურად რუსეთი 40 000-ზე მეტ ადამიანს ახდენს მობილიზებას. ჩვენი არმიის მისია ნათელია: თვეში მინიმუმ 50 000 ოკუპანტის განადგურება. ეს რუსეთისთვისაც კი სერიოზული დარტყმა იქნება“, — თქვა მან.
ზელენსკი გამოეხმაურა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერის განცხადებას, რომ სანამ უკრაინა იცავს ევროპას, საფრთხე არც ისე დიდია.
„თუ პირდაპირ და ცოტა ცინიკურად ვიტყვით, დღეს ასეთი სიტუაციაა. მაგრამ შეხედეთ ფასს! შეხედეთ ტკივილს და ტანჯვას, რომელიც უკრაინამ გამოიარა. სწორედ უკრაინელებს უჭირავთ ევროპული ფრონტი. ჩვენი ხალხის ზურგს უკან დგას დამოუკიდებელი პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, სუვერენული მოლდოვა და რუმინეთი. თუმცა ჩვენი ხალხიდან არავის აურჩევია ასეთი გმირობა. უკრაინას ეს ომი არ აურჩევია. მცდარია ფიქრი, რომ სხვები სამუდამოდ უსაფრთხოდ იქნებიან უკრაინის ზურგს უკან. უკრაინელები ადამიანები არიან და არა ტერმინატორები. ჩვენი ხალხიც იხოცება“, — განაცხადა ზელენსკიმ.
უსაფრთხოების გარანტიები
ზელენსკიმ თქვა, რომ ვლადიმერ პუტინი „ომის მონაა“ და თუ ის კიდევ 10 წელი იცოცხლებს, ომი შეიძლება დაბრუნდეს ან გაფართოვდეს.
„ამიტომ გვჭირდება უსაფრთხოების რეალური გარანტიები უკრაინისა და ევროპისთვის. ჩვენ გვაქვს მზა შეთანხმებები აშშ-ისა და ევროპასთან. ვფიქრობთ, უსაფრთხოების გარანტიები უნდა გაფორმდეს მანამ, სანამ ომის დასრულების რაიმე შეთანხმება მოხდება“, — განაცხადა ზელენსკიმ.
სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს, კიევის მოთხოვნით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტული თარიღის გაწერაც.
„სანგრები გათხარეთ“
ზელენსკიმ გაიხსენა, როგორ მოუწოდებდა მსოფლიოს პრევენციული მოქმედებებისკენ, როდესაც რუსეთმა, სრულმასშტაბიან შეჭრამდე, ასი ათასზე მეტი ჯარისკაცი განალაგა უკრაინის საზღვრებთან:
„მაშინდელი მთავარსარდალი ზალუჟნი გავგზავნე ამერიკულ მხარესთან სალაპარაკოდ. ვუთხარი: უთხარი, რომ გვჭირდება ჯაველინები, სტინგერები და რეალური იარაღი, რათა რუსეთმა დაინახოს, რომ ხელცარიელები არ ვართ. ყველაზე პრაქტიკული რჩევა, რაც გენერალმა მილიმ მოგვცა, იყო: „გათხარეთ სანგრები“. აი, რა პასუხით დაბრუნდა ჩემი მთავარსარდალი. წარმოიდგინეთ, საზღვართან ასიათასობით რუსი ჯარისკაცია და თქვენ გეუბნებიან — სანგრები გათხარეთო. თუ რუსული ჯარი შევა ლიეტუვაში ან ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის სხვა ქვეყანაში, რას მოისმენენ მოკავშირეები? იმას, რომ დახმარება გზაშია, თუ იმას, რომ სანგრები გათხარონ? ამიტომ გვჭირდება ერთობლივი ევროპული თავდაცვის პოლიტიკა და ამერიკული საყრდენი“.
ნატო
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ უკრაინული არმია ყველაზე ძლიერია ევროპაში და მისი ნატოს გარეთ დატოვება უბრალოდ არაგონივრულია.
„ეს თქვენი გადასაწყვეტი უნდა იყოს და არა პუტინის. დღეს ევროპას შიშიც აერთიანებს — არა იმის შიში, რომ უკრაინა ოდესმე ნატოში შევა, არამედ იმის, იარსებებს თუ არა საერთოდ ნატო. ჩვენ მხარს ვუჭერთ ალიანსს. გადაწყვეტილება მშპ-ის 5%-ის თავდაცვაზე დახარჯვის შესახებ არის წარსულის შეცდომების გამოსწორება და ინვესტიცია მომავალში. ბევრი ყოფილი ჩინოსანი ახლა ამბობს, რომ მათ გააფრთხილეს მსოფლიო ამ ომის შესახებ. უმეტეს შემთხვევაში, ისინი საკუთარ ისტორიას „ალამაზებენ“. მაგრამ არცერთ მათგანს არ შეუძლია თქვას, რეალურად რა გააკეთა ომის თავიდან ასაცილებლად. ეს მხოლოდ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობაა“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
რუსეთთან მოლაპარაკებები
„რუსეთს არ უნდა მიეცეს იმედი, რომ ეს დანაშაული შერჩება“, — თქვა უკრაინის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში.
მისი თქმით, აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის სამმხრივ მოლაპარაკებებზე, ზოგჯერ თითქოს მხარეები „სრულიად განსხვავებულ რამეებზე საუბრობენ“.
„რუსები ხშირად ახსენებენ „ანკორაჯის სულისკვეთებას“ და ჩვენ მხოლოდ გამოცნობა შეგვიძლია, რას გულისხმობენ ისინი სინამდვილეში. ამერიკელები ხშირად უბრუნდებიან დათმობების თემას და ძალიან ხშირად ეს დათმობები განიხილება მხოლოდ უკრაინის და არა რუსეთის კონტექსტში. ევროპა პრაქტიკულად არ ზის მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჩემი აზრით, ეს დიდი შეცდომაა. სწორედ ჩვენ, უკრაინელები ვცდილობთ, ევროპა სრულად ჩავრთოთ პროცესში, რათა ევროპის ინტერესები და ხმა გათვალისწინებული იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინა კი მუდმივად უბრუნდება ერთ მარტივ პუნქტს — მშვიდობა შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ მკაფიო უსაფრთხოების გარანტიებს.
ჩანს, პუტინს მიუნხენის გამეორება სურს — და არა 2007 წლის მიუნხენის, როცა მხოლოდ საუბრობდნენ ევროპის გაყოფაზე, არამედ 1938 წლის მიუნხენის, როდესაც ევროპის რეალური გაყოფა დაიწყო. ილუზიაა იმის დაჯერება, რომ ამ ომის საიმედოდ დასრულება შესაძლებელია უკრაინის გაყოფით; ისევე, როგორც ილუზია იყო ფიქრი, რომ ჩეხოსლოვაკიის მსხვერპლად შეწირვა გადაარჩენდა ევროპას დიდი ომისგან. როდესაც დღეს ადამიანები კითხულობენ, რა შეიძლება იყოს გარიგების ფასი, ჩვენი პასუხი მარტივია: მთავარია, ოთხ წელიწადში ცივილიზებულ სამყაროს აღარ მოუწიოს თავის მართლება, პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბრალება და დამნაშავის ძებნა“, — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.




