პელოსი: “მათ მიერ ცეცხლის შეწყვეტის მოწოდება, ბატონი პუტინის გზავნილია”

„ამერიკულ-ისლამური ურთიერთობის საბჭო“ გმობს, -ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერის განცხადებებს. ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ჯგუფები, რომლებიც შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქში, საპროტესტო გამოსვლებით ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ, შესაძლოა, დაკავშირებულნი იყვნენ რუსეთთან. ამასთან, ყოფილმა სპიკერმა გამოძიების ფედერალურ ბიუროს მოუწოდა, მათი რუსეთთან კავშირები გამოიძიოს. „ამერიკულ-ისლამური ურთიერთობების საბჭო“ მიიჩნევს, რომ ამგვარი განცხადებები, პალესტინელი ხალხის დეჰუმანიზაციას უტოლდება.
ნენსი პელოსიმ ეს კომენტარები ტელეკომპანია „სი-ენ-ენთან“ ინტერვიუში გააკეთა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის მიმართ პრეზიდენტ ბაიდენის პოლიტიკა, ავნებდა თუ არა მას, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.
„მათ მიერ ცეცხლის შეწყვეტის მოწოდება, ბატონი პუტინის გზავნილია. არ შეცდეთ, ეს პირდაპირ კავშირშია იმასთან, რისი ნახვაც მას [ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს] სურს. ვფიქრობ, დემონსტრანტებიდან ზოგიერთი სპონტანურია, ორგანული და გულწრფელი. ზოგიერთი, ვფიქრობ, რუსეთთანაა დაკავშირებული. გარკვეული დაფინანსება უნდა იყოს გამოძიებული და მინდა ვთხოვო გამოძიების ფედერალურ ბიუროს, გამოიძიოს ეს“, – განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა.
„არაკეთილსინდისიერებაა, როცა ამ ერში, ამგვარი გავლენის მქონე ადამიანი, უსაფუძვლო ცილისწამებას ავრცელებდეს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ცდილობს დაასრულოს მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა ღაზის სექტორში და ხელი შეუწყოს ამ კონფლიქტის სამართლიან გადაწყვეტას“, – აცხადებს ნენსი პელსოსის განცხადებების პასუხად, „ამერიკულ-ისლამური ურთიერთობის საბჭო“.
შეერთებულ შტატებში, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები სხვადასხვა ქალაქებში იმართება. გამოსვლებს მართავენ გზატკეცილებზე, აეროპორტებთან, ხიდებზე. საპროტესტო გამოსვლა გაიმართა თეთრ სახლთან. დემონსტრანტთა ნაწილმა, პრეზიდენტ ბაიდენის რამდენიმე გამოსვლა და ღონისძიება შეაფერხეს.
გასული წლის 7 ოქტომბერს, შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შედეგად, 1200 ადამიანი დაიღუპა, მეტწილად, სამოქალაქო პირები. ამასთან, „ჰამასმა“ 250-მდე ადამიანი დაატყვევა და მძევლად წაიყვანა. პასუხად, ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა. „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ომის განმავლობაში, 26 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ