უნგრეთის ოპოზიციურმა პარტიებმა 29 იანვარს წარმოადგინეს ინიციატივა 5 თებერვალს გაიმართოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც განახორციელებენ შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადის რატიფიკაციას.
31-წევრიან ალიანსში უნგრეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ჯერ არ მოუხდენია შვედეთის განაცხადის რატიფიკაცია. თურქეთმა ეს ნაბიჯი გასულ კვირაში გადადგა – დაახლოებით 20 თვეში მას მერე, რაც სტოკჰოლმა ალიანსში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
როგორც ოპოზიციონერმა კანონმდებელმა, ზიტა გურმაიმ სააგენტო როიტერსთან თქვა, გასარკვევია დაუჭერენ თუ არა მხარს ამ ინიციატივას დეპუტატები მმართველი პარტიიდან, ფიდესიდან და მათი ქრისტიან-დემოკრატი მოკავშირეებიდან.