მედია: რუბიოს თბილი ტონით შეფუთულმა გაფრთხილებებმა ევროპა შვებით ამოასუნთქა (ვიდეო)

14 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, -ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მსოფლიოს პოლიტიკური და სამხედრო ლიდერებით სავსე დარბაზში წარმოთქვა სიტყვა, რომლითაც ორი რამ გააკეთა: დაამშვიდა აღელვებული მოკავშირეები და გადამჭრელად მოუწოდა მათ ცვლილებისკენ.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობით ვაშინგტონის კურსის თაობაზე თვეების გაურკვევლობის შემდეგ – აგრეთვე, ჯეი დი ვენსის შარშანდელი კონფრონტაციულ გამოსვლაზე ძველი მოგონებების ფონზე – დარბაზში ბევრს შესამჩნევი შვება დაეტყო.

„ლამის ამოსუნთქვის ხმას გაიგონებდით“, – უთხრა რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას (რთე/რთ) ევროპელმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა – „შინაარსი მძიმე იყო. თუმცა, მნიშვნელოვანი იყო ტონი“.

„ევროპის შვილები“

რუბიომ არაერთხელ ახსენა ევროპასთან ამერიკის გადაჯაჭვულობა. განაცხადა, რომ სულიერად და კულტურულად დაკავშირებულია ევროპასთან. „ჩვენ მუდამ ვიქნებით ევროპის შვილები“ – აღნიშნა მან და ილაპარაკა საერთო ისტორიაზე, ენაზე, რწმენასა და გაღებულ მსხვერპლზე.

უთანხმოებები მან წარმოაჩინა არა საყვედურებად, არამედ შეშფოთების გამოხატვად. თუ აშშ-ს განცხადებები დროდადრო ჟღერს „პირდაპირად და გადაუდებლად“, რუბიოს განმარტებით ეს იმის გამო ხდება, რომ აშშ „ღრმად ზრუნავს თქვენსა და ჩვენს მომავალზე“. სახელმწიფო მდივანმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ამერიკას სურს, რომ ევროპა იყოს ძლიერი, ვინაიდან ევროპის ბედი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია.

ცივილიზაციური გადაჯაჭვულობის ხაზგასასმელად, რუბიომ ევროპის კულტურის გიგანტების – მოცარტის, ბეთჰოვენის, შექსპირის, მიქელანჯელოსა და და ვინჩის – გვერდით დაასახელა „ბიტლზი“ და „როულინ სტოუნზი“, აგრეთვე სიქსტის კაპელა და კიოლნის კათედრალი. მან განაცხადა, რომ ეს მეტყველებს არა მხოლოდ წარსულის დიდებულებაზე, არამედ მომავლის პერსპექტივაზე.

რუბიოს მიდგომამ, როგორც ჩანს, გაამართლა. სახელმწიფო მდივანმა დაიმსახურა ხანგრძლივი აპლოდისმენტები და ოვაციები ფეხზე ადგომით, რაც, ზოგიერთი დამსწრის თქმით, მკაფიოდ განსხვავდებოდა ერთი წლის წინ ვენსის მიღებისგან.

მოგვიანებით, უსაფრთხოების კონფერენციაზე კითხვა-პასუხის ფორმატში გამართულ სხდომაზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა: „სახელმწიფო მდივანმა ძლიერ დამამშვიდა. ჩვენ მას ვიცნობთ. ის კარგი მეგობარი და ძლიერი მოკავშირეა. ვიცით, რომ აღნიშნულ თემებზე [აშშ-ის] ადმინისტრაციაში ზოგიერთს გაცილებით უხეში ტონი აქვს“.

სახიფათო ილუზია“

თუმცა, სითბოს მიღმა იყო მძაფრი კრიტიკა.

„ცივი ომის“ პიკში, 1963 წელს დაფუძნებული კონფერენციის ისტორიაზე საუბრისას, რუბიომ გაიხსენა დრო, როცა „ათასწლოვანი დასავლური ცივილიზაცია ბეწვზე ეკიდა“. მისი სიტყვებით, დასავლეთმა გაიმარჯვა, მაგრამ მცდარად აღიქვა საკუთარი ტრიუმფი.

„ტრიუმფით გამოწვეულმა ამ ეიფორიამ მიგვიყვანა სახიფათო ილუზიამდე“, რომ ისტორია დასრულდა და ლიბერალური დემოკრატია გარდაუვლად გავრცელდებოდა და რომ ვაჭრობა და გლობალური წესები ჩაანაცვლებდა ეროვნულ ინტერესებსა და საზღვრებს.

ამ ხედვამ, რუბიოს თქმით, უგულებელჰყო „ადამიანის ბუნება“ და ათასწლეულების გაკვეთილები. ამან მიგვიყვანა დეინდუსტრიალიზაციამდე, სუვერენიტეტის საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის გადაცემამდე და როგორც მან უწოდა, „უპრეცედენტო მასობრივ მიგრაციამდე“, რამაც საფრთხე შეუქმნა სოციალურ ერთიანობას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სიფრთხილით მიუდგა ამ ჩამონათვალზე პასუხისმგებლობის განაწილებას და ისინი წარმოაჩინა არა ცალმხრივად ევროპის, არამედ დასავლეთის საერთო შეცდომებად. „ჩვენ ერთად დავუშვით შეცდომები“, განაცხადა მან – „ერთად გვაკისრია ვალდებულება ჩვენი ხალხის მიმართ, რომ თვალი გავუსწოროთ ამ ფაქტებს და ვიაროთ წინ“.

მიგრაცია, ინდუსტრია და სუვერენიტეტი

რუბიომ განაცხადა, რომ დეინდუსტრიალიზაცია „არ იყო გარდაუვალი“, არამედ ეს იყო, როგორც ის უწოდებს, „ცივი ომის“ შემდგომი „ილუზიით“ გაპირობებული პოლიტიკური არჩევანის პროდუქტი. მან გააკრიტიკა დოგმატური თავისუფალი ვაჭრობა, რომელმაც გამოფიტა ინდუსტრიები და ბერკეტი ჩაუგდო ხელში მეტოქეებს.

მიგრაციაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ საზღვრების კონტროლის იდეა არ არის ქსენოფობიური. სახელმწიფო საზღვრებზე კონტროლის აღდგენა, რუბიოს თქმით, არის „ეროვნული სუვერენიტეტის ფუნდამენტური აქტი“, რომლის განუხორციელებლობაც „მყისიერ საფრთხეს უქმნის ჩვენი საზოგადოებების ქსოვილს“.

სახელმწიფო მდივანი შეეხო მწვანე პოლიტიკის ზოგიერთ ასპექტსაც და განაცხადა, რომ „კლიმატის კულტისთვის ხარკის გადახდამ“ გააღატაკა დასავლეთის საზოგადოებები, კონკურენტები კი განაგრძობდნენ წიაღისეული საწვავის გამოყენებას.

ამ ფორმულირებამ ნაწილობრივ აღაშფოთა ზოგიერთი ევროპელი მაღალჩინოსანი, თუმცა აღიარეს, რომ საკითხის უფრო ფართოდ აღქმა ჰპოვებს გამოხმაურებას მათი შიდა ელექტორატის ნაწილში.

„ის აღწერს დებატებს, რომლებიც ჩვენთან უკვე მიმდინარეობს“, განაცხადა ევროპელმა დიპლომატმა – „განსხვავება ის არის, რომ ის ამბობს: შეეშვით ვარდნის მართვას და შეუდექით მის შემოტრიალებასო“.

„ვარდნის მართვა“ არ გვაინტერესებს

რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონს არ სურს ალიანსების დასუსტება, არამედ მისი სურვილია „ძველი მეგობრობის გაცოცხლება“. აშშ-ს არ უნდა მოკავშირეები, რომლებიც „დაზიანებული სტატუს კვოს რაციონალიზაციას ცდილობენ“, არამედ უნდა პარტნიორები, რომლებსაც სურთ ძლიერების აღდგენა.

ის ირწმუნება, რომ ვარდნა არის არჩევანი. დასავლეთმა ისევე უნდა უარყოს ფატალიზმი, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გააკეთა. აშშ „არ არის დაინტერესებული, იყოს ზრდილობიანი და დასავლეთის მართულ ვარდნაზე წესრიგიანი მზრუნველი“. ამ ნაწილმა ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი რეაქცია გამოიწვია დარბაზში

„ის გვიწვევს“, – განაცხადა დიპლომატმა ჩრდილოეთ ევროპიდან, „მაგრამ ამ გამოწვევაში საკუთარ თავსაც მოიაზრებს. ესაა განსხვავება“.

გაერო, და მძიმე კითხვები

რუბიო გამოვიდა აგრეთვე საერთაშორისო ინსტიტუტების, მათ შორის – გაეროს, არა დაშლის, არამედ რეფორმისკენ მოწოდებით, რომელსაც „უდიდესი პოტენციალი“ აქვს, მაგრამ ვერ ახერხებს ისეთი კონფლიქტების მოგვარებას, როგორებიც და ღაზაა.

„სრულყოფილ მსოფლიოში“, რუბიოს სიტყვებით, დიპლომატები და რეზოლუციები საკმარისი იქნებოდა, „მაგრამ ჩვენ არ ვცხოვრობთ სრულყოფილ მსოფლიოში“.

უკრაინაზე საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ომის დასრულებისთვის საჭირო საკითხების ნუსხა „შემჭიდროვდა“, მაგრამ „ურთულესი საკითხები კვლავ პასუხგასაცემია“. მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს იმის შემოწმებას, რამდენად სერიოზულად უდგება მოსკოვი მოლაპარაკებებს, ამავდროულად განაგრძობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებსა და კიევისთვის სამხედრო დახმარებას. მან აგრეთვე განაცხადა, რომ მიზნად რჩება საკითხის სამართლიანი და მდგრადი მოგვარება.

კითხვა-პასუხის ნაწილში, რომელიც მცირე ხანს გაგრძელდა, შეკითხვაზე – ნამდვილად არის თუ არა დაინტერესებული მშვიდობის მიღწევაში, რუბიომ ფრთხილი პასუხი გასცა: „ისინი აცხადებენ, რომ არიან“. აშშ, რუბიოს თქმით, განაგრძობს იმის გარკვევას, რა პირობები შეიძლება იყოს მისაღები ორივე მხარისთვის.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ-ისა და ჩინეთის ინტერესები „ხშირად ურთიერთშეუსაბამო იქნება“, მაგრამ ხაზი გაუსვა იმას, რომ საჭიროა განსხვავებების მართვა და კონფლიქტის თავიდან აცილება.

მარკო რუბიოს გამოსვლას მოჰყვა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან იის განცხადებები. მან დაიცვა მულტილატერალიზმი და ბლოკების დაპირისპირების თაობაზე გაფრთხილება გამოთქვა. ამასთან, ხაზი გაუსვა დებატების გეოპოლიტიკურ ფასს.

თუმცა, დარბაზში მყოფთა საუბრებში წამყვანი თემა რუბიოს გამოსვლა იყო.

გზავნილი – სუვერენიტეტზე, საზღვრებზე, ინდუსტრიასა და რეფორმაზე – ეხმიანება თემებს, რომლებიც დიდი ხანია ეხმიანება ტრამპის პოლიტიკურ მოძრაობას.

თუმცა, საერთო მემკვიდრეობითა და მსხვერპლის გაღებით მათი შეფუთვით, რუბიომ კონფერენციებში აშშ-ის ადრინდელი ინტერვენციებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ტონი მისცა დისკუსიას.

„მას არ შეურბილებია შინაარსი“, – განაცხადა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა“ – „მაგრამ შეარბილა მიწოდების მანერა, რაც აადვილებს მის მოსმენას“.

ახლა ვაშინგტონის მოკავშირეები მინიმუმ დამშვიდებულები ჩანან იმისგან, რომ უხეშად ლაპარაკი აუცილებლად კავშირების გაწყვეტას არ ნიშნავს.