პარლამენტმა ახალი პრემიერი და მთავრობის შემადგენლობა პრემიერისთვის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში უნდა დაამტკიცოს

საქართველოს პარლამენტმა ახალ პრემიერსა და მთავრობის შემადგენლობას ნდობა პრემიერისთვის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს.
კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტი საქართველოს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ საქართველოს მთავრობას.
საქართველოს მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა.
პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა უნდა წარედგინოს საქართველოს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან არაუგვიანეს მე-9 დღისა.
ერთზე მეტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის არსებობის შემთხვევაში, პარლამენტი განიხილავს პრემიერ-მინისტრობის იმ კანდიდატს, რომელიც უფრო მეტმა პარლამენტის წევრმა წარადგინა, ხოლო წარმდგენთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში − იმ კანდიდატს, რომელიც უფრო ადრე იქნა წარდგენილი. თუ საქართველოს მთავრობის შემადგენლობის წარდგენა ემთხვევა საპარლამენტო არდადეგებს ან იმ კვირას, როდესაც პლენარული სხდომები არ იმართება, რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწვევა რიგგარეშე სესია ან რიგგარეშე სხდომა.
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ღარიბაშვილის თქმით, პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს.
წყარო: პირვლეი არხი