უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა 29 იანვარს უმასპინძლეს შეხვედრას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოსთან – შეხვედრა იმართება ევროკავშირის სამიტის წინ და მიზნად ისახავს გზის გახსნას უკრაინის დახმარებისთვის, რომელსაც ბუდაპეშტი უწევდა წინააღმდეგობას.
ორ მეზობელ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობა კიდევ უფრო გაღრმავდა მას მერე, რაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დეკემბერში ვეტო დაადო კიევის დახმარების პაკეტს. ორბანი ევროკავშირის ერთადერთი ლიდერია, რომელიც თბილ ურთიერთობას ინარჩუნებს მოსკოვთან, რუსეთის მხრიდან უკრაინაში პროვოცირების გარეშე შეჭრის მიუხედავად.
ეს სიიარტოს პირველი ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. 2022 წლის თებერვლის შემდეგ მოსკოვს სიიარტო რამდენჯერმე ეწვია.
შეხვედრა მიმდინარეობს უკრაინის დასავლეთის ქალაქ უჟგოროდში, სლოვაკეთის და უნგრეთის საზღვრებთან ახლოს. ამ ქალაქში ეთნიკური უნგრელების უმცირესობა ბინადრობს.
“მოველით გულახდილ და კონსტრუქციულ დიალოგს, სახელმწიფოებს შორის კავშირების გაუმჯობესების მიზნით”, – წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისი პლატფორმა X-ზე.
კიევს იმედი აქვს, რომ 1 თებერვალს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე მოიხსნება ბლოკი ევროკავშირის დახმარებაზე, რომელიც მოიცავს 50 მილიარდ ევროს.
უჟგოროდში მოლაპარაკების დაწყებამდე ვიქტორ ორბანის პოლიტიკურმა მრჩეველმა ბალაშ ორბანმა მიანიშნა უნგრეთის პოზიციის პოტენციურ ცვლილებაზე – მან თქვა, რომ ბუდაპეშტი ახლა თანახმაა, რომ დახმარება გამოიყოს ევროკავშირის ბიუჯეტიდან, არადა ვიქტორ ორბანი მანამდე ამბობდა, რომ ევროკავშირის ფული სხვა წყაროდან უნდა იყოს.
“ბუდაპეშტმა შაბათს ახალი წინადადება გაუგზავნა ბრიუსელს და დააკონკრეტა, რომ ის ახლა ღიაა ევროკავშირის ბიუჯეტის გამოსაყენებლად უკრაინის პაკეტისთვის და საერთო ვალის გამოცხადებაზეც მის დასაფინანსებლად – თუკი დაემატება სხვა საკითხები, რომლებიც ბუდაპეშტს საშუალებას მისცემს, შეცვალოს პოზიცია გვიანდელ ეტაპზე”, – წერს ბალაშ ორბანი პლატფორმაზე.
მის განცხადებამდე გამოცემა Financial Times-ი 29 იანვარს იუწყებოდა, რომ ბრიუსელი “საბოტაჟს” მოუწყობს უნგრეთის ეკონომიკას, თუ ბუდაპეშტი სამიტზე დაბლოკავს დახმარების პაკეტს.
“ახლა ძალიან მკაფიოა – ამ შანტაჟს არაფერი აქვს საერთო კანონის უზენაესობასთან. და ახლა ისინი ამის დამალვასაც ცდილობენ!” – დაწერა ბალაშ ორბანმა Financial Times-ის პუბლიკაციის პასუხად.
ევროკავშირმა Financial Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე განაცხადა, რომ ბლოკის წევრი ქვეყნები არ განიხილავენ უნგრეთის ფინანსური გზებით იძულებას უკრაინის დაფინანსებაზე დასათანხმებლად.
“დოკუმენტი, რომელზეც Financial Times-ის სტატიაშია საუბარი, არის ფონური შენიშვნები, რომლებიც საკუთარი პასუხისმგებლობით დაწერა საბჭოს სამდივნომ და რომელიც აღწერს უნგრეთის ეკონომიკის ამჟამინდელ სტატუსს”, – ნათქვამია ევროკავშირის ანონიმი ოფიციალური პირის განცხადებაში.
“ეს არის ფაქტობრივი დოკუმენტი, რომელიც არ ასახავს მიმდინარე მოლაპარაკებების სტატუსს. ეს დოკუმენტი არ მოიცავს რაიმე კონკრეტულ გეგმას”, – დასძენს ის.
გასულ კვირაში უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლჰა სტეფანიშინამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კულებასთან და ერმაკთან სიიარტოს შეხვედრა ასევე დაკავშირებული იქნება “პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის უკრაინაში ვიზიტის მომზადებასთან”.
უნგრეთის მხარეს არ დაუდასტურებია, რომ ორბანი უკრაინას ეწვევა.