“ნიკორას”, “ორი ნაბიჯის”, “სპარის” და “კარფურის” საბაზრო წილი 55%-ს აღწევს – FMCG სექტორის ზომა 21 მლრდ-ია

ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის (FMCG) სექტორის ზომა თითქმის გაორმაგდა და 2023 წელს 21 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან ბრენდული ქსელები ბაზრის 39%-ს იკავებს, რაც 2018 წელს არსებული 22%-დან მკვეთრი ზრდაა. ბაზრის დანარჩენი ნაწილი არაბრენდულ მაღაზიებს, აფთიაქებს და არაფორმალურ ვაჭრობას უჭირავს.
ამის შესახებ, Galt&Taggart-ის სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო პროდუქციის – FMCG სექტორის შესახებ საინვესტიციო კვლევაში წერია. კვლევის მიხედვით, FMCG ბაზრის 48% თბილისშია კონცენტრირებული, ხოლო დანარჩენი რეგიონებზე მოდის, საიდანაც ყველაზე დიდი წილი აჭარას და იმერეთს უკავია. ბუნებრივია, FMCG პროდუქციაზე ადგილობრივი მოსახლეობა ყველაზე მეტს ხარჯავს, თუმცა ბოლო 2 წელში სექტორის ზრდაში ტურისტების და მიგრანტების კონტრიბუციაც დიდი იყო. ამასთან, Galt&Taggart-ის კვლევის მიხედვით, FMCG ბაზარზე ყველაზე მეტი, 70% საკვებ პროდუქტებზე იხარჯება, რომელსაც მოჰყვება სასმელები და თამბაქო.