ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრი გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს ტელეფონით ესაუბრა. საუბრის თემა იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაცია.
ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს ევროკავშირის რეკომენდაციების იმპლემენტაციის პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო წლის ბოლოს ევროპული საბჭოსგან ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაციის დადასტურების მოლოდინშია, რაც ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს რეკომენდაციების შესრულების წარმატებით დაწყებულ პროცესს.
8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი – იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ რეფორმებს განახორციელებს.
ევროკომისია წერს, რომ ამ რეკომენდაციით გამოდის 2022 წლის ივნისში ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ განსაზღვრული „12 პრიორიტეტისა და უფრო ფართო კონტექსტში მიღწეული შედეგების“ გათვალისწინებით.
ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო – 27 წევრი ქვეყანა – დეკემბერში მიიღებს. ამ რეკომენდაციას ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი.

ასევე დაგაინტერესებთ