ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში პირველი სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დავით კირკიტაძემ თქვა, რომ ამ პროცესთან დაკავშირებით ნაკლები ოპტიმიზმი აქვს და მმართველ გუნდს ძირეული ცვლილებების განხორციელება არ სურს.
“იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც დაიწყო, შეხვედრის შემდეგ ნაკლები ოპტიმიზმი მაქვს […] მე და ჩემს კოლეგებს ისევ გვიმტკიცებდნენ, რომ ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე ძალიან მაგარ საქმეს აკეთებენ დღესაც და აკეთებდნენ გუშინაც და გუშინწინაც. მათ ძირეული ცვლილებების ნება არ აქვთ. უბრალოდ, ამის გაკეთება მაინც მოუწევთ”. – ამბობს კირკიტაძე.
შეხვედრის დაწყებამდე კირკიტაძე ამბობდა, რომ ამ სამუშაო ჯგუფის ფორმატში ენმ საკუთარი გეგმის წარდგენას აპირებდა.
“ვნახოთ, დღეს ტარდება პირველი შეხვედრა და შეხვედრის შემდეგ ალბათ მექნება უფრო მეტი საშუალება, გავაკეთო კომენტარი, სურს თუ არა ნამდვილად ქართულ ოცნებას და ხელისუფლებას იმ მიმართულებით იმოძრავოს, რა მიმართულებაც სჭირდება ჩვენს ხალხს და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს” – თქვა კირკიტაძემ შეხვედრის დაწყებამდე.
პარლამენტში ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პირველი სამუშაო შეხვედრა დღეს, 29 იანვარს გაიმართა. ოპოზიციიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, გირჩის, მოქალაქეების წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატი, თეონა აქუბარდია. ასევე, მოძრაობა ხალხის ძალის წარმომადგენლები. განხილვაში არ მონაწილეობდა პარტია ლელო. ანა ნაცვლიშვილის თქმით, “ახლა არ არის ნახევარზომების, იმიტირებული პროცესებისა და კომისიების დრო”.
14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა და 9 რეკომენდაცია მისცა.