აქამდე ესტონეთს საქართველოსა და სომხეთში ერთი ელჩი ჰყავდა. ელჩის რეზიდენცია თბილისში იყო და ის სომხეთს საქართველოდან ფარავდა.
როგორც ესტონური მედია წერს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა ელჩი სომხეთის დედაქალაქ ერევანში გადაიყვანოს და შეწყვიტოს მისი მუშაობა საქართველოში ელჩის სტატუსით.
მათი ცნობით, ცვლილება განპირობებულია ესტონეთის ურთიერთობების გაციებით საქართველოს მთავრობასთან და სომხეთთან პირიქით, კონტაქტების გააქტიურებით.
ესტონური მედიის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ 11 თებერვალს აცნობა საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულს, რომ ესტონეთის ელჩი საქართველოში, მარგე მარდისალუ-კაჰარი თავის მისიას თბილისში 10 მარტს დაასრულებს.
მათივე ცნობით, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი ელჩის დანიშვნამდე საქართველოში ესტონეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, გიტა კალმეტი უხელმძღვანელებს.
როგორც მედია წერს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა არ ისურვა დაეზუსტებინა, თუ როდის შეიძლება დაინიშნოს ახალი ელჩი საქართველოში.
„მარგე მარდისალუ-კაჰარი მუშაობას გააგრძელებს სომხეთში ელჩის სტატუსით, სადაც ესტონეთი საელჩოს მარტში გახსნის, და მარგე მარდისალუ-კაჰარი გახდება ესტონეთის პირველი ელჩი რეზიდენციით ერევანში, გამოაცხადა საგარეო უწყებამ. მთავრობამ სომხეთში საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება გასულ ნოემბერში მიიღო“, – წერს ესტონური მედია.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქართველოს ესტონეთში ელჩი არ ჰყავს დანიშნული.
„საქართველოსთან ურთიერთობებთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის ვებგვერდზე აცხადებს, რომ ესტონეთს დიდი ხნის განმავლობაში შეჰქონდა წვლილი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიისგან სისტემური დაშორების გამო, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის დადგენილი პირობების შესრულებაში არსებული ხარვეზების გამო, ქართული ინსტიტუტების მხარდაჭერა აღარ არის ესტონეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი. ესტონეთს წვლილი შეაქვს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის განვითარებაში.
ესტონეთი ადასტურებს, რომ ის თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დასძენს, რომ ესტონელი ექსპერტი მუშაობს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში“, – წერს ესტონური მედია.




