“ბიჭო, მისმინე! სანამ თითები დაგატეხე-მეთქი, ჩემი! შენი მამის დედა მოვ**ან, ბიჭო, გაიგე?! დაგაკავებ ბო*იშვილი ვიყო ადმინისტრაციულად”

პროკურატურამ დააკავა პოლიციელი, – სავარაუდოდ, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილე, – რომელმაც არასრულწლოვანი ქუჩაში გააჩერა, „მეურვის თანდასწრების გარეშე“ გამოჰკითხა, ტელეფონის გახსნა სთხოვა და უარის შემდეგ აგინა.

საუბრისას გაირკვა, რომ 16 წლის ბიჭი იყო ციხეში მყოფი კაცის შვილი, – კაცი, სავარაუდოდ, ქურდული სამყაროს წევრობასთან დაკავშირებული ბრალდებით იხდის სასჯელს – როგორც შვილი ამბობს, „ქურდულზე ზის“. პოლიციელი მამამისსაც არაერთხელ აგინებს.

პოლიციელის თქმით, იგი ვარაუდობდა, რომ არასრულწლოვანმა ნარკოტიკი მეტროს მიმდებარედ გასაყიდად დამალა და ამიტომ სურდა ტელეფონის გახსნა. „**ეზე მკიდია, რამდენი წლის ხარ“, – უთხრა მან მოზარდს.

  • პოლიციის თანამშრომელს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გაჩერება „გადამოწმების მიზნით“

გამოძიების ვერსიით, 10 თებერვალს, საღამოს საათებში, არასრულწლოვანი ბიჭი ნაძალადევის მეტროს სიახლოვეს გადაადგილდებოდა.

ამ დროს იგი გლდანი-ნაძალადევის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა – პოლიციელებმა – შეაჩერეს. პოლიციელების ვერსიით, – „გადამოწმების მიზნით“.

პროკურატურის პრესრელიზში წერია, რომ პოლიციელებმა მოისურვეს მისი ვინაობის გარკვევა – და გამოჰკითხეს „მისი იდენტიფიცირების მიზნით“.

გავრცელებულ ვიდეოში ისმის, რომ არასრულწლოვანთან მისული ერთ-ერთი პოლიციელი – ძირითადად სწორედ ის ფიგურირებს ჩანაწერში – საუბარს ასე იწყებს:

– „გაუმარჯოს. თქვენი სახელი?“

არასრულწლოვანი სახელსა და გვარს პასუხობს (როგორც გამოძიება ამბობს, „სრულად მოახსენა“ თავისი ვინაობა).

კითხვაზე პასუხად იმასაც ეუბნება, რომელ უბანში ცხოვრობს – „სადგურის მოედანზე“.

საქართველოს კანონმდებლობით, არასრულწლოვანის გამოკითხვას ან ნებისმიერ საგამოძიებო მოქმედებას „კანონიერი წარმომადგენელი“ უნდა ესწრებოდეს და რაიმე კანონისმიერი საფუძველი უნდა ჰქონდეს.

თუმცა, გამოძიების ვერსიით, ერთ-ერთმა პოლიციელმა მეურვის/ადვოკატის დაუსწრებლად, „ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე“ მოინდომა არასრულწლოვანის ტელეფონის დათვალიერება.

„ნარკოტიკების დადების ადგილის ფოტო“

პოლიციელის ვერსიით, იგი ტელეფონში ეძებდა „ნარკოტიკის განთავსების დამადასტურებელი ე.წ. ლოკაციის ფოტოსურათს“ – ვვარაუდობდი, რომ სადღაც მისთვის ნარკოტიკი დამალეს, რათა მას აეღოო.

ამ პოლიციელმა – მისი ინიციალებია ლ.ხ. – არასრულწლოვანს მოსთხოვა ტელეფონის განბლოკვა და მისთვის გადაცემა, თუმცა უარი მიიღო.

გამოძიების ვერსიით, „გაღიზიანებულმა“ პოლიციელმა ამის გამო მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დაემუქრა, რომ დააკავებდა და სცადა ეიძულებინა, ტელეფონი „გაეხსნა“, თუმცა სასურველ შედეგს ვერ მიაღწია.

„გ.გ-ს იცნობთ? მაგის შვილი ვარ“

პროკურატურამ გაავრცელა ხუთწუთ-ნახევრიანი ვიდეო, – გაურკვეველია, ვის მიერ არის გადაღებული, – რომელშიც ამ გასაუბრების დეტალები ისმის.

– აქ რა გინდა? – ეკითხება პოლიციელი ნაძალადევის მეტროს მიმდებარედ მყოფ არასრულწლოვანს მას შემდეგ, რაც ის ეუბნება, რომ სადგურის მოედანზე ცხოვრობს.

– დავდივარ.

– რას ხატავ?..

ამ კითხვაზე პასუხი არ ისმის. შემდეგ უკვე პოლიციელი ეუბნება:

– „შვილო, მე ვარ ამ რაიონის ხელმძღვანელი, პოლიციის უფროსის მოადგილე ვარ“. იქვე ეუბნება საკუთარ სახელსა და გვარს. ამ დროს არასრულწლოვანი ეკითხება:

– გ.გ-ს იცნობთ? ჩანაწერში სახელი და გვარი გაბმული ზარის ეფექტითაა დაფარული.

– კი. მერე?

– მაგის შვილი ვარ.

– ხოდა გამიხსენი ტელეფონი, აბა, ერთი წუთი – ეუბნება პოლიციელი.

– არაა საჭირო, რომ გავხსნა.

– გახსენი თორე დავურეკავ ახლა.

– დაურეკეთ.

„არ მინდა შენი გალახვა“

– და რა? ბიჭო… ახლა მისმინე… შვილო. პირდაპირ გეუბნები, რა. ჩემი შვილის ტოლა ხარ. შენი გალახვა, პირდაპირ გეუბნები, აი, ნაღდად არ მინდა.

– რატო უნდა გამლახო?

– იმიტომ, რომ არ მიხსნი ტელეფონს. იმიტომ, რომ [ნარკოტიკის რ.თ.] დამდები დავიჭირე მე, გაიგე? გამსაღებელი დავიჭირე, ნარკორეალიზატორი. გაიგე შენ, შვილო?

– ნარკოტიკები? ანუ გაგიხსნიათ ყველაფერი.

– ხოდა გეუბნები, ტელეფონი მანახე, რომ შენ არ ხარ. ბოლო გადაღებულ ფოტოს ვნახავ და გიშვებ.

– ბოლო გადაღებულს განახებ.

 ხო, მაგას გეუბნები…

„ტელეგრამის ფოტოებს მაჩვენებ“

ამის შემდეგ ბიჭი მობილურ ტელეფონს იღებს და აჩვენებს:

– არ იყო ეს ბოლო გადაღებული.

– პარკი იყო…

– არ იყო-მეთქი. ტელეგრამში არ მაინტერესებს. დაგინახე, ტელეგრამში რომ შეხვედი. ტელეგრამში იყავი-მეთქი შესული.

– უყურე. გალერეა არ არის ეს?

„ვინ არის მამაშენი?!“ – დედაზე გინება

პოლიციელი ამჯერად ეუბნება, ტელეგრამში შევიდეს, თუმცა ამის შემდეგ ვითარება სწრაფად იძაბება.

– ტელეგრამში შედი-მეთქი.

– არა, რატომ უნდა შევიდე.

– შენ ბიჭო… ვინ არის მამაშენი?! ვინ ჩემი *ლეა, სად მუშაობს?!

– ციხეშია.

– სად?

– ციხეშია.

– მაგის დედას შევე*ი, ხოდა გაიგე, ბიჭო?! ა?! დამდები ხარ არა, შე თეს*ო?! გახსენი ტელეფონი თორემ მოგი**ავ გამზრდელს, ბიჭო. მიგიჯენ მამაშენს გვერდზე, ბიჭო, გაიგე შენ?! თეს*ო შენ! გახსენი ახლა, ნერვებს ნუ მიშლი“.

იქვე ეკითხება: რაზე ზის მამაშენი?!

– ქურდულზე, – პასუხობს ის.

– ქურდულზე? მაგის დედას შევე*ი მე! გახსენი! რა არის პაროლი?! არ მაცემინო თავი, ჩემი დედას შევე*ი! – ყვირის პოლიციელი.

– კაი, რატომ მირტყამ, 16 წლის ვარ!

– **ეზე მკიდია რამდენი წლის ხარ! გახსენი პაროლი!

– დამარეკინე დედაჩემთან.

არასრულწლოვანი იმეორებს მოთხოვნას, რომ დედასთან დაარეკვინონ, თუმცა ამის საშუალებას არ აძლევენ; შემდეგ ითხოვს, სხვა პოლიციელი მოვიდეს და მზაობას გამოთქვამს, ამ სხვასთან გახსნას ტელეფონი.

კიდევ ერთხელ ითხოვს დედასთან ან დეიდასთან დარეკვას, რაზეც პოლიციელი შეურაცხმყოფლად პასუხობს:

– ბიჭო, გახსენი-მეთქი. ფსიქიური ხარ, ტო?

– დაურეკე და გავხსნი. მართლა. ყველაფერს გეფიცები, გავხსნი.

პოლიციელი კვლავ ემუქრება და აგინებს:

– ბიჭო, მისმინე! სანამ თითები დაგატეხე-მეთქი, ჩემი! შენი მამის დედა მოვ**ან, ბიჭო, გაიგე?! დაგაკავებ ბო*იშვილი ვიყო ადმინისტრაციულად.

პოლიციელი კიდევ რამდენჯერმე აგინებს არასრულწლოვანის მამას.

არასრულწლოვანს ძალის გამოყენებით აკავებენ და პოლიციის ავტომობილში სვამენ. „ეეე, ხელი, ხელი მომტყდა“, – იძახის ის ხმამაღლა.

– თუ მოგტყდება, არა უშავს, – ამბობს ერთ-ერთი პოლიციელი.

– ძალიან კარგი, – ამბობს მეორე პოლიციელი.

ავტომობილში მოთავსების შემდეგ, ის, სავარაუდოდ, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ჩანაწერი ავტომობილთანვე წყდება.

„ბრალი აღიარა“ – პროკურატურა

პროკურატურამ ჯერ 12 თებერვალს, გვიან საღამოს დაწერა, რომ ამ ამბავზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიებას საფუძვლად დაედო -ის გენერალური ინსპექციის მიმართვა და ასევე პროკურატურის “ცხელ ხაზზე” შესული შეტყობინება არასრულწლოვანის მშობლისგან.

13 თებერვალს გავრცელებულ უფრო ვრცელ განცხადებაში კი წერია, რომ პოლიციასთან ინტერაქციის განმავლობაში „არასრულწლოვანი ითხოვდა მისი კანონიერი წარმომადგენლის მოწვევას და ამ შემთხვევაში გამოთქვამდა მზაობას ლ.ხ-ისთვის მიეცა მობილური ტელეფონის დათვალიერების შესაძლებლობა“, თუმცა პოლიციელმა უფლებამოსილებას გადაამეტა ძალის გამოყენებით.

პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარე გამოძიების პროცესში პოლიციელმა ლ.ხ.-მ გამოკითხვისას „აღიარა მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ჩადენის ფაქტი“.

ამის შემდეგ იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციელს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.