საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი ზურაბიშვილს შეხვდა და ახალ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ევროკავშირის კრიტიკული პოზიცია გაუზიარა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები შეუთავსებელია საქართველოს მიერ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან და ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებებს, რომლებიც საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ, თავად აიღო.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილებებმა შეიძლება პირდაპირ და უარყოფითად იმოქმედოს საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიების მუშაობაზე.
„2026 წლის 11 თებერვალს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ შეხვედრის შესახებ თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. 12 თებერვალს, ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბატონმა გიორგი ზურაბაშვილმა მიიღო.
შეხვედრის მიზანი იყო გრანტების შესახებ კანონსა და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში ახლახან წარდგენილ ცვლილებების პაკეტის შესახებ ევროკავშირის სერიოზული შეშფოთების გამოთქმა. პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებების ამ სახით დამტკიცება კიდევ ერთ მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საქართველოში სამოქალაქო სივრცესა და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ზომები შეუთავსებელია საქართველოს მიერ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან და ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებებს, რომლებიც საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ, თავად აიღო.
ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილებებმა შეიძლება პირდაპირ და უარყოფითად იმოქმედოს საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიების მუშაობაზე, რაც ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებსა და პრინციპებს“, – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესრელიზში.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაგეგმილ სანქციების მე-20 პაკეტს. საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირმა, მე-20 სასანქციო პაკეტის ფარგლებში, შესაძლოა, ყულევის პორტი დაასანქციროს.
„საქართველოს მხარემ, ასევე, ევროკავშირის სანქციების საკითხი წამოჭრა. ევროკავშირის ელჩის ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკომისიის მიერ 6 თებერვალს შეთავაზებული სანქციების მე–20 პაკეტს ამჟამად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები განიხილავენ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოვლენათა განვითარებასთან დაკავშირებით კონტაქტი გაგრძელდება“, – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესრელიზში.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები.
ცვლილებების თანახმად, ფართოვდება გრანტის ცნება, რაც სახელმწიფოს კონტროლს უქვემდებარებს და კრიმინალიზებას უკეთებს ნებისმიერ პირის პოლიტიკურ თვითგამოხატვას, თუკი ეს პირი ფინანსურ სახსრებს იღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქის, ან იურიდიული პირისგან.
დამატებით, პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება მას, ვინც დიდწილად უცხოეთისგან დაფინანსებულ ორგანიზაციაში მუშაობს. პოლიტიკური პარტიებისათვის კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები, ფინანსური გამჭვირვალობისა და მონიტორინგის ვალდებულებები ფართოვდება და ვრცელდება ასევე პირზე, რომელიც არ არის პარტია, თუმცა საკუთარი საქმიანობის შინაარსით, მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობით, ემსგავსება პარტიას.
დამატებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგინდება მეწარმე იურიდიული პირებისთვის, რომლებიც გადაწყვეტენ საჯარო პოლიტიკურ აქტივობას.




