ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე, ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ რამე ტიპის შეზღუდვების დაწესებით, ევროკავშირი ზიანს არ მიაყენებს კასპია-შავი ზღვა-ევროპის სტრატეგიულ კორიდორსა და ევროკავშირის „შუა დერეფნის” ინიციატივას, რომლის ნაწილი ყულევის ნავსადგურიცაა.
ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც საგარეო უწყებამ ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისა და მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ზურაბაშვილის შეხვედრის შესახებ გაავრცელა.
თბილისის ცნობით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს პოზიციის გადაცემა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდავი ზომების დაცვისა და სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების აღკვეთა-პრევენციის მიზნით ქვეყნის მიერ გაწეული ძალისხმევის თაობაზე.
„გიორგი ზურაბაშვილმა ევროკავშირის მხარეს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სახელმწიფო უწყებების მუშაობაზე, საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთებისა და გემების გადაადგილების მონიტორინგისა და სანქცირებული ობიექტების გამოვლენის, ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებული საერთაშორისო აქტივობების გამოაშკარავების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ დაწესებული შემზღუდავი ზომების შესრულების მიმართულებებით. მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული მხარის ძალისხმევის, პროაქტიულად გატარებული ღონისძიებებისა და გამოვლენილი შემთხვევების თაობაზე ინფორმაცია, ანგარიშების სახით, რეგულარულად მიეწოდება საერთაშორისო პარტნიორებს, უპირველესად, კი ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებს“, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გიორგი ზურაბაშვილმა აღნიშნა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს ყულევის ნავსადგურის ევროკავშირის სანქციების სიაში შესაძლო დამატების თაობაზე „ყოვლად გაუგებარი, დაუსაბუთებელი და ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან ყულევის პორტში არ დაფიქსირებულა სანქცირებული გემის მიღების და/ან სანქციების გვერდის ავლის არცერთი შემთხვევა“.
მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან ყულევის ნავსადგურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით რაიმე კითხვა ან შენიშვნა არ მიუღია, იმ ფონზე, როცა წლების განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის შემზღუდავ ზომებთან დაკავშირებით თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა ჩამოყალიბდა, რასაც სანქციებზე ევროკავშირის წარმომადგენლის, დევიდ ოსალივენის, დადებითი შეფასებებიც მოწმობს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა პაველ ჰერჩინსკის თხოვნით გაიმართა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, შეხვედრის მიზანი იყო გრანტების შესახებ კანონსა და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში ახლახან წარდგენილ ცვლილებების პაკეტის შესახებ ევროკავშირის სერიოზული შეშფოთების გამოთქმა.
„პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებების ამ სახით დამტკიცება კიდევ ერთ მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საქართველოში სამოქალაქო სივრცესა და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ზომები შეუთავსებელია საქართველოს მიერ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან და ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებებს, რომლებიც საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ, თავად აიღო. ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილებებმა შეიძლება პირდაპირ და უარყოფითად იმოქმედოს საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიების მუშაობაზე, რაც ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებსა და პრინციპებს“, — ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საელჩოს ცნობით, საქართველოს მხარემ ევროკავშირის სანქციების საკითხი წამოჭრა. ევროკავშირის ელჩის ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკომისიის მიერ 6 თებერვალს შეთავაზებული სანქციების მე-20 პაკეტს ამჟამად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები განიხილავენ და მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოვლენათა განვითარებასთან დაკავშირებით კონტაქტი გაგრძელდება.
საერთაშორისო მედიის ცნობით, სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში ევროკავშირი ყულევის პორტის სანქცირებას განიხილავს.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ეს ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა, თქვა რა, რომ ევროკომისიის კონკრეტულ წინადადებებზე კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან მე-20 პაკეტზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და „ვიდრე ყველაფერი არ არის შეთანხმებული, არაფერია შეთანხმებული“.




