„უნივერსიტეტის მმართველი საბჭოები შეიკრიბა და დღესვე გამოვაქვეყნებთ განცხადებას, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ამ „დეფორმას“ ვერანაირად ვერ შევუერთდებით და ვერ შევურიგდებით. ეს ამ 20 წლის განმავლობაში ჩვენი პროფესორების ენთუზიასტური ენერგიით შექმნილი კვლევა-სწავლების უნიკალური პროგრამებია, რომელსაც ინფრასტრუქტურის და ძალოვანი მინისტრების მიერ შემუშავებულ კონცეფციას ვერ გადავაყოლებთ”, – ეს განცხადება ილიაუნის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ გააკეთა.
დობორჯგინიძე ეწინააღმდეგება “ოცნების” მთავრობის მიერ დღეს გახმოვანებულ გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც სახელმწიფო უნივერსიტეტებს, მათ შორის ილიაუნის, არაერთი ფაკულტეტის ქონა ეკრძალება.
“ჩვენ ამის შესახებ პირველივე დღეს ვთქვით, მოვუწოდებდით გადაწყვეტილების მიმღებებს, რომ მათ შეეჩერებინათ ეს პროცესი და დაეწყოთ ღია, ინკლუზიური პროცესი, რაც მათ არ მოისმინეს. ჩვენ ვაპირებთ ყველა გზებით გავაგრძელოთ ჩვენი სიმართლისთვის ბრძოლა”, – განაცხადა დობორჯგინიძემ ტვ პირველთან.
მისი თქმით, გაუგებარია, რა პრინციპით მიიღო გადაწყვეტილება მთავრობამ, რომ ილიაუნის მხოლოდ პედაგოგიური სპეციალობები უნდა დარჩეს.
„ეს არის სწორედ ყველაზე ალოგიკური, რომ მათ არანაირი კრიტერიუმები არ შეუმუშავებიათ ამისთვის. წარმოიდგინეთ, სამთავრობო კომისიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და პარლამენტმა რომ დაამტკიცა შემდეგ… აი, ამ განმარტებით ბარათში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, სადაც წერია, რომ – ვინ მონაწილეობდა ამ პროცესში, რა ჯგუფები, რომელ ექსპერტებს ჰკითხეთ (ადგილობრივს, საერთაშორისოს), რომელი ინსტიტუტების აზრი მოისმინეს – ყველგან წერია: „ასეთი არ არსებობს“, „ასეთი არ არსებობს“, „ასეთი არ არსებობს“.
კიდევ ვიმეორებ, ეს არ არის ქვეყანა, სადაც გადაწყვეტილება განათლების შესახებ, ჩვენი ქვეყნის მომავლის შესახებ, უნდა მიიღონ ინფრასტრუქტურის და ძალოვანმა მინისტრებმა. ეს ერთხელ მოხდა ამ ქვეყანაში 1926 წელს და ძალიან რთულად დასრულდა მაშინ ყველაფერი და ჩვენ არანაირად არ გვინდა, რომ იმ ნიშნულს დავუბრუნდეთ. ამიტომ მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოება მზად არის, რომ არ დაუბრუნდეს ეს ქვეყანა მაშინდელ ნიშნულს.“
ნინო დობორჯგინიძემ ასევე უპასუხა კითხვას, ხომ არ ფიქრობს, რომ ილიაუნი სხვადასხვა საკითხზე კრიტიკული პოზიციის დაფიქსირების გამო ისჯება.
„არამარტო ეს. კიდევ ვიმეორებ, ილიას უნივერსიტეტი არის ძალიან მრავალფეროვანი საზოგადოება, სადაც ყველანაირი გემოვნების ადამიანი, მათ შორის პოლიტიკური გემოვნების ადამიანები, მეცნიერები მოღვაწეობენ. არცერთ მათგანს არასოდეს, მათ შორის ამ ხელისუფლების წარმომადგენელს, არანაირი, ასე ვთქვათ, დისკომფორტი არ შეჰქმნია მისი პოლიტიკური გემოვნების გამო. ეს არის თავისუფალი სივრცე.
დღეს საქართველოს ხელისუფლება გავიდა საკონსტიტუციო ჩარჩოდან, იმიტომ, რომ მან დაარღვია კონსტიტუციით გარანტირებული [ავტონომიურობის ]უფლება უნივერსიტეტისა, მან აუკრძალა უნივერსიტეტს ფუნქციონირება თავისი ინსტიტუციური ავტონომიის ფარგლებში. მან საერთოდ გააუქმა აკადემიური თავისუფლების ცნება ამ ქვეყანაში, რასაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებთ”, – ამბობს ნინო დობორჯგინიძე.




