ისტორიკოსი, პროფესორი ზურაბ პაპასქირი განათლების დაანონსებულ რეფორმასთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართავს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და სენატის წევრებს, ფაკულტეტების დეკანებს, მიმართულებების ხელმძღვანელებს.
მისი შეფასებით, “დღევანდელი გადაწყვეტილებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამჟამად მოქმედ უკლებლივ ყველა საბაკალავრო პროგრამაზე მიღების შეწყვეტით (გამონაკლისია სახელდახელოდ შეკოწიწებული ე.წ. „ქართულ-აფხაზური ფილოლოგიის“ ახალი, „კომბინირებული“ საბაკალავრო პროგრამა), ფაქტობრივად, დაიწყო დევნილი უნივერსიტეტის ლიკვიდაციის პროცესი”.
“ამგვარი დაჩეხვის „საკომპენსაციოდ“ სოხუმის უნივერსიტეტისათვის სრულიად უცხო – აგრო პროფილის სპეციალობის გადმოტანა (თავისივე აკადემიური და ინფრასტრუქტურული რესურსით) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ამ პროცესს ვერ შეაჩერებს.
ლიკვიდაციის პროცესს ვერც ყოფილი პედაგოგიური ინსტიტუტის ფორმატის (ცალკეულ სპეციალობებში) ე.წ. „სამასწავლებლო“ პროგრამის (რომელმაც ჯერ უნდა გაიაროს პროგრამული აკრედიტაცია, რის გამოც მომავალი /2026-2027/ სასწავლო წლისთვის აბიტურიენტების მიღება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას) ამოქმედება უშველის. მაგრამ ეს კიდევ ყველაფერი არ არის…
გაცილებით საგანგაშო სხვა რამაა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ, თავისი არსით, ლიკვიდატორული გადაწყვეტილების ფონზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფაქტობრივად უნარჩუნდება (და ჩვენ ამას არ შეიძლება არ მივესალმოთ) არსებული იერსახე და რჩება „მრავალფუნქციურ“ უნივერსიტეტად. ანუ, რა გამოდის? აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი სრულად ინარჩუნებს სტატუს-კვოს, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმემკვიდრე (სოხუმში ფუნქციონირებად აფხაზურ უნივერსიტეტთან ერთად) – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეწირება ყბადაღებული „ერთი ქალაქი – ერთი უნივერსიტეტის“ აკვიატებულ „პროექტს“ და მავანნი მას, ფაქტობრივად, დახურვისკენ მიაქანებენ.
ისმის კითხვა – რატომ ასეთი დისკრიმინაციული მიდგომა?! რატომ აცხადებენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს თბილისის ერთ-ერთ რიგით უმაღლეს სასწავლებლად, რომლის გამოც მას არ უნდა ჰქონდეს იმ დარგებში სპეციალისტების მომზადების უფლება, რომლებიც დედა-უნივერსიტეტის პრიორიტეტია? ეს ხომ სულ ცოტა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დღევანდელი გეოგრაფიული მდებარეობით სპეკულირებაა. განა ასე ძნელი გასაგებია, რომ სოხუმის უნივერსიტეტი მხოლოდ იმიტომაა განთავსებული თბილისში, რომ ის მშობლიური კუთხიდან გამოაძევეს და დევნილია. ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ამით ეჭვის ქვეშ დგება სოხუმის, როგორც საქართველოს ქალაქის (და არა თბილისის ნაწილის) იდენტობა. თუ ამ ვაჟბატონებისთვის უკვე არც სოხუმი და არც აფხაზეთია საქართველო?!
მაშინ იქნებ არა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის (რომელიც დიდი ხნის განმავლობაში თვითონ ირჩენდა თავს და სახელმწიფო ბიუჯეტში საკმაოდ სოლიდური თანხა შეჰქონდა), არამედ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური სახელისუფლებო სტრუქტურების (მათი ფუნქციონირება თბილისში ხომ მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობითაა განპირობებული) ლიკვიდაციით დაიწყონ. ან სულაც, კონსტიტუციიდანაც ამოიღონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი სტატუსი და შემდეგ შეუდგნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განულებას”, – ნათქვამია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის წერილში.




