ქუთაისის მერიის ცნობით, გრაფიტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დააზიანეს

ქუთაისის ისტორიულ უბანში, მონპლეზირის თაღთან, არსებული კედლის მხატვრობა დააზიანეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც საქართველოში ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ და ქვეყანა გრაფიტის ვანდალურად დაზიანების შემდეგ დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი განცხადებით, გრაფიტის დაზიანების ფაქტზე შესაბამისმა სამსახურებმა ჩაატარეს მოკვლევა:
„მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ კედლის მხატვრობა დააზიანა უცხო ქვეყნის ორმა მოქალაქემ, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში იმყოფებოდნენ 2023 წლის 20 დეკემბრიდან 2024 წლის 21 იანვრის ჩათვლით. 21 იანვარს, ღამის საათებში, მათ დააზიანეს ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩაზე არსებული გრაფიტი. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველო იმ დღესვე დატოვეს“,- აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
რადიო თავისუფლება ამ დრომდე ელოდება მერიისგან პასუხებს კითხვებზე, რომელმა სამსახურებმა გამოიკვლიეს გრაფიტის დაზიანების ფაქტი, ცნობილია თუ არა ვანდალური ფაქტის ჩამდენთა ვინაობა, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან და განხორციელდება თუ არა მათ მიმართ სანქციები.
გრაფიტის ერთ ნაწილზე უცნობმა პირებმა შავ, მწვანე და ოქროსფერ ფერებში შესრულებული ლათინური ასოები 21 იანვარს გადაახატეს.
ქუთაისის მერიამ ქალაქის ისტორიულ უბანში, მონპლეზირის თაღთან, 7 წლის წინ დახატული გრაფიტის აღდგენის დაპირება გასულ კვირაში მას შემდეგ გასცა, რაც ვანდალური ფაქტის ამსახველი ფოტოები ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა და საზოგადოების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ქუთაისის ერთ-ერთი სავიზიტო ადგილის დაზიანების გამო მოქალაქეებმა აღშფოთება და წუხილი გამოთქვეს და ვანდალური აქტის ჩამდენის გამოვლენა მოითხოვეს.
როგორც მერიაში აცხადებენ, კედლის მხატვრობის ფრანგ ავტორთან, ვინისთან, მიღწეულია შეთანხმება – ის კვლავ ჩამოვა ქუთაისში და “არტფორუმი ქუთაისი 2024-ის” ფარგლებში ნამუშევარს სრულად აღადგენს.
ქუთაისში ე.წ. მონპლეზირის მიმდებარე კედელი თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის, “ქარავან არტფორუმი 2016-ის” ფარგლებში მოიხატა. გოგონას მულტიმედიური პორტრეტის ავტორია ფრანგი მხატვარი ვინი. მხატვარს ქუთაისის გარდა, დიდი და ფერადი გრაფიტები ევროპის არაერთ ქალაქში აქვს შესრულებული.

ასევე დაგაინტერესებთ