საქართველოს ავტოპარკი ახლდება, თუმცა ნელი ტემპით და მის 80 პროცენტს, ჯერ კიდევ 20 წელზე დიდი ასაკის მქონე მანქანები შეადგენს, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა განუცხადა.
დავით მესხიშვილის შეფასებით, იმისთვის რომ ქვეყანაში ავტოპარკის განახლების პროცესი დაჩქარდეს, აუცილებელია კონკრეტული სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმა. მათ შორის, მაგალითად, შიდა წვის ძრავის მქონე ახალ მანქანებზე განბაჟების გადასახადის შემცირება.
რაც შეეხება მწვანე ტრანსპორტს, „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ აქაც არსებობს რესურსი მოსახლეობისთვის სტიმულის მიცემის, რათა მათ ელექტრო ავტომობილები აქტიურად შეიძინონ.
„ავტოპარკის ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს უფრო მეტად ელექტრომობილებით და ამისთვის ის ღონისძიებები, რაც დღეს გვაქვს არ არის საკმარისი. ცხადია, დადებითი მოვლენაა ის, რომ ქვეყანაში ელექტრომობილების განბაჟება უფასოა, ასევე სულ უფრო იზრდება ელექტროდამტენების რიცხვი, თუმცა კარგი იქნებოდა თუ ადამიანებს იმპორტის ნაწილშიც დავეხმარებოდით. შესაძლოა, არსებობდეს შეღავათიანი სესხები, შესაძლოა არსებობდეს გადასახადებზე შეღავათის დაწესება იმ ადამიანების მიმართ, ვინც ძველ ავტომობილს ჩაანაცვლებს ელექტრომობილებით“, – აღნიშნა დავით მესხიშვილმა. მისივე განმარტებით, ელექტრომობილების შეძენის წახალისების კუთხით, ეს პრაქტიკა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში უკვე არსებობს.
ცნობისთვის, საქართველოში ელექტრომობილების რიცხვი წლიდან წლამდე მზარდია. მაგალითისთვის, 2025 წელს ქვეყანაში 135 მილიონ 841 ათასი დოლარის ღირებულების 7 891 ერთეული ელექტროძრავიანი მანქანა შემოვიდა. იმპორტის ღირებულება, დაახლოებით, 33%-ით გაიზარდა. რაც შეეხება რაოდენობას, გასულ წელს საქართველოში 2 666-ით მეტი ელექტრომობილი შემოვიდა, ვიდრე – 2024 წელს.
წყარო: ბიზნესპარტნიორი




