www.mihouse.ge VS მომხმარებელი – რა გადაწყვეტილება მიიღო კონკურენციის სააგენტომ?

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, სამშენებლო მასალების სექტორში, მომხმარებლის სასარგებლოდ, მოვაჭრე www.mihouse.ge-სთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა.
“სააგენტოსა და სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტ – ჰუალინგთან გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრეს დაევალა:
·გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;
·მომხმარებელს ქართულ ენაზე – მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია;
·უზრუნველყოს საქონელზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება;
·მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაცია განათავსოს როგორც ადგილზე, ასევე ოფიციალურ ვებ.გვერდზე www.mihouse.ge
·ჩამოაყალიბოს კანონთან შესაბამისი მკაფიო საგარანტიო პირობები;
·შეიმუშაოს დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობები და მისი მომხმარებლისათვის გაცნობის წესი.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა 2 თვის ვადა – სავაჭრო პოლიტიკის გამოსასწორებლად და მომხმარებელთა, სავარაუდოდ, დარღვეული უფლებების აღსადგენად”, – ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის: მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 578 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 340 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 56 დარღვევის ფაქტი, ხოლო 7 შემთხვევაში არ დადასტურდა. საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 98 შეთანხმება გაფორმდა.