სასამართლო გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების მიმართ ძალადობის სხვადასხვა ეპიზოდთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ძალადობის სხდვასხვა ეპიზოდთან დაკავშირებით დაკავებული სამი არასრულწლოვნის პროცესი მიმდინარეობს.
სხდომაზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
საქმე, ჯგუფური ძალადობის სხვადასხვა ეპიზოდს ეხება.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით თავად, თითქოსდა გოგონების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს და ახდენდნენ მათ გარეთ გამოტყუებას, ითანხმებდნენ მათ წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილას შეხვედრაზე, უსაფრდებოდნენ და მათზე ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ, რაც მსხვერპლის უმოწყალო ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა.
ვინაიდან ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან, სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ა.გ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გ.რ-ს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა. არსებული ცნობებით, საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. დ.ჩ.-ს გამოძიება ახლა ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად. ამასთან, ა.ნ.-ს პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც უფრო მძიმე მუხლია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან 7 წლამდე.