ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელსაც პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და ჯგუფური ძალადობის ოთხ სხვა ეპიზოდსაც ედავება, დუმილის უფლებას იყენებს

მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებული გიორგი რიკაძის ადვოკატის, კახა წერეთლის განცხადებით, გიორგი რიკაძე, რომელსაც პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და ბრალდება ჯგუფური ძალადობის 4 სხვა ეპიზოდზეც წარუდგინა, დუმილის უფლებას იყენებს.
როგორც ადვოკატმა პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარეს საქმის მასალები გუშინ გადაეცა, რომელიც 25 ტომს შეადგენს.
„გუშინ დამატებით 25 ტომი გადმოგვეცა. ამ ეტაპზე, ის მათ შორის ჩვენი რეკომენდაციითაც, დუმილის უფლებას იყენებს. რაც ვნახე ის ვიდეოები, რომ გითხრათ გამოკვეთილია, იქ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მონაწილეობა, მე ასეთი რამ ვერ ვნახე“, – განაცხადა კახა წერეთელმა.
მისი თქმით, საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა.
„ხვალ, ზეგ ვინ არის დაზღვეული, რომ მესამე, მეოთხე და მეხუთე ბრალდება წამოვიდეს. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა, მიმდინარეობს მოწმეთა დაკითხვა. დღეს დაბრუნდა გამოძიება უკან და წაუყენა იმავე ეპიზოდზე ახალი ბრალდება. დღეს ჩვენ მივიღეთ 2 წარმოება, რომელს ვიხილავთ და რას ვაკეთებთ, ცოტა გაუგებარია“,-განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებს, ადვოკატის განმარტებით, მტკიცებულებებზე ვერ ისაუბრებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესის გამო და ასევე იმის გამო, რომ ბრალდების მხარემ გააფრთხილა ინფორმაციის გახმაურებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობაზე.
„მტკიცებულებები არის საქმეში, ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს, შეიძლება მტკიცებულებების მოპოვება, მაგრამ ამ მტკიცებულებების საფუძველზე უკვე სასამართლოში წასულ საქმეს, ბრალდებას ვეღარ დაამძიმებ. კონკრეტულად, მტკიცებულებებზე ვერ ვისაუბრებ ორი მიზეზის გამო-ერთი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესის გამო და მეორე, ბრალდების მხარემ გაგვაფრთხილა ინფორმაციის გახმაურებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობაზე. მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ თავად პროკურატურა ტელევიზიით აქვეყნებს ამ მტკიცებულებებს, თუმცა, ჩვენ ეს უფლება შეგვეზღუდა. რა დასკვნაც არ უნდა იყოს, მოცემულობა არ შეიძლება შეიცვალოს ბრალდების დამძიმების კუთხით. მაშინ, ასეთ შემთხვევაში, ბრალდება ყველა მტკიცებულებას უნდა დალოდებოდა“,- განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, პროკურატურამ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულებს ბრალი დაუმძიმა და მათ ბრალდება ჯგუფური ძალადობის 4 სხვა ეპიზოდზეც წარუდგინა.
როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ერთ-ერთი ძალადობრივი ეპიზოდის ამსახველი ვიდეო გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მობილურ ტელეფონში ინახებოდა. გიორგი რიკაძეს გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და სხვა ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.