ახალგაზრდა პედაგოგის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ძალადობის კიდევ ოთხ ეპიზოდთან დაკავშირებითაც შეუფარდეს „წინასწარი პატიმრობა“. პროკურორი აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.
გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა გამოაცხადა ოთხშაბათს, 11 თებერვალს, საღამოს რვა საათისათვის.
ავალიანის საქმეზე ეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველი სხდომა იყო მას შემდეგ, რაც დაკავებულ არასრულწლოვნებს ბრალი დაუმძიმეს და მათ წინააღმდეგ ახალი საქმე აღძრეს.
· ამასთან, გიგა ავალიანზე ძალადობა ახალი საქმის – რაც ასევე ძალადობას ეხება – ხუთ ეპიზოდს შორის ერთ-ერთია.
· პარალელურად, ავალიანის მკვლელობის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეცაა თბილისის საქალაქო სასამართლოში. მხარეები მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე არიან.
· პროკურატურამ ახალ საქმეში, – სადაც ძალადობის სხვა ეპიზოდებიც ფიგურირებს, – ბრალდებულებს უფრო მძიმე ბრალი 10 თებერვალს წაუყენა, მათ შორის გიგა ავალიანის ეპიზოდზეც.
ახალ საქმეში სამივე ბრალდებულს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა წარუდგინეს დამატებით ბრალად.
ამას გარდა, ბრალი დაუმძიმდა შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მოზარდს, რომელიც ავალიანზე თავდასხმას ტელეფონით იღებდა.
მას ახლა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასაც ედავებიან – ჯგუფურად, – რასაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
დანარჩენი ორი ბრალის შინაარსი დემეტრე ჩიქოვანისთვის და ა.გ-სთვის გიგა ავალიანის ეპიზოდში უცვლელია, გარდა ერთისა – დაემატა ჯგუფურობის კომპონენტი, რაც ასევე დამამძიმებელი გარემოებაა.
ვის რა ედება ბრალად და რა ემუქრება – ვრცლად
საბოლოოდ, ა.გ.-ს – რომელიც ავალიანის საქმეში მთავარი მონაწილეა – ბრალად ედება:
1. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა (გიგა ავალიანის ეპიზოდი);
2. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხი ეპიზოდი).
მას 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
კიდევ ერთ არასრულწლოვან გ.რ.-ს – რომელიც ავალიანზე ძალადობას იღებდა, – ბრალად ედება:
1. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა (გიგა ავალიანის ეპიზოდი);
2. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხი ეპიზოდი).
დემეტრე ჩიქოვანს კი ბრალად ედება:
1. ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა (გიგა ავალიანის ეპიზოდი);
2. ჯგუფური ძალადობის ორგანიზება (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხის ეპიზოდი).
მას ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ბრალდებულთა პოზიცია
დემეტრე ჩიქოვანი და ა.გ. ბრალს არ აღიარებენ. გ.რ კი დუმილის უფლებას იყენებს.
ბრალდებული გ.რ.-ის ადვოკატი კახა წერეთელი ამბობს, რომ დაცვის მხარეს „სრულიად უკანონოდ“ მიაჩნია გიგა ავალიანის საქმის ნაწილში მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალის დამძიმება:
„მსგავს მექანიზმს, – როდესაც საქმე სასამართლოში არსებითად განიხილება, უეცრად იწყება პარალელური წარმოება და თან პარალელურად ხდება იმ საქმის დამძიმება, რომელიც უკვე განიხილება, – ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს“, – განაცხადა მან და ამას „საშიში“ უწოდა.
ამაზე პასუხად პროკურორმა ქეთი სონიძემ მოგვიანებით, სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ორმაგ ბრალდებასა“ და „ორმაგ მსჯავრს“ შორის განსხვავება არსებობს და, მართალია, კანონმდებლობით აკრძალულია ერთსა და იმავე საქმეზე ორმაგი მსჯავრდება, თუმცა არსადაა შეზღუდვა ბრალდებაზე.
მისი თქმით, კონკრეტულად მტკიცებულებებზე ვერ ისაუბრებს ორი მიზეზის გამო: „ერთი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესია, მეორე კი ის, რომ ბრალდების მხარემ გაგვაფრთხილა ინფორმაციის გახმაურებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობაზე“.
„მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ თავად პროკურატურა ტელევიზიით აქვეყნებს ამ მტკიცებულებებს“, – თქვა მან.
„ჩემი შვილი [ახალ] ვიდეოებში არ არის“ – გაბაშვილი
ბრალდებული ა.გ.-ის მამა, ალექსანდრე გაბაშვილი ამბობს, რომ სამშაბათს გაეცნო ახალ ვიდეოებს: „ჩემი შვილი იქ არ ჩანს საერთოდ“.
„ჩვენ რაც გვაჩვენეს ვიდეოები, სახეები არ ჩანს, მაგრამ დაფარული არაა [როგორც პროკურატურის მიერ საჯაროდ გავრცელებულ ვიდეოში იყო დაფარული]“, – თქვა მან.
„რაც ჩანს, იქ ჩემი შვილი არაა და მიკვირს, რატომ ავრცელებს პროკურატურა ასეთ განცხადებებს“, – განაცხადა გაბაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე ერთ-ერთ ახალ ვიდეოსთან დაკავშირებით დაადასტურა: „ლიფტში დანით ნამდვილად ჩემი შვილია“.




