ჩვენ ევროკავშირისგან გვაქვს დამსახურებულად მიღებული კანდიდატის სტატუსი, გვაქვს მშვიდობა, უსაფრთხოება, წინსვლა, განვითარება და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე ორიენტირებული დღის წესრიგი, – აღნიშნული განცხადება მედიასთან “ქართული ოცნების” დეპუტატმა გივი მიქანაძემ გააკეთა.
მიქანაძის ინფორმაციით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით მაქსიმალური აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ძირითადი საკანონმდებლო ცვლილებები საგაზაფხულო სესიის ფარგლებში განხორციელდეს.
როგორც უმრავლესობის დეპუტატმა ამ კონტექსტში განმარტა, იმის გათვალისწინებით, რომ საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ტარდება, სხდომები ოქტომბრის თვეში არ გაიმართება, სექტემბერში კი მხოლოდ ორი სასესიო კვირა იქნება – სწორედ ამიტომ ძირითადი საკანონმდებლო ცვლილებები სწორედ საგაზაფხულო სესიაზე განხორციელდება.
“გასული დღეების განმავლობაში ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მანიპულირებდა და ცდილობდა, ყველა შესაძლებლობა გამოეყენებინა, რათა მმართველი გუნდი დაედანაშაულებინა იმაში, თითქოს და, პროცესი არ მიმდინარეობდა.
პროცესი არ შეჩერებულა როგორც 8 ნოემბრის შემდეგ, როდესაც ევროკომისიამ სტატუსთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია გასცა, ასევე 15 დეკემბრის შემდეგ, როცა ქვეყანას უკვე სტატუსი სამართლიანად და ღირსეულად ჰქონდა მოპოვებული. ეს პროცესი არ შეჩერებულა და არც შეჩერდება – მიზანია საქართველოს მაქსიმალურად სწრაფი წინსვლა ევროკავშირში ადგილის დამკვიდრებისკენ”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა იმართება.
შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრაში საპარლამენტო ოპოზიციიდან არ მონაწილეობს „ლელო“.
შეხვედრას ესწრებიან ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, უფრო კონკრეტულად, არასამთავრობო სექტორიდან შეხვედრაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლები იმყოფებიან.