ვენეციის კომისიის გენერალური მდივანი – ვფიქრობთ, რომ რეფორმებს ისე გლობალურად უნდა შეხედოთ, რამდენადაც შესაძლებელია – ესაა სურვილი, რომელიც მომავალი თვეებისა და საფეხურისთვის გვაქვს

ჩვენი რეკომენდაციები სავალდებულო არ არის, მაგრამ წითელ ხაზებს ვავლებთ, და ეს წითელი ხაზები სავალდებულო სტანდარტებზეა დაფუძნებული. ამის შესახებ ვენეციის კომისიის გენერალურმა მდივანმა სიმონა გრანატა-მენგინმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
“როგორც იცით, ვენეციის კომისია საქართველოსთან ერთად უკვე თითქმის 25 წელია მუშაობს, ქვეყანას მისი განვითარების ბევრ საფეხურზე ვახლდით თან. ბევრი რეკომენდაციაა, რომელიც უკვე გაიცა. ზოგიერთი რეკომენდაცია დეკემბერში გაიცემა, ჩვენს მოსაზრებებს ვამზადებთ. მეტი გაიცემა მომავალში, განსაკუთრებით ევროკავშირის გზასთან დაკავშირებით.
ჩვენი რეკომენდაციები, როგორც იცით, სავალდებულო არ არის, ჩვენ საკონსულტაციო ორგანიზაცია ვართ, მაგრამ ჩვენ წითელ ხაზებს ვავლებთ, როგორც ჩვენმა ვიცე-პრეზიდენტმა თქვა.. და ეს წითელი ხაზები სავალდებულო სტანდარტებზეა დაფუძნებული. ისინი სავალდებულოა არა იმიტომ, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ისინი სავალდებულოა, არამედ იმიტომ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან, ევროპული კონვენციიდან გამომდიანრეობს.
ასე რომ, ჩვენ ამ წითელ ხაზებს ვავლებთ და ეს რეკომენდაციები ახლაც არის, მომავალშიც იქნება და გვჯერა, რომ ამ რეკომენდაციების შესრულება პროცესია. პროცესია, რომელშიც მონაწილეობის მიღება გვსურს, ვფიქრობთ, რომ პროცესის კარგი და აუცილებელი ნაწილი ვართ, და გვჯერა, რომ ეს პროცესი ინკლუზიური უნდა იყოს და იმდენი დრო დაიკავოს, რამდენსაც დაიკავებს. ვიცით, რომ დროის მხრივ შეზღუდვებია, ვფიქრობთ, რომ დრო ხელს უწყობს ხარისხს და ასევე ვფიქრობთ, რომ ამ რეფორმებს ისე გლობალურად უნდა შეხედოთ, რამდენადაც შესაძლებელია.
ასე რომ ესაა სურვილი, რომელიც მომავალი თვეებისთვის და თქვენი პროცედურის მომავალი საფეხურისთვის გვაქვს. აქ იმისთვის ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ვიმუშაოთ, მაგრამ ასევე ქართულ საზოგადოებასთან ერთად. როგორც იცით, ჩვენი მეთოდი ყველასთან საუბარში მდგომარეობს”, – განაცხადა სიმონა გრანატა-მენგინმა.