„ქართული ოცნების“ არაკომპეტენტური და ანტიეროვნული პოლიტიკის შედეგად, საქართველო კარგავს სტრატეგიულ როლს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, – ამის შესახებ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მან ვიცე-პრეზიდენტის ჯეიდი ვენსის სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტი შეაფასა და განაცხადა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს არ განიხილავს სანდო და სტრატეგიულ პარტნიორად რეგიონში.
„სომხეთსა და აზერბაიჯანში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯეიდი ვენსის საქართველოს გვერდის ავლით ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს რეგიონში სანდო და სტრატეგიულ პარტნიორად არ განიხილავს. ჩვენს თვალწინ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს გარეშე ახალი ისტორია იწერება და რუსეთის გავლენებისგან გათავისუფლების, სტრატეგიული მშვიდობის რეალური კონტურები იკვეთება. ჯეიდი ვენსის ვიზიტი ერევანსა და ბაქოში კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „ოცნება“ არა თუ მშვიდობისმყოფელი არაა, არამედ სწორედ მისი ანტიეროვნული პოლიტიკა ქმნის ყველაზე მაღალ რისკებს და საფრთხეებს საქართველოში რეალური, გრძელვადიანი მშვიდობისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. პარადოქსია, როცა ამერიკის ვიცეპრეზიდენტის რეგიონში ვიზიტის პარალელურად, ერთადერთი, რაც „ოცნებამ“ საკუთარი პროპაგანდით შეუძლია ქართველ ხალხს შესთავაზოს, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შემთხვევითი პროტოკოლური ფოტოებია. სიმართლე ერთია და ამ სიმართლეს „ოცნება“ საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენების შექმნით ვერ გადაფარავს – სამხრეთ კავკასიაში ისტორიული მოვლენები საქართველოს გარეშე ვითარდება“, – განაცხადა შარაშიძემ.
მისივე თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართული ოცნების“ თითქოსდა მშვიდობისმყოფელობა მათივე გამოგონილია, რომლისაც პარტნიორებს არ სჯერათ.
„აღარაფერს ვამბობთ ტრამპის ადმინისტრაციისადმი დამოკიდებულებით, რომელსაც „ოცნების“ პროპაგანდისტები ხან „დიფ სთეითად“ და ხან ომების გამჩაღებლად მოიხსენიებენ. ხელისუფლების მიზანმიმართულად ანტიეროვნული და არაკომპეტენტური პოლიტიკით საქართველო კარგავს სტრატეგიულ მნიშვნელობას რეგიონში, სადაც არც ისე შორეულ წარსულში საქართველო ამერიკის საყრდენი იყო. დღეს, როცა „ოცნება“ სრულ იზოლაციაშია და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს მტრებად აცხადებს, ჩვენი მეზობლები გონივრული პოლიტიკით იღებენ იმ ეკონომიკურ სიკეთეებს და უსაფრთხოების გარანტიებს, რაც საქართველოსაც უნდა მიეღო. იმისთვის, რასაც „ოცნება“ დღეს საქართველოს აკარგვინებს, ქართველ ხალხს სისხლი აქვს დაღვრილი, რის გამოც, სრული პასუხისმგებლობა „ოცნებას“ ეკისრება. მიუხედავად ხელისუფლების ამ მოღალატეობრივი მოქმედებისა, ჩვენ ინტენსიურად უნდა ვიმუშაოთ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში დასაბრუნებლად“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი დღეს აზერბაიჯანში ჩავა. ჯეი დი ვენსი ასევე სომხეთშიც იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. გუშინ, აშშ-მა და სომხეთმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, რომელსაც ჯეი დი ვენსმა და ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი.




