საქართველოს პროკურატურა სასიკვდილოდ ნაცემი მასწავლებლის გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა ეპიზოდებში მონაწილეობაშიც სდებს ბრალს.
როგორც, დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ განაცხადა, სულ ძალადობის ხუთ შემთხვევაზეა ბრალი წარდგენილი.
პროკურატურამ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულების – ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მონაწილეობით ჯგუფური ძალადობის დასახელებული ეპიზოდების ამსახველი ვიდეოკადრებიც გამოაქვეყნა.
გიორგი მიქაიას განცხადებით, ერთ-ერთი ძალადობრივი ეპიზოდის ამსახველი ვიდეოკადრები ინახებოდა გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მობილურ ტელეფონშიც.
ვინ რამდენ ეპიზოდში მონაწილეობს:
· გიორგი რიკაძე პროკურატურის მიერ დასახელებულ ხუთივე ეპიზოდში მონაწილეობს
· დიმიტრი ჩოქოვანი ოთხ ეპიზოდში
· ალექსანდრე გაბაშვილი კი ორში
თბილისის პროკურორის განცხადებით, სხვა ეპიზოდებში გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტების გამოვლენა მოხერხდა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ.
პროკურატურის აღწერილი სქემა
“ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ, დემეტრე ჩიქოვანმა და სხვა პირებმა მათთვის მიუღებელი პირების გამოვლენისა და დასჯის მიზნით ჯგუფური ძალადობა დააორგანიზეს, ისინი შეთანხმდნენ სისტემატურად მოეხდინათ ასეთ პირთა შერჩევა, დაემყარებინათ მათთან კომუნიკაცია, მოტყუებით დაეთანხმებინათ ისინი შეხვედრაზე და ფიზიკურად გასწორებოდნენ. გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი, ალექსანდრე გაბაშვილი და სხვა პირები კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით თავად, თითქოსდა გოგონების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს და ახდენდნენ მათ გარეთ გამოტყუებას, ითანხმებდნენ მათ წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილას შეხვედრაზე, უსაფრდებოდნენ და მათზე ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ, რაც მსხვერპლის უმოწყალო ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა”.
მიქაიას თანახმად, ძალადობის კადრებს ისინი თავად იღებდნენ, ინახავდნენ მობილურ ტელეფონებში და ავრცელებდნენ მიზნობრივ ჯგუფებში.
პროკურატურის მიერ ჩამოთვლილი ძალადობის შემთხვევები 2025 წელსაა მომხდარი
· “2025 წლის ზამთარში გიორგი რიკაძემ, ალექსანდრე გაბაშვილმა, დემეტრე ჩიქოვანმა, და სხვა პირებმა იმ მოტივით, რომ თითქოსდა 30 წლამდე მამაკაცი ერთ-ერთი მათგანის ახლობელ გოგონას სოციალური ქსელის მეშვეობით სწერდა, მისი დასჯა და დაშინება გადაწყვიტეს. ამ მიზნით 2025 წლის თებერვალში, ღამის საათებში, გიორგი რიკაძემ, დემეტრე ჩიქოვანმა, ალექსანდრე გაბაშვილმა და სხვა პირებმა დაზარალებული მოტყუებით მიიყვანეს ქ. თბილისში, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონში, მე-20 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე და სხეულის სხვადასხვა არეში ხელ-ფეხის მრავალჯერადი დარტყმით ფიზიკურად გაუსწორდნენ მას, ხოლო ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს.
· “ასევე, 2025 წლის ზაფხულში, ქ. თბილისში, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონში, 21-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გიორგი რიკაძე და ალექსანდრე გაბაშვილი სხვა პირებთან ერთად, სხეულის სხვადასხვა არეში ხელ-ფეხის მრავალჯერადი დარტყმით, ფიზიკურად, უმოწყალოდ გაუსწორდნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს, ხოლო ძალადობის პროცესი, ასევე მობილური ტელეფონით გადაიღეს”.
· “იმავე მიზნითა და მოტივით, 2025 წლის თებერვალში, გიორგი რიკაძე დემეტრე ჩიქოვანთან და სხვა პირებთან ერთად, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში, მათთვის მიუღებელი პიროვნების დასჯისა და დაშინების მიზნით, თავს დაესხნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს, სხეულის სხვადასხვა არეში ხელ-ფეხის მრავალჯერადი დარტყმით ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მას, ხოლო ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს”.
· “2025 წლის სექტემბრის დასაწყისში, დაახლოებით 21:00 საათიდან 22:00 საათამდე დროის შუალედში, ქ.თბილისში, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონში მდებარე ახალ სკვერში დემეტრე ჩიქოვანი და სხვა პირები ფიზიკურად გასწორდნენ იქ მყოფ ახალგაზრდებს. თავს დაესხნენ დაზარალებულებს და სხეულის არეში ხელ-ფეხის მრავალჯერადი დარტყმის შედეგად ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ”.
ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს, რომლებსაც პროკურატურა აქამდე გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) გათავალისიწენებულ დანაშალს ედავებოდა, ბრალი დაუმძიმდათ სხვა ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე – კერძოდ, 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა. ბრალი მისი დამტკიცების შემთხვევაში 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იგივე ბრალი წარედგინა დემეტრე ჩიქოვანს, რომელსაც ბრალდება გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას გულისხმობს.
სამივე ბრალდებული ამჟამად პატიმრობაშია.
გიორგი მიქაიას განცხადებით |სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება და იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება რომელიმე სხვა პირის პასუხისმგებლობის საფუძველი, იქნება ეს დანაშაულის ორგანიზებისა თუ სხვა ნებისმიერი დანაშაულებრივი მიმართულებით, ბრალდების მხარის მიერ მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება ახლად გამოვლენილ დანაშაულებრივ ფაქტებში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით”
28 წლის მასწავლებელი გიგა ავალიანი თბილისში, თემქის დასახლებაში, არასრულწლოვანების ძალადობის შემდეგ გარდაიცვალა; ამ საქმეზე სხვადასხვა მუხლით ოთხი მოზარდი დააკავეს. მათგან ერთს ახალგაზრდა კაცისთვის ისეთი მძიმე დაზიანების მიყენებას ედავებიან, რომელსაც სიკვდილი მოჰყვა.
გიგა ავალიანის ოჯახის მთავარი მოთხოვნაა, რომ პროკურატურამ საქმე ჯგუფური დანაშაულის მუხლით გამოიძიოს და დასაჯოს ყველა, ვინც 28 წლის მასწავლებლის საქმესთანაა დაკავშირებული, მათ შორის ისინიც, ვინც იცოდა და პოლიციას არ შეატყობინა. ეკა კუპატაძეს, მიაჩნია, რომ მოზარდებმა ჯგუფურად დაგეგმეს გიგა ავალიანის მკვლელობა. პროკურატურას ამ საქმეში მკვლელობის მუხლი არ გამოუკვეთია.




