დაცვას მიაჩნია და აქამდეც ასე მიაჩნდა, რომ საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები არ არის, მითუმეტეს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, როგორიც არის პატიმრობა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა, რობერტ გრიგალაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მას რა საქმის მასალებიც გადმოეცა, იქ არის „ირიბ მოწმეთა ჩვენები“.
„რა თქმა უნდა, დაცვის პოზიცია განსხვავდება ბრალდების პოზიციისგან. დაცვას მიაჩნია და აქამდეც ასე მიაჩნდა, რომ საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები არ არის, მითუმეტეს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, როგორიც არის პატიმრობა. უბრალოდ, მნიშვნელოვანია აქ ხაზი გაესვას, რომ პატიმრობა რომელიც შეფარდებული იყო აქამდე, მოხდა ვადის გაგრძელება. მითუმეტეს ხანგრძლივის პატიმრობის გამოყენების საფუძველსაც ადგილი არ აქვს და არ არის მიზანშეწონილი და სწორი. სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის პოზიცია, არ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ გამოძიებაზე ხელის შემშლელი გარემოებები არ არსებობს. თვითონ გრიგოლ ლილუაშვილიც დაინტერესებულია გაირკვეს სიმართლე. მოხდა ვადის გაგრძელება, რა თქმა უნდა, კანონით დადგენილ ვადაში დაცვა გაასაჩივრებს ამას და დაველოდებით ზემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილებას.
გუშინ ჩავიბარე დამატებით ის მასალები, რაც დღემდე აქვს ნაწარმოები გამოძიებას და თამამად შეიძლება ითქვას, რომ არსებობს მოწმეთა ჩვენებები, მაგრამ ყველა ეს მოწმეთა ჩვენება განეკუთვნება ირიბ მოწმეთა ჩვენებათა კატეგორიას“,- განაცხადა რობერტ გრიგალაშვილმა.
ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




