“ერთადერთ ვიდეოში – სკვერის ჩხუბის ვიდეოში არის ჩემი შვილი”- დემეტრე ჩოქოვანის დედა პროკურატურის ბრალდებაზე

ძალადობის შედეგად გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეში ბრალებული დემეტრე ჩიქოვანის დედა სოფო ძნელაძე, ამბობს, რომ მისი შვილი მხოლოდ ერთ ვიდეოში ფიგურირებს.
საუბარია ვიდეოკადრებიდან ერთ-ერთ, რომელიც დღეს 10 თებერვალს გაავრცელა პროკურატურამ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ბრალი დაუმძიმდა გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმის სამ ფიგურანტს, ძალადობის სხვა შემთხვევების ორგანიზებისა და მათში მონაწილეობისთვის.
სოფო ძნელაძესთან დაკავშირება რადიო თავისუფლებამ ჯერჯერობით ვერ შეძლო. “ტვ პირველთან” სატელეფონო საუბარში, ისევე როგორც ფეისბუკზე გამოქვეყნებლი პოსტის კომენტრაში სოფო ძნელაძე ამბობს, რომ მისი შვილი ფიგურირებს მხოლოდ “სკვერის ჩხუბის” ამსახველ ვიდეოში. მისივე თქმით, არ იცის ჩხუბის მიზეზი, თუმცა რაც დაინახა “სკვერში გოგოები, ბიჭები უამრავი ხალხია, [ჩემს შვილს] სახე დაფარული ჰქონდა (მე რაც დავინახე), მაგრამ ჩემი შვილია და ვიცანი”.
“ამ კადრებში რაც პროკურატურამ დღეს გვაჩვენა ერთადერთ ვიდეოში – სკვერის ჩხუბის ვიდეოში არის ჩემი შვილი. ღია სკვერში სადაც არის ჩხუბი, დანარჩენ ჩხუბში სადაც წერია, ერთი ეპიზოდია თუ არ ვცდები, სადაც დემერე ჩიქოვანი წერია, დემეტრე იმ ჩხუბში არ არის. ეს არის აბსურდი. ეს არის ბუნებაში რომ არ არსებობს ისეთი ბრალდება” – ამბობს სოფო ძნელაძე.
პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ თქვა, რომ ერთ-ერთი ძალადობრივი ეპიზოდის ამსახველი ვიდეოკადრები ინახებოდა გიორგი რიკაძისა (გიგა ავალინის და სხვადასახელებული საქმების კიდევ ერთი ფიგურანტის) და დემეტრე ჩიქოვანის მობილურ ტელეფონებშიც.
სოფო ძნელაძის თქმით კი “დემეტრე ჩიქოვანის ტელეფონიდან არავითარი ვიდეო არ არის ამოღებული. ეს არის შურისძიება კონკრეტულად პროკურატის მხრიდან ჩემს ოჯახზე”.
როგორც თავად ამბობს “საქმის მასალებს არ იცნობს” საქმეზე ბრალდებული კიდევ ერთი ფიგურანტის ალექსანდრე გაბაშვილის მამა, შესაბამისად, ამ ეტაპზე “სათქმელი არაფერი აქვს”.
რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, კიდევ ერთი ბრალდბეულის გიორგი რიკაძის დედამ თინა პაპასკირმა.
ძალადობის შედეგად გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე გამოეხმაურა პროკურატურის განცხადებას. მან საგამოძებო უწტებას მადლობა გადაუხადა და იქვე განაცხადა, რომ “სხვას რომ ხმა ამოეღო” მისი შვილი “არ მოკვდებოდა”.
პროკურატურის თანახმად, ავალიანის საქმის ფიგურანტები გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი, ალექსანდრე გაბაშვილი და სხვა პირები “კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით თავად, თითქოსდა გოგონების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს და ახდენდნენ მათ გარეთ გამოტყუებას, ითანხმებდნენ მათ წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილას შეხვედრაზე, უსაფრდებოდნენ და მათზე ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ, რაც მსხვერპლის უმოწყალო ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა”.
პროკურატურა 2025 წელს მომხდარ ოთხ მსგავს ეპიზოდს ასახელებს, რომელთაგან
· ოთხივეში მონაწილეობდა გიორგი რიკაძე;
· ოთხივეში – დემეტრე ჩიქოვანი;
· ორში კი – ალექსანდრე გაბაშვილი
თბილისის პროკურორის, გიორგი მიქაიას განცხადებით, სხვა ეპიზოდებში გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტების გამოვლენა მოხერხდა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ.
პროკურატურამ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულების – ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის – მონაწილეობით ჯგუფური ძალადობის დასახელებული ეპიზოდების ამსახველი ვიდეოკადრებიც გამოაქვეყნა. პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოკადრები კი ხუთ ეპიზოდს აღწერს.
გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტების 4 სხვა ეპიზოდში მონაწილეობასთან დაკავშირებით თუ მოუმართავს მანამდე სამართალდამცავი ორგანოებისთვის რომელიმე დაზარალებულს? – ამ შეკითხვით რადიო თავისუფლებამ პროკურატურას მიმართა.
უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზე დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.
ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს, რომლებსაც პროკურატურა აქამდე გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, ბრალი დაუმძიმდათ სხვა ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე – კერძოდ, 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლავს ძალადობა. ბრალი, მისი დამტკიცების შემთხვევაში, 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იგივე ბრალი წარედგინა დემეტრე ჩიქოვანს, რომელსაც ბრალდება გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას გულისხმობს.
სამივე ბრალდებული ამჟამად პატიმრობაშია.
28 წლის მასწავლებელზე, გიგა ავალიანზე, არასრულწლოვანებმა თბილისში, თემქის დასახლებაში იძალადეს, რის შემდეგაც მან 23 დღეს იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
ამ საქმეზე სხვადასხვა მუხლით ოთხი მოზარდი დააკავეს. მათგან ერთს ახალგაზრდა კაცისთვის ისეთი მძიმე დაზიანების მიყენებას ედავებიან, რომელსაც სიკვდილი მოჰყვა.
გიგა ავალიანის ოჯახის მთავარი მოთხოვნაა, რომ პროკურატურამ საქმე ჯგუფური დანაშაულის მუხლით გამოიძიოს და დასაჯოს ყველა, ვინც 28 წლის მასწავლებლის საქმესთანაა დაკავშირებული, მათ შორის ისინიც, ვინც იცოდა და პოლიციას არ შეატყობინა. ეკა კუპატაძეს მიაჩნია, რომ მოზარდებმა ჯგუფურად დაგეგმეს მისი შვილის, გიგა ავალიანის მკვლელობა. პროკურატურას ამ საქმეში მკვლელობის მუხლი არ გამოუკვეთია.