პარლამენტის ყოფილი წევრი, ეკონომისტი რომან გოცირიძე კოლეგებს მიმართავს:
,,ეკონომისტებო, გამოდით კომფორტის ზონიდან!
ყოველდღე ქართულ ეკონომიკაში რაღაც ხდება. უმეტეს შემთხვევაში არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს ხელისუფლება. სწორ გადაწყვეტილებებს რომც იღებდეს, ვიღაცამ ხომ უნდა აუხსნას ეს საზოგადოებას? ხელისუფლება საკუთარი პროპაგანდისტული მედიასაშულებებით, მოსყიდული ნაყარ-ნუყარა “ექსპერტების” მეშვეობით ელაპარაკება საზოგადოებას. აქვე ვიტყვი, რომ ეს კარგია. ერთი წესიერი ეკონომისტიც კი ვერ დაითანხმეს, რომ მათ პროპაგანდაში ჩაერთოთ.
საქართველოში ორმოცდაათზე მეტი უნივერსიტეტია. ყველგან არის საფინანსო-ეკონომიკურ-ბიზნესპროფილის ფაკულტეტები, ყველგან მუშაობენ პროფესორები( კანონიც ითხოვს) და ბევრად მეტი არაპროფესორები, მაგრამ მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები. ვინმეს სადმე მოგიკრავთ მათთვის თვალი მედიაში ან თუნდაც საჯარო სივრცეში. ასე იყო ყოველთვის ბოლო ოცდათ წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში. მთავარი მიზეზი არის შიში. ეს ხელისუფლების ბრალიცაა, როცა კრიტიკული აზრის გამო შეიძლება ადამიანი გააძევო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, მაგრამ კერძო უნივერსიტეტები ხომ ფორმალურად დამოუკიდებლები არიან? კი, ოღონდ მხოლოდ ქაღალდზე. მათ ბედს მაინც მთავრობა განაგებს ავტორიზაციისა და სხვა ბერკეტების გამოყენებით.
სახელმწიფოს მხრიდან სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში რეპრესიული ჩარევის მიუხედავად, არსებობს პროფესიული ვალდებულების და თუნდაც გამბედაობის ცნება. არა მარტო სტუდენტებში, არამედ ხალხში განათლების შეტანა მათი საზოგადოებრივი მოვალეობაა. ლექცია წავიკითხე და ხელები დამიბანია, არის კონფორმისუტულ ზონაში დარჩენის არგუმენტი.
რა თქმა უნდა, საზოგადოებასთან ურთიერთობის ქონა არ არის აბსოლუტური მორალური ვალდებულება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს არის პროფესიული და ეთიკური პასუხისმგებლობა.
ყველას ვერ მოსთხოვ ტელეეკრანებზე გამოჩენას, ბევრს ფსიქოლოგიურად არც სიამოვნეს ეს, მაგრამ მსგავსი შემთხვევები გამონაკლისია და არა ნორმა.
რა მდგომარეობაა დღეს? იმის გამო, რომ მოვლენის კომპეტენტური შემფასებლები არა ჰყავთ, უამრავი საკითხი გაუშუქებელი რჩება მედიაში. სულ რაღაც 5-6 ეკონომისტი თუ თანამშრომლობს ტელევიზიებთან. არაა ადვილი ეს, მოითხოვს დიდ დროს და ფინანსურ დანაკარგებსაც. მაგალითად, ტვ პირველში რომ მიხვიდე, ერთი საათი იქით უნდა დრო და ერთი ამდენი აქეთ. ადგილზე სულ მცირე ნახევარ საათი მაინც ხომ უნდა დაჰყო. ეს ადამიანები თავისებური ქველმოქმედები არიან, მათ აბსოლუტურ უმრავლესობას არა აქვს პოლიტიკური ამბიცია, არ სჭირდებათ საზოგადოებასთან ურთიერთობა ცნობადობის ამაღლების მიზნით. მე თუ მკითხავთ, თუ პარტიებს ჭკუა აქვთ, ეს ახალი სახეები საპარლანენტო სიაში უნდა ჩასვან. ეკონომისტების სიმრავლით პარტიებიც რომ არ გამოირჩევიან, ეს ცნობილი ამბავია. მედიას ეკონომიკური მოვლენების პოლიტიკური შემფასებლებიც ძალიან აკლია.
აქამდე ეკონომისტთა ნაწილი არასამთავრობო სექტორშიაც იყო დასაქმებული, რაც პროგრესულობისა და გარკვეული ფინანსური დამოუკიდებლობის მაჩვენებელი იყო. ისინი ურთიერთობდნენ მედიასთან. დღეს ფაქტობრივად ეს სფერო განადგურებულია.
ჩემი პატივისცემა ყველა ეკონომისტს( და არაეკონომისტს), რომელიც არ იზარებს საზოგადოების გათვიცნობიერებას, მათ შორის ტელევიზიებისა და სხვა მედიასაშუალებლების მეშვეობით.
რითაც დავიწყე იმით ვამთარებ: ეკონომისტებო, გამოდით კომფორტის ზონიდან.“




