საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე განმარტავს, რომელ პროგრამებს შეეხება „მილევადი რეჟიმი“.
კერძოდ, დავით გურგენიძემ დაასახელა სამი – სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების, სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტები. მისი თქმით, აღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდება და ე.წ. მილევად რეჟიმში იმუშავებს, შემდეგ კი თსუ-ში გადავა.
გურგენიძის განცხადებით, კონკურსის წესით არჩეული პროფესორ-მასწავლებლები საქმიანობას გააგრძელებენ.
„სტუ-ი ყოველთვის იყო დიდი ტექნოლოგიური საინჟინრო სკოლა, როგორც პრემიერმა ბრძანა, მასში იქნება რეფორმისთვის ძალიან დიდი ინვესტიცია, ჩატარდება რეფორმა და ის ჩამოყალიბდა რეგიონში ერთ-ერთ დიდ, მძლავრ ტექნიკურ-ტექნოლოგიურ უმაღლეს დაწესებულებად.
მინდა, ვუთხრა ახალგაზრდებს, ჩვენ უნივერსიტეტში ყოველთვის იყო ჰუმანიტარული კათედრები და საინჟინრო-ტექნოლოგიური უნივერსიტეტს სჭირდება ჰუმანიტარული მიმართულება. ასე რომ, პროფესორები, რომლებიც კონკურსებით არიან არჩეულები, მუშაობას გააგრძელებენ.
ჩვენ გვაქვს სამი ფაკულტეტი, ეს არის: სამართლისა და საერთაშორისო მიმართულების ფაკულტეტი, სოციალურ-მეცნიერების ფაკულტეტი და ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტი. აქ არის სოციალურ-ჰუმანიტარული მიმართულებები, ამაზე იქნება საუბარი, ისინი წავლენ მილევად რეჟიმში“, – განაცხადა რექტორმა.




