აფთიაქების დახურვა და კონკურენციის შემცირება წამლებზე ფასებს ვერ დაწევს – ფარმაცევტთა ასოციაცია(bm.ge)

საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში აფთიაქების რაოდენობის შემცირება სექტორში კონკურენციაზე ნეგატიურად აისახება.
როგორც ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ლევან გოგიბერიძემ BMG-სთან განაცხადა, მოლოდინი, რომ აფთიაქების რაოდენობის შემცირება მედიკამენტებზე ფასებს დასწევს, არასწორია. მისი თქმით, ამ მიმართულებით გარკვეული რეგულაციების ამოქმედება შესაძლოა, კონტრპროდუქტიული იყოს.
„პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ის, რომ როდესაც აფთიაქების რაოდენობაზე ვსაუბრობთ, საქართველოში უკვე მოქმედებს რეფერენტული ფასი. ანუ, სახელმწიფო სამკურნალო საშუალებებზე ადგენს ზღვრულ ფასს, რომლის ზევითაც არცერთ სააფთიაქო ქსელს, იქნება ეს მსხვილი ქსელი თუ ცალკეული, დამოუკიდებელი აფთიაქი, ამ თანხაზე ზევით რეალიზაციის უფლება არ აქვს.
მოგეხსენებათ, ამ დღეებში ხშირად გაჟღერდა, რომ 10-11 ათასი დასახელების მედიკამენტი, რომელიც ახლა ბრუნვაშია საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე, ორი მესამედი უკვე რეფერენტული ფასების ზემოქმედების ქვეშ არის. დარჩენილია დაახლოებით 3000 მედიკამენტი, რომელზეც, როგორც ვიცით, სამინისტროში მიდის მუშაობა და ალბათ ამ წლის განმავლობაში ეს რაოდენობაც დაიფარება რეფერენტული ფასით.
შესაბამისად, აფთიაქების რაოდენობა ერთი იქნება თუ ასი, ის ფასი, რომელიც დადგენილია სახელმწიფოს მიერ, იმ ფასზე მეტად ვერ გაიყიდება ვერანაირად. ანუ, აფთიაქების რაოდენობა ვერანაირად ამ მიმართულებით სამკურნალო საშუალებების ფასზე ზეგავლენას ვერ ახდენს. მე ვიტყოდი პირიქით, აფთიაქების რაოდენობის შემცირება გამოიწვევს კონკურენციის შემცირებას და ეს პირიქით, შეიძლება უარყოფითად აისახოს ფასებთან დამოკიდებულებაში.
სადაც რამდენიმე კონკურენტი კომპანიის აფთიაქია გახსნილი, დავუშვათ ერთ უბანში, ისინი ერთმანეთს კონკურენციას უწევენ ნებისმიერი მიმართულებით – თუნდაც მომსახურების ხარისხით, აფთიაქის შიდა სტანდარტით და ა.შ. მაგრამ ცალსახად იმის თქმა, რომ მოდი, აფთიაქები დავხუროთ და ეს მედიკამენტებს გააიაფებს – მე ასე არ მგონია. პირიქით, კონკურენციის შემცირება ფასების დაწევას ვერანაირად ვერ გამოიწვევს“, – განაცხადა ლევან გოგიბერიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ